BitCamp, ანუ პროგრამირების შესწავლა უფასოდ, ნებისმიერი მსურველისთვის
თანამედროვე სამყაროში პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ანაზღაურებად პროფესიად იქცა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მუდმივად ვითარდება და ფართოვდება, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში პროგრამისტების დეფიციტია და ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.
რამდენიმე თვის წინ, საქართველოში სამენტორო პროექტი BitCamp დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პროგრამირების შესწავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა შესაძლებელი. პროექტის მცირეხნიანი მიმდინარეობის მიუხედავად, იგი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. BitCamp-ის დამფუძნებლები ოთო ზაკალაშვილი და ჰერმან საბო არიან. პროექტის შესახებ მეტის გასაგებად კი ოთო ზაკალაშვილს ვესაუბრეთ.
ოთო ზაკალიშვილის თქმით, მსგავსი პროექტის შექმნის მიზეზი ადამიანებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ძალიან მოკლე დროში, ნულიდან პროგრამირების სწავლა და შემდეგ დასაქმება სავსებით შესაძლებელია. ხოლო BitCamp-ის მიზანს საქართველოში კონკურენტუნარიანი პროგრამისტების რაოდენობის ზრდა და შესაბამისად, ამ სფეროს განვითარება წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, ამჟამად, მხოლოდ პროგრამირების ენა JavaScript-ის სწავლაა შესაძლებელი. კურსი ოთხ ეტაპადაა დაყოფილი, თითოეული ეტაპი განსხვავებულ სასწავლო მასალას მოიცავს და სირთულის მიხედვითაა დალაგებული, ისე, რომ მსურველმა ნულიდან, ყველანაირი გამოცდილების გარეშე შეძლოს სწავლის დაწყება. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო მასალებს, ისინი მაღალი ხარისხის მიხედვითაა შერჩეული.
როგორც აღვნიშნეთ, კურსი ოთხი ეტაპისგან შედგება, თუმცა როგორც ოთომ განმარტა, იმისთვის, რომ მან სტუდენტებს რეკომენდაცია გაუწიოს და მათ დასაქმებაში დაეხმაროს, ოთხივე ეტაპის ბოლომდე გავლა აუცილებელი არც არის, რადგან მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, სტუდენტი უკვე იმდენ ცოდნას ფლობს, რომ დასაქმებაზე ფიქრი თავისუფლად შეიძლება. ამ ეტაპზე BitCamp-ის სტუდენტები, რომლებმაც კურსი გაიარეს, ისეთ კომპანიებში გადიან სტაჟირებებს, როგორიცაა მაგალითად Omedia. სტუდენტების მეორე ნაკადის დასაქმების პროცესი კი ამჟამად მიმდინარეობს და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამ პროცესში აღნიშნული ორი კომპანიის გარდა, სხვებიც ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ BitCamp-ის მსგავსი პროგრამა საქართველოში არ არსებობს და იგი ერთგვარ პრეცედენტს წარმოადგენს. სხვა არსებული სასწავლო კურსების გავლის დროს, უმეტესწილად, ლექტორზე/მენტორზე ხარ დამოკიდებული, BitCamp-ის შემთხვევაში კი საკუთარ თავზე დამოუკიდბელად მუშაობ, რაც ამ სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი თვისებების განვითარებაში გეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რამე გაუგებრობის შემთხვევაშიც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. Facebook-ზე არსებული ჯგუფის მეშვეობით როგორც ოთო, ასევე სხვა უამრავი გამოცდილი დეველოპერი თუ სტუდენტი აუცილებლად დაგეხმარება.
"BitCamp-ის მთავარი ღირებულება ისაა, რომ იგი დამოუკიდებლად განვითარებაზეა დაფუძნებული. იგი იმ ადამიანების ფილტრია, ვისაც საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლია", — ამბობს ოთო ზაკალაშვილი.
BitCamp-ის ჯგუფის წევრებისა და პროგრამის გავლის მსურველების რაოდენობა, დროთა განმავლობაში, მუდმივად იზრდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მომავალში BitCamp-ში სხვა პროგრამული ენების სწავლაც გახდეს შესაძლებელი, მაგალითად Python-ის ან PHP-ის. ასევე, როგორც ოთომ აღნიშნა, შესაძლოა, პროგრამის ფარგლებში რეგიონებში ჩასვლა და ადგილობრივებთან შეხვედრებიც მოეწყოს. ამ უკანასკნელის მიზანი კი ახალგაზრდების პროგრამირებით დაინტერესება იქნება.
კომენტარები