ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის ზომის მაწანწალა პლანეტა დაეხეტება
ასტრონომები ეჭვობენ, რომ ირმის ნახტომში, შესაძლოა, მილიარდობით მოხეტიალე, იგივე "მაწანწალა" პლანეტა არსებობდეს, თუმცა მზის სისტემის გარეთ მათ მხოლოდ რამდენიმე ათასი პოტენციური კანდიდატი თუ შეუნიშნავთ.
ამ პოტენციური პლანეტებიდან უმეტესობა უზარმაზარია: მათი მასა იუპიტერის მასაზე დაახლოებით 40-ჯერ მეტია. მაგრამ ამჯერად, ასტრონომების აზრით, მათ განსხვავებული მაწანწალა დააფიქსირეს — პაწაწინა, დაახლოებით, დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც გალაქტიკაში დაეხეტება.
ეს ყველაზე პატარა მაწანწალა პლანეტაა, რომლის აღმოჩენაც ოდესმე დაუდასტურებიათ. კვლევის ავტორების თქმით, ეს, შესაძლოა, პირველი მტკიცებულება იყოს იმის, რომ დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში ძალიან ხშირი მოვლენაა.
ჩვენს გალაქტიკაში არსებული ეგზოპლანეტები ხილულები მხოლოდ საკუთარი მასპინძელი ვარსკვლავების მეშვეობით ხდებიან, რადგან ასტრონომებს მათზე დაკვირვების საშუალებას სწორედ ვარსკვლავებისგან წამოსული სინათლე აძლევთ.
შესაბამისად, მაწანწალა პლანეტების დაფიქსირება ვარსკვლავის სინათლის მეშვეობით ვერ ხერხდება. ამის ნაცვლად ისინი გრავიტაციულ ლინზირებას იყენებენ.
ამ დროს, პლანეტა ან უფრო მასიური ობიექტი, კოსმოსური გამადიდებელი შუშის როლს ასრულებს, რომელიც დედამიწის პერსპექტივიდან, მის უკან მდგარი ობიექტების სინათლეს დროებით ამრუდებს.
საბედნიეროდ, ასტრონომები კვლევის ფარგელბში მილიონობით ვარსკვლავს აკვირდებოდნენ. ხოლო როგორც გამოთვლებმა აჩვენა, აღმოჩენილი პლანეტა არც ერთ ვარსკვლავთან არ იყო დაკავშირებული. რაც მიგვანიშნებს, რომ იგი საკუთარი ვარსკვლავური სისტემიდან უფრო მასიური ობიექტის მიერ იქნა გამოგდებული.
"პლანეტების ჩამოყალიბების თეორიების მიხედვით, მაწანწალა პლანეტების უმეტესობა დედამიწის ზომის ან მასზე პატარა უნდა იყოს. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი მცირე მასის მქონე მაწანწალა პლანეტის დაფიქსირება შევძელით", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ NASA პლანეტებზე მონადირე ახალი ტელესკოპის, Nancy Grace Roman Space Telescope-ის გაშვებას გეგმავს. ასტრონომების თქმით, იგი მაწანწალა პლანეტების დაფიქსირებას უფრო წარმატებულად შეძლებს.
კვლევა ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები