როგორ შევძლებთ თბილისთან საუბარს - Anima Chatbotics-ის პროექტი
სტარტაპმა Anima Chatbotics, 100 000 ლარიანი გრანტის მოპოვების შედეგად, შექმნა უნიკალური ქართული პლატფორმა ჩატბოტებისთვის და მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორისაა ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, სახელწოდებით Talk To City, რომელმაც თბილისის მერიის 17 000 ლარიანი გრანტი მიიღო.
ახალი ჩატბოტი თბილისის ვირტუალურ გაცოცხლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც ნებისმიერი მომხმარებელი ქალაქ თბილისს, როგორც ციფრულ პიროვნებას დაელაპარაკება.
პროექტის იდეა ჯერ კიდე 2 წლის წინ გაჩნდა, თუმცა Anima Chatbotics-ს ამ მიმართულებით გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე საინტერესო ჩატბოტის შექმნის შედეგად კი Anima-ს გუნდი ერთ დასკვნამდე მივიდა, —„ჩვენი ტექნოლოგიით ნებისმიერი რამის ამეტყველებას შევძლებთ“.
ციფრული თბილისის პირველი სადემონსტრაციო ვერსია 2018 წელს შეიქმნა და წარმოდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.
„ციფრული თბილისი იქნება ჩატბოტი, რომელიც ჩაშენდება Facebook-ზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ჩატის საშუალებით მასთან საუბარი. პროექტი ინგლისურენოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისთან ლაპარაკი და მისი ახლოდან გაცნობა შეეძლება ყველა ადამიანს, ვინც სოციალური ქსელით სარგებლობს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. რამდენიმე თემა გვაქვს განსაზღვრული, რაც თბილისმა უნდა იცოდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ინფორმაცია თავად ქალაქის შესახებ, როგორც ისტორიიდან, ისე მიმდინარე სიახლეებიდან. გარდა ამისა, გვინდა შევქმნათ თბილისის პერსონაჟი, რომელსაც აქვს ხასიათი, საუბრის დამახასიათებელი მანერა, საკუთარი გემოვნება და შეხედულებები“, — გვიყვება მარიამი.
ასეთი სახით, როგორც მარიამი აღნიშნავს, უცხოელს, რომელსაც თბილისის უკეთ გაცნობა მოუნდება, აღარ დასჭირდება ინფორმაციის ინტერნეტში ძიება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება „დაუმეგობრდეს“ თბილისს და უკეთ გაიცნოს ის, ზუსტად ისე, როგორც პიროვნება, —„ერთი მხრივ, ჩატბოტი ემეგობრება მომხმარებელს და პირობითად, საყვარელ ფერებზე ელაპარაკება, მეორე მხრივ კი, სასარგებლო ინფორმაციას აწვდის მას, თუ რომელ ქუჩებზე უნდა გაისეირნოს, რომელი მუზეუმები დაათვალიეროს თბილისში და ა.შ.“
პროექტი ამჟამად განხორციელების ეტაპზეა. კომპანიას უკვე აქვს შესწავლილი ინგლისურენოვანი პლატფორმა, რომელზეც შესრულდება ძირითადი სამუშაოები. როგორც მარიამი აღნიშნავს, წინ კომპანიას ბევრი საქმე აქვს, რომელსაც პროგრამისტები და ნარატივდიზაინერები შეასრულებენ.
Anima Chatbotics-ს უკვე ჰყავს რამდენიმე დაინტერესებული პარტნიორი, რომელსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სტარტაპთან თანამშრომლობა სურს.
ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ დროს, როცა თბილისს პერსონაჟის სახით გავიცნობთ და უფრო მეტს ვესაუბრებით, ვიდრე აქამდე.
კომენტარები