სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ეკონომიკაში საბანკო სექტორმა 229 მლნ ლარის ქონება გადაიფორმა. ქვეყნის ეკონომიკური მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ვაშაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვსთვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე და გამოყოფილი 5 მლრდ-დან მოხდეს იმათი სესხის პროცენტის სუბსიდირება, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი და ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესს, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა.

"უმძიმესი ვითარება არის ქართულ ეკონომიკაში, 229 მლნ ლარის ქონება საბანკო სექტორმა გადაიფორმა საკუთარ თავზე კერძო მფლობელებისგან. 50 მლნ-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს და ეს მოიცავს იმ პერიოდს, როცა სესხების გადახდა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, სამი თვის შემდგომ 6 თვის მანძილზე ეს ყველაფერი გაჩერებული იყო. დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობა არის და ამიტომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე, სანამ კორონას კრიზისს არ გადალახავს ქვეყანა, მანამდე არ უნდა ხდებოდეს ქონების გადაფორმება და მეორე-სესხის პროცენტის სუბსიდირება გამოყოფილი 5 მლრდ-დან, ყველამ ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უმძიმესი ვითარება, უბრალოდ ხალხი რჩება ქუჩაში, ამ ხალხს შველა უნდა და სად უნდა განვასახლოთ ეს ხალხი. ტოტალურად, მასიურად ხდება ამ ხალხი ქონებების გადაფორმება ბანკების, მიკროსაფინანსოების მხრიდან. 229 მილიონი ეს მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის ციფრია, გაცილებით დიდი ციფრია მიკროსაფინანსოების მიმართულებით", — ამბობს გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ქართულ ოცნებას მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდებს:

"ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პირველ რიგში ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს თავი გაანძრიეთ — ნუ ხართ მონოპოლისტ ბანკთან ინტერესების დამცველები, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაიცვათ ხალხის ინტერესები, შეაჩერეთ გადაფორმების პროცესი, გამოაცხადეთ ექვსთვიანი მორატორიუმი, დავასუბსიდიროთ გამოყოფილი 5 მილიარდიდან სესხის პროცენტი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სესხის პროცენტს ვერ იხდის და ჩამოვაწეროთ სესხის პროცენტი პენსიონერებს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ის ძალიან მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია, რომ ხალხი შიმშილთან ერთად ქუჩაშიც არ დარჩეს. 5 მილიარდიდან ფული მოიძებნა გახარიას და ქართული ოცნების მეგობრებისთვის, კაპიკი არ მოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. ეს უსამართლობაა, რადგან ეს 5 მილიარდი ამერიკამ და ევროპამ ხალხს მოგვცა იმისთვის, რომ ყველამ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ფულის მკეთებელ ქართული ოცნების მეგობრებმა ეს ყველაფერი გამოიყენონ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.