ტიტანზე უცნაური მოლეკულა იპოვეს, რომელიც აქამდე არც ერთი პლანეტის ატმოსფეროში უნახავთ
ტიტანი სატურნის ისედაც უცნაური მთვარეა, თუმცა ახალი მიგნების შედეგად ის კიდევ უფრო უცნაური გახდა. მის ატმოსფეროში ციკლოპროპენილიდენის (C3H2) უიშვიათესი მოლეკულა იპოვეს, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში არსებობს.
მეტიც, ეს იმდენად იშვიათი ორგანული ნაერთია, რომ ის მზის სისტემის არც ერთ პლანეტაზე არ მოიპოვება, თუმცა, ზემოხსენებული ნაერთი შესაძლოა უფრო კომპლექსური ორგანული მოლეკულების საშენი მასალა აღმოჩნდეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტიტანი ლაბორატორიასავითაა, სადაც ადრეულ დედამიწაზე მიმდინარე პროცესების ანალოგს ვხედავთ", — ამბობს ასტრობიოლოგი მელისა ტრეინერი.
ციკლოპროპენილიდენს NASA-ს მკვლევრები "უცნაურ პატარა მოლეკულად" აღწერენ, რომელიც ატმოსფეროში დიდ ხანს ვერ ჩერდება, რადგან ის სხვა მოლეკულებთან ქიმიურ რეაქციაში ძალიან მალე შედის.
ციკლოპროპენილიდენის თავისუფალ ფორმაში ნახვა, ძირითადად, კოსმოსში შეიძლება, სადაც ძალიან დაბალი ტემპერატურაა და მოლეკულები დიდად არ ურთიერთქმედებენ. ტიტანი ღია კოსმოსისგან განსხვავებულია. ის სავსეა ნახშირწყალბადის ტბებით და ღრუბლებით. ამას გარდა მის ატმოსფეროში ყველაზე გავრცელებული ელემენტი აზოტია. ტიტანის ატმოსფერო დედამიწისაზე ოთხჯერ სქელია, თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ტიტანის ზედაპირს მიღმა მარილიანი წყლის ოკეანე არსებობს.
ციკლოპროპენილიდენი ატმოსფეროს ზედა შრეებში შენიშნეს, თუმცა, არავინ იცის რატომ მოიპოვება ის მხოლოდ ტიტანზე.
ეს მოლეკულა საიტნერესო იმიტომაა, რომ ის არომატული ნახშირწყალბადია და შესაძლოა სიცოცხლის საფუძველი გახდეს. დედამიწაზე ანალოგიური ფორმის აზოტოვანი ფუძეები (პურინები და პირამიდინები) დნმ-ის და რნმ-ის საფუძველია.
ტიტანი სავსეა ორგანული ქიმიური აქტივობებით. აზოტი და მეთანი მზის სინათლის დახმარებით იშლება და ქიმიური რეაქციების კასკადს იწვევს. მეცნიერები ცდილობენ გაიგონ შეიძლება თუ არა, რომ მსგავს რეაქციებს ტიტანზე სიცოცხლისთვის დაედო საფუძველი. იმის გარკვევა თუ რა ორგანული ნაერთები და მოლეკულები იმალება ტიტანის ატმოსფეროში, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები