ქართული გუნდი NASA-ს ჰაკათონის გლობალურ ნომინანტებში — რას გულისხმობს მათი პროექტი
ახლახან თბილისში NASA Space Apps Challenge 2020 გაიმართა. ადგილობრივ ჰაკათონში 17 გუნდი მონაწილეობდა — აქედან ორმა კი, Fire Detector-მა და The2Degrees-მა გლობალურ ნახევარფინალში გადასვლა მოახერხა. თუმცა, როგორც ირკვევა, გლობალურ ნომინანტებში კიდევ ერთი ქართული გუნდი — არგონავტიკა გადავიდა. არგონავტიკა ადგილობრივის ნაცვლად, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა, სადაც 150 ქვეყნის 501 გუნდი იყო წარმოდგენილი.
გუნდი Orbital Sky-ის კატეგორიაში ასპარეზობს, რომლის მიზანსაც მოსახლეობაში თანამგზავრების შესახებ ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, არგონავტიკამ გაფართოებული რეალობის თამაში შექმნა, სადაც მოთამაშეს ცაზე არსებული თანამგზავრების აღმოჩენა შეუძლია. თამაშის ფარგლებში, გუნდების შექმნაა შესაძლებელი, ხოლო ის გუნდი, რომელიც ყველა თანამგზავრს პირველი დააფიქსირებს, მომდევნო ხომალდისთვის სახელის შერჩევას შეძლებს.
არგონავტიკის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ჭილაიას თქმით, ნასას ჰაკათონის გარდა, გუნდი სხვა კონკურსებშიც გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის DigiEduHack-ში, რომელიც საერთაშორისო კონკურსია და საქართველოში მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდი სხვა პროექტებზეც მუშაობს: მასწავლებელ ჩეთბოტზე და ვირტუალური რეალობის მოწყობილობაზე, რომლის მიზანიც მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალურად მორგებული სავარჯიშოების გენერირება იქნება.
არგონავტიკის გუნდის წევრები არიან: გიორგი ჭანტურია, გიორგი ჭილაია, გიორგი კვანტრიშვილი, გიგი ბუთბაია, მარიამ როგავა და გური სიჭინავა. როგორც ცნობილია, კონკურსის გლობალური ჟიური ფინალისტებს უახლოეს მომავალში გამოავლენს, რომლებსაც NASA-ში გამგზავრება და პროექტების რეალურად განხორციელება შეეძლებათ. ამ ეტაპზე კი, NASA-მ 2200 გუნდიდან 340 ნახევარფინალისტს შორის, სამი ქართული გუნდი შეარჩია, შესაბამისად, NASA Space Apps Challenge-ის ფინალისტობისთვის უკვე სამი ქართული გუნდი იბრძვის.
ამავე თემაზე:
კომენტარები