მმართველი გუნდის ერთ-ეთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს, რომლის შესასრულებლად ხელისუფლებას რვა საათამდე მისცეს დრო, სერიოზულად არ აღიქვამენ. ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გააცნობიერებს თავისივე მოთხოვნების აბსურდულობას.

"მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოახერხონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ", — განაცხადა კახიანმა პასუხად.

ოპოზიციურმა პარტიებმა აქციაზე მიმართვა გაავრცელეს და მოთხოვნები გააჟღერეს. მათი თქმით, ივანიშვილს რვა საათამდე აძლევენ დროს, რომ ამ საკითხებზე საერთაშორიო პატრნიორებს და ხალხს ელაპარაკოს. მოთხოვნები შემდეგია:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიან არჩევნები;
  2. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

ამ წუთებში პარლამენტის წინ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას მართავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.

არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.