აშშ-ში ქირურგებმა ადამიანს შარდის ბუშტი პირველად გადაუნერგეს. ესაა პროცედურა, რომელიც, შესაძლოა, მომავლის მედიცინის განვითარებაში გარდამტეხ ნაბიჯად იქცეს. ოპერაცია ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრში 4 მაისს ჩატარდა.

შარდის ბუშტის ტრანსპლანტაცია უკიდურესად კომპლექსური პროცედურაა, რასაც მენჯის ღრუს სისხლძარღვთა ანატომია კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ქირურგიულ მიღწევას კაცობრიობა ათწლეულების განმავლობაში ელოდა.

"ეს ოპერაცია მედიცინის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მან, შესაძლოა, საშუალება მოგვცეს, რომ უკეთ გავაკონტროლოთ ძლიერი სიმპტომების მქონე, ფრთხილად შერჩეული პაციენტები, რომელთა შარდის ბუშტიც აღარ ფუნქციონირებს. ტრანსპლანტაცია სიცოცხლის გადამრჩენი და მისი ხარისხის გამაუმჯობესებელი მეთოდია, რომელიც მთავარი ორგანოების პრობლემებისას გამოიყენება. ახლა მათ რიცხვს შარდის ბუშტიც შეუერთდა", — აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის მიმართულების დირექტორი, ინდერბირ გილი.

შარდის ბუშტის მიმღები პირველი პაციენტი ოსკარ ლარაინზარია, რომელმაც სიმსივნის მოცილების შედეგად შარდის ბუშტის უმეტესი ნაწილი და ორივე თირკმელი დაკარგა. ის შვიდი წლის განმავლობაში ჰემოდიალიზზე იმყოფებოდა და ტრანსპლანტაციისთვის იდეალური კანდიდატი იყო.

ფოტო: Nick Carranza/UCLA Health

გადანერგვის პროცედურის ერთ-ერთი მთავარი რისკი იმუნური სისტემის მიერ ახალი ორგანოს უკუგდების შესაძლებლობაა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ იმუნოსუპრესიული მედიკამენტები, რომელთაც მრავალი არასასურველი გვერდითი ეფექტი ახლავს. შესაბამისად, ოპერაციისთვის საუკეთესოდ მიიჩნევიან ისეთი პაციენტები, რომლებიც ამ ტიპის პრეპარატებს უკვე იღებენ.

ოპერაციისას ლარაინზარს შარდის ბუშტთან ერთად ახალი თირკმელიც გადაუნერგეს. ორგანოები ერთმანეთთან დააკავშირეს იმ იმედით, რომ მათი ერთობლივად ფუნქციონირება გახდებოდა შესაძლებელი. პროცედურამ დაახლოებით რვა საათს გასტანა.

ქირურგ ნიმა ნასირის თქმით, ამას ოთხწლიანი ინტენსიური სამეცნიერო და კლინიკური მუშაობა უძღოდა წინ. ამ პერიოდში მან და ინდერბირ გილმა შარდის ბუშტისა და თირკმლის დასაკავშირებლად ახალი ქირურგიული მეთოდი შეიმუშავეს, კლინიკური კვლევები დაგეგმეს და შესაბამისი რეგულაციური ნებართვები მოიპოვეს.

ისინი ამბობენ, რომ გადანერგილმა თირკმელმა დიდი მოცულობით შარდის წარმოქმნა მალევე დაიწყო. პაციენტს ოპერაციის შემდეგ დიალიზი აღარ დასჭირდა და შარდი ახალ ბუშტში თავისუფლად გადადიოდა. ოსკარ ლარაინზარი თავს კარგად გრძნობს და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად გამძლე აღმოჩნდება გადანერგილი შარდის ბუშტი გრძელვადიან პერიოდში და გახდება თუ არა საჭირო ინტენსიური იმუნოსუპრესია. ამის მიუხედავად, ქირურგები იმედიანად არიან და ფიქრობენ, რომ ეს შარდის ბუშტის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ახალ შესაძლებლობას აჩენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.