არეული მენსტრუაცია ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება — რატომაა ეს მნიშვნელოვანი
ადამიანის მენსტრუაციული ციკლის ხარისხი და ხანგრძლივობა მის ზოგად ჯანმრთელობაზე შესაძლოა ბევრს მეტყველებდეს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ექიმებმა მენსტრუაციაზე დაკვირვება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ.
24-წლიანი კვლევის შედეგები, რომელშიც 80 000 ამერიკელი ექთანი მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.
კვლევის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო, ადამიანებში, რომლებსაც არარეგულარული და ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლები აქვთ, 70 წლამდე გარდაცვალების უფრო მაღალი ალბათობაა.
მეცნიერები ამბობენ, რომ არეული ციკლი გულსისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოს მაღალ რისკსაც უკავშირდება. ცხადია, ეს მხოლოდ კორელაციური დასკვნაა და ყველა ქალმა, რომელსაც არარეგულარული მენსტრუაცია აქვს, არ უნდა ინერვიულოს. რაიმეს დანამდვილებით დასადგენად კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.
მენსტრუაციას სუნთქვასთან, ტემპერატურასთან, პულსთან და სისხლის წნევასთან ერთად, ხანდახან "მეხუთე სასიცოცხლო ნიშანსაც" ეძახიან. არეული ციკლი კი სქესობრივ აშლილობებს და რეპროდუქციულ დაავადებებსაც უკავშირდება.
აუცილებელი არაა, რომ ამ პრობლემებს არარეგულარული მენსტრუაცია იწვევდეს. მეტად სავარაუდოა, რომ ის რაც, არარეგულარულ და ხანგრძლივ ციკლს განაპირობებს, ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზეც აისახება.
როდესაც პაციენტები ექიმთან გამოკვლევაზე მიდიან დაზღვევის ფარგლებში, ექიმები ნაკლებად ინტერესდებიან მენსტრუალური ციკლით, მაშინაც კი, როცა პაციენტის გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას აფასებენ. არადა არეული მენსტრუაცია შესაძლოა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყოს.
ზემოხსენებული კორელაციის გამოკვლევა არც ისე მარტივია, რადგან ადამიანების მენსტრუაციაზე სანდო მონაცემების მოპოვება რთულია. მენსტრუაციის შესახებ ექიმები და მეცნიერები ძირითადად პაციენტის შეგროვებული ინფორმაციიდან იგებენ.
ეს შეზღუდვა ამ 24 წლიან კვლევასაც აქვს. თუმცა, მონაწილეთა რაოდენობის და კვლევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შეგროვებული მონაცემები შთამბეჭდავია. ამ კვლევაში 25-42 წლის ექთნები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მკვლევრები კითხვარს ორ წელში ერთხელ უგზავნიდნენ და მათ დიეტაზე, სამედიცინო ისტორიაზე და ცხოვრების სტილზე მონაცემებს აგროვებდნენ.
კვლევაში მონაწილე ექთნებს კითხვები ბავშვობის, თინეიჯერობის და ახალგაზრდობის მენსტრუალურ ციკლებზე დაუსვეს. შეგროვებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ზრდასრულობის არეული მენსტრუაცია ნაადრევ სიკვდილიანობას უფრო მეტად უკავშირდება.
ანუ, თინეიჯერობისას არეული მენსტრუალური ციკლი სიკვდილიანობაზე ნაკლებად აისახება. ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ კვლევაში მონაწილე ექთნებს ადრეული მენსტრუაცია ნაკლებად ახსოვთ.
შედარებით უფროს ადამიანებში, 40 დღეზე ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლი ნაადრევ სიკვდილს უფრო მეტად უკავშირდება, ვიდრე 26-31 დღიანი ციკლი. არარეგულარული მენსტრუაცია ასევე ხშირად შეინიშნებოდა ადამიანებში, რომლებიც მწეველები არიან, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიგარეტის მოწევა სისხლის მიმოქცევას ზიანს აყენებს.
კვლევის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ ის ძირითადად თეთრკანიან და ერთი კონკრეტული პროფესიის ქალებზე ჩატარდა. ექთნობა სტრესული საქმიანობაა და ხშირად უკავშირდება არეულ ძილს და არაჯანსაღ ცხოვრების სტილს.
მკვლევრები ამბობენ, რომ არარეგულარული მენსტრუაცია სიმპტომია და არა დიაგნოზი. კვლევა ადასტურებს მოსაზრებას, რომ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა და რეგულარულობა ზოგადი ჯანმრთელობის ინდიკატორი შეიძლება იყოს. ამიტომ სასურველია, რომ ექიმები ქალი პაციენტების შეფასებისას, მენსტრუაციითაც დაინტერედნენ.
კომენტარები