NASA-ს ხომალდი - OSIRIS-Rex დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდის გარშემო, დაახლოებით, 2 წელია, რაც ბრუნავს. ახლა ის მზადაა, სპეციალური რობოკიდურით ასტეროიდიდან მასალები შეაგროვოს. ეს დღეს, 20 ოქტომბერს, თბილისის დროით კი უკვე 21 ოქტომბერს, 01:00-ზე მოხდება. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნებას კი პირდაპირ ეთერში შევძლებთ.

ფურგონის ზომის ხომალდი - OSIRIS-Rex, 2 კილოგრამამდე მასალას ასტეროიდის Nightingale რეგიონიდან შეაგროვებს. ასტეროიდი ბენუ კი 101 000 კმ/სთ სიჩქარით ბრუნავს მზის გარშემო.

"ასტეროიდიდან შეგროვებული მასალის დედამიწაზე ჩამოტანა NASA-სთვის ისტორიული მოვლენაა და ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია", — ამბობს NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი - თომას ზურბუქენი.

დედამიწისგან 322 მილიონი კილომეტრით დაშორებული ასტეროიდი ბენუ ზომაში Empire State-ის შენობისხელაა. აღსანიშნავია, რომ ის გრავიტაციით შეკავშირებული ქვების გროვა უფროა, ვიდრე ერთი სრულყოფილი სხეული.

NASA-ს ეს მისია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ხომალდი, ბოლო წლებია, ასტეროიდ ბენუს ფოტოებს უღებს, შემდეგ კი დედამიწაზე აგზავნის, სადაც მეცნიერები ასტეროიდის შემადგენლობასა და ფორმას სწავლობენ.

ბენუდან შეგროვებული მასალების ანალიზი მეცნიერებს პლანეტების ფორმირებისა თუ ასტეროიდების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ბენუს დახმარებით ისინი სიცოცხლის საწყისებზეც მეტს გაიგებენ.

OSIRIS-Rex-ის კამერით დანახული ასტეროიდი ბენუ

OSIRIS-Rex-ის კამერით დანახული ასტეროიდი ბენუ

ფოტო: NASA

ასტეროიდისა და ხომალდის შეხება რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება. ამ პროცესს მეცნიერები მსუბუქი შფოთვის 4,5 საათს უწოდებენ. პროცესის მართვა რთულია, რადგან 322 მილიონი კილომეტრით დაშორებული ასტეროიდიდან წამოსული ინფორმაცია დედამიწაზე 18,5 წუთის დაგვიანებით აღწევს. შესაბამისად, ხომალდი მასალებს ავტომატურ რეჟიმში შეაგროვებს.

უშუალოდ, ასტეროიდთან შეხება მხოლოდ 16 წამი გაგრძელდება. ამისათვის OSIRIS-Rex ასტეროიდს აზოტის დაპრესილ ბოთლს ესვრის, რომელიც გაზს გამოათავისუფლებს და ბენუს ზედაპირიდან მასალებს დაძრავს. ამ პროცესს ხომალდზე დამაგრებული კამერა გადაიღებს.

OSIRIS-Rex-ის მომზადების პროცესი

OSIRIS-Rex-ის მომზადების პროცესი

ფოტო: NASA

OSIRIS-REx სპეციალური სენსორებით არის აღჭურვილი, რომელიც შეფერხების დაფიქსირებას შეძლებს. თუ ხომალდს რამე ხელს შეუშლის, ის მისიას გადადებს. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ მისიის შეწყვეტის ალბათობა ძალიან დაბალია.

NASA მალევე გაიგებს წარმატებით ჩაიარა თუ არა მისიამ. 30 ოქტომბერს კი შეგროვებული მასალების რაოდენობის შესახებ გახდება ცნობილი. თუ ხომალდი არასაკმარის მასალას შეაგროვებს, ის ასტეროიდის გარშემო ბრუნვას გააგრძელებს და ნიმუშების მოპოვებას იანვრისთვის, ბენუს სხვა რეგიონში ცდის.

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ხომალდი, შეგროვებულ მასალასთან ერთად, დედამიწაზე 2023 წლის სექტემბერში დაბრუნდება.