On.ge ქართულ საინფორმაციო საიტებს შორის დეზინფორმაციის ყველაზე დაბალი რისკის მქონედ დასახელდა
გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის (GDI) მიხედვით, On.ge ქართულ საინფორმაციო ვებსაიტებს შორის დეზინფორმაციის ყველაზე დაბალი რისკის მქონედ დასახელდა. GDI-სა და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში მედია საიტების ნახევარზე მეტი დეზინფორმაციის მაღალი რისკის მატარებელია.
დეზინფორმაციის გლობალური ინდექსი ბრიტანული არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს სამი პრინციპით: ნეიტრალობა, დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა. ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭო დეზინფორმაციის, ინდექსების და ტექნოლოგიის სფეროების საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება. საინფორმაციო საიტის სტრუქტურის, კონტენტის (ანუ გამოქვეყნებული მასალების), ოპერირების და კონტექსტის ინდიკატორების გაანალიზების მეშვეობით, GDI ონლაინ მომხმარებლის დეზინფორმირების რისკის რეიტინგს საიტის დონეზე ადგენს.
ანგარიშში წარმოდგენილია იმ 24 საიტის შედეგი, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად სტუმრობენ.
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული საიტი sputnik-georgia.com კვლევაში იმიტომ მოხვდა, რომ მას შედარებით დიდი მოცვა აქვს სხვა, მომცრო პროკრემლისტურ საიტებთან შედარებით, რომლებიც საქართველოს მედია ლანდშაფტში ხელმისაწვდომია, თუმცა ამ მედიის მიმართ ნდობა დაბალია. ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობამ ძალიან ნეგატიური მოსაზრება გამოხატა სპუტნიკ-საქართველოს შესახებ, მისი სტატიები კი შეაფასა, როგორც უაღრესად არაზუსტი, რადგან საიტი დეზინფორმაციულ კამპანიებშია ჩართული და ქლიქბაიტ სათაურებს იყენებს. კონტენტის თვალსაზრისით, სპუტნიკ-საქართველო იმ საიტებს შორის მოხვდა, რომელთა მიერ დეზინფორმაციის გავრცელების რისკი მაქსიმალური მაჩვენებლით შეფასდა.
დაკვირვების შედეგები
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შეფასების ჩარჩოს თითოეული ინდიკატორი — კონტენტი, ოპერირება და კონტექსტი — 0-დან 100-მდე ქულით ფასდება. ამიტომ, ინდექსის შედეგი საიტის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების რისკის დონეს ასახავს და არა საიტის სანდოობას ან ჟურნალისტურ ხარისხს. ყველა ეს მიგნება გამომდინარეობს 2020 წლის თებერვალ-ივნისში ჩატარებული კვლევიდან. ბაზრის ანალიზი ეფუძნება დეზინფორმაციის 15 ნიშანს, რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ქართული ვებსაიტების შესწავლისა და დამოუკიდებელი კვლევის გზით გამოვლინდა, რომელიც აღქმებს ეხებოდა.
კვლევა რამდენიმე ფაქტორი გამოავლინა:
- საქართველოში ზოგიერთი მეინსტრიმული და ადგილობრივი საინფორმაციო საიტი დეზინფორმირების მაღალი რისკის მატარებელია;
• არც ერთი საიტი არ შეფასებულა დეზინფორმირების მინიმალური რისკის
მქონე საიტად. შესწავლილი 24 საიტიდან მხოლოდ ერთი შეფასდა დეზინფორმირების დაბალი რისკის მქონედ: www.On.ge;
• შერჩეული საიტების უმეტესობა საშუალო და მაღალი რისკის კატეგორიებში ხვდება. მათი ორ-მესამედზე მეტი ამ ორიდან ერთ-ერთი რისკის მატარებელია.
• იმ ექვსმა ვებსაიტმა, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელების რისკის უმაღლესი ქულა მიენიჭა და რომელიც მაქსიმალური რისკის მქონედ შეფასდა, ინფორმაციის სიზუსტის თვალსაზრისითაც ცუდი შედეგები აჩვენა. კვლევისთვის შერჩეული ქართულენოვანი მედია საიტებიდან ყოველი მეოთხე საიტი დეზინფორმირების მაქსიმალური რისკის შემცველია.
კვლევის მიხედვით, შესწავლილი საიტების უმრავლესობამ შედარებით კარგი შედეგები აჩვენა კონტენტთან (გამოქვეყნებულ მასალასთან) დაკავშირებული ინდიკატორების მიხედვით, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელების გარკვეულ რისკს ყველა საიტი შეიცავს:
- შერჩეული სტატიების გაანალიზებამ გვიჩვენა, რომ საიტების უმეტესობის მიერ გამოყენებული სათაურები შედარებით კარგად ასახავს ამბის ძირითად არსს, ხოლო თხრობა მიუკერძოებელია. შესწავლილ 24 საიტში, ორივე ამ ინდიკატორის მიხედვით. ხუთიდან სამმა 80 და უფრო მაღალი ქულა მიიღო;
- თუმცა, მაქსიმალური რისკის მქონე ექვსივე საიტმა კონტენტის კატეგორიაში ცუდი შედეგები აჩვენა. ისინი ინდივიდებისა და/ან ჯგუფების წინააღმდეგ უარყოფითი მასალების გამოქვეყნებით იყვნენ გამორჩეულები. ასეთი მასალების მთავარ სამიზნეებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სხვა მედია საიტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ლგბტქ თემი წარმოადგენდნენ.
ორგანიზაციების განცხადებით, ქართული საიტების დეზინფორმირების რისკი ყველაზე მეტად საოპერაციო კონტროლის და დაბალანსების მექანიზმების არარსებობას უკავშირდება:
- საიტების უმეტესობა არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას მათი დაფინანსების წყაროების, სარედაქციო დამოუკიდებლობის და მფლობელების შესახებ;
- ქართული საინფორმაციო საიტების უმეტესობას ასევე არა აქვს მკაფიოდ გაწერილი ქცევის კოდექსი კომენტარის სექციასთან დაკავშირებით. მხოლოდ სამ საიტს აქვს გარკვეული რეგულაციები.
კვლევაში განმარტებულია, რომ საიტების უმეტესობას, რომლებიც ახლა საშუალო რისკის კატეგორიაში მოხვდა, შეუძლია დაბალი რისკის კატეგორიაში გადაინაცვლოს, თუ საოპერაციო პროცედურებს გააუმჯობესებს. დეზინფორმირების საფრთხე უკავშირდება საოპერაციო და სარედაქციო კეთილსინდისიერებას, ასევე, საიტების სანდოობას. ამავე დროს, იმავე საიტების მხრიდან დეზინფორმირების რისკი შედარებით დაბალია, როდესაც საქმე ამბის გადმოცემას იმ სტატიებში ეხება, რომლებიც შეისწავლეს.
მათი განცხადებით, იკვეთება პოზიტიური ტენდენციებიც:
- შესწავლილი ქართული მედია საიტების 60% შედარებით მიუკერძოებელ და არასენსაციურ კონტენტს ქმნის, ისინი თავს არ ესხმიან რომელიმე ჯგუფს ან ინდივიდს;
- ინფორმირებული ონლაინ მომხმარებლის აზრით, საქართველოში მედია საიტების 20% სანდო ახალ ამბებს აქვეყნებს;
- 5-დან 2 რესპონდენტი თვილის, რომ საქართველოში მედია საიტები კარგად ართმევენ თავს დაშვებული შეცდომების შესწორებას.
კონტენტის კომპონენტი
ეს კომპონენტი ფოკუსირებულია საიტის კონტენტის სანდოობაზე. მისი ანალიზი ეფუძნება თითოეული საიტის ანონიმურად შერჩეული 10 სტატიის შეფასებას. ეს სტატიები შეირჩა იმ მასალებიდან, რომლებიც ყველაზე ხშირად იქნა გაზიარებული მონაცემთა შეკრების პერიოდში.
საერთო ჯამში, კონტენტის სანდოობის თვალსაზრისით დეზინფორმირების რისკი საკვლევად შერჩეულ 24-ვე საიტზე შედარებით მცირე იყო. საიტების ორმა მესამედმა ამ კატეგორიაში გამსვლელი 70 და უფრო მაღალი ქულა მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საიტის კონტენტიდან დეზინფორმირების საფრთხე შედარებით მცირეა. რაც უფრო მაღალია საიტის ქულა კონტენტის კომპონენტში, მით უფრო დაბალია თითოეული საიტის მიერ დეზინფორმირების პოტენციური რისკი (და პირიქით). ამ კომპონენტში On.ge-ს 82 ქულა აქვს.
ოპერირების კომპონენტი
ეს კომპონენტი საინფორმაციო საიტის საოპერაციო და სარედაქციო კეთილსინდისიერებას აფასებს და ის ადგილობრივმა რეცენზენტებმა საიტზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით შეაფასეს. GDI-ს განმარტებით, ოპერირების ინდიკატორები ყველაზე სწრაფი საშუალებაა დეზინფორმაციის რისკის რეიტინგის შესამცირებლად, რადგან ისინი ისეთ რეგულაციებს მოიცავს, რომლებიც საიტებს შეუძლიათ სწრაფად შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ. თუმცა, მათი თქმით, შეფასებული საიტების უმრავლესობას საოპერაციო კეთილსინდისიერების ძირითადი რეგულაციები გამოქვეყნებული არ ჰქონდა.
მათივე განცხადებით, მხოლოდ სამ საიტს ჰქონდა შემუშავებული, სულ ცოტა, ერთი მთავარი პროცედურა, რომელიც მომხმარებლის მიერ და სინთეტურად გენერირებული მასალის ზედამხედველობას ეხებოდა.
"მხოლოდ ერთმა საიტმა, On.ge-მ მიიღო 60-ზე მაღალი ქულა ამ ინდიკატორის მიხედვით", — აცხადებენ ორგანიზაციები.
კვლევის მიხედვით, მხოლოდ 4 საიტს აქვს გამოქვეყნებული გარკვეული ფორმით ინფორმაცია მათ საიტზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების პროცედურის შესახებ. ამ 4 საიტიდან 2 სამაუწყებლო მედიის ვებგვერდია, რომლებსაც კანონი ავალდებულებს თვითრეგულირების მექანიზმების შესახებ ანგარიშის წარდგენას. მათი თქმით, არც ერთი საიტი არ აწვდის მომხმარებლებს კომპლექსურ ინფორმაციას შეცდომების გამოსწორების როგორც რეგულაციის, ასევე, პროცესის შესახებ. ამ რეგულაციების გამოყენება უზრუნველყოფს, რომ საინფორმაციო საიტებს ჰქონდეთ გამოქვეყნებულ მასალებში დაშვებული შეცდომების განხილვის და შესწორების მკაფიო პროცედურა, ასევე, კომენტარების სექცია — ცივილიზებული ფორმით, დაცული შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან.
ამ კომპონენტში On.ge-ს 66 ქულა აქვს.
კონტექსტის კომპონენტი
ამ კომპონენტში საიტის მიერ ნაჩვენები შედეგები საზომია საიტისადმი ნდობის შესაფასებლად. GDI-ს განცხადებით, კონტექსტის კომპონენტის ქულები ბევრ საიტს აქვს მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი, თუმცა ექსპერტთა მოსაზრება შეიძლება მხოლოდ საშუალო და შორეულ პერსპექტივაში შეიცვალოს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამოკითხული რესპონდენტების აზრით, ქართული საიტები საკმაოდ კარგად მიჯნავენ მოსაზრებას ახალი ამბისგან. აღინიშნა დადებითი და მჭიდრო კორელაცია ამ ინდიკატორსა და მომხმარებლების მოსაზრებებს შორის იმის თაობაზე, ზუსტია თუ არა საიტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია; ასევე, ამ ინდიკატორსა და კონტენტის საიმედოობის ინდიკატორების შედეგებს შორის (ანუ კონტენტის კომპონენტი).
შეფასებულმა საიტებმა შედარებით ცუდი შედეგები აჩვენეს ქლიქბაიტ სათაურების გამოყენების და მათ სტატიებში დაშვებული შეცდომების შესწორებების გამოქვეყნების კატეგორიებში. GDI-ს განცხადებით, მიუხედავად ამ კრიტიკული შეფასებისა, 25-დან 15-მა საიტმა 100-დან 70 და უფრო მაღალი ქულა მიიღო ახალი ამბისა და მოსაზრების მკაფიოდ
გამიჯვნისთვის. ანალიზმა აჩვენა, რომ საიტების უმეტესობა საშუალო დონის რისკის ან მაღალი დონის რისკის კატეგორიაშია, ხოლო ოთხიდან ერთი საიტი დეზინფორმირების მაქსიმალური რისკის მატარებელია. ამ კომპონენტშიც On.ge-ს მაღალი, 75 ქულა აქვს.
GDI-ში ასახელებენ იმ ქმედებებს, რომლებითაც საინფორმაციო საიტებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა შეუძლიათ:
- ფოკუსირება ისეთი ჟურნალისტური და საოპერაციო სტანდარტების გამოყენებაზე, რომლებიც Journalism Trust Initiative-ის მიერ არის დადგენილი. მათი თქმით, ეს საქართველოს ყველა მედიასაიტმა უნდა გააკეთოს;
- საიტზე გამოაქვეყნონ მფლობელების კონკრეტული სახელები და არა მედია ჰოლდინგების სახელები, რომლებიც შესაძლოა მესაკუთრეების ვინაობის შესანიღბად გამოიყენებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიების უკან მდგომი პიროვნებების მოძიება ექსპერტის უნარებს მოითხოვს, რასაც ონლაინ მომხმარებლები ადვილად ვერ შეძლებენ;
- გააუმჯობესონ და გამოაქვეყნონ დაშვებული შეცდომების შესწორების პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ საიტზე დაშვებული შეცდომების შესწორებები თვალშისაცემ ადგილას განთავსდეს და ადვილი გასაგები იყოს, ვიდრე ვების რომელიმე "კუნჭულში" მიიჩქმალოს;
- მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ახალი ამბავი და მოსაზრება, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომლითაც მომხმარებლები გამოქვეყნებული მასალის სიზუსტეს აფასებენ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების რისკის სანდო, დამოუკიდებელი რეიტინგის საჭიროება მწვავედ დგას. რისკის რეიტინგის ჩარჩოს გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფს პოლიტიკის შემმუშავებლებს, საინფორმაციო ვებ-გვერდებსა და სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანიებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, გადაკეტონ ფულის ის არხები, რომლებითაც დეზინფორმაციის სტიმულირება და შენარჩუნება ხდება
კომენტარები