მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებისკენ 5G ტალღები მიმართეს — როგორ დასრულდა ექსპერიმენტი

ფოტო: Keysight
5G ქსელთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები, ალბათ, თქვენც გსმენიათ, მაგრამ რამდენად საფუძვლიანია ისინი? მართლაც საზიანოა ეს უსადენო სიგნალები? მცდარი მოსაზრებების აღმოსაფხვრელად მეცნიერებმა ამ სახის ყველაზე მასშტაბური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მის ფარგლებში მათ დასაშვებ ზღვარზე 10-ჯერ მძლავრი ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის კანის უჯრედებისკენ 48 საათის განმავლობაში მიმართეს.
შედეგი ასეთი იყო: არაფერი მომხდარა.
5G სტანდარტული საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ინტერნეტის მზარდი მოხმარების საჭიროებებს ერგება და მონაცემთა სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, აღნიშნულმა ტექნოლოგიამ საზოგადოების ნაწილში ეჭვები გააჩინა. პანდემიის დროს კონსპიროლოგებმა ეს კორონავირუსის გავრცელებასთანაც კი დააკავშირეს. ყველაფრის მიზეზი კი ელექტრომაგნიტური ველებისა და ჯანმრთელობაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ არასწორი შეხედულებები გახდა, რომლებიც შეთქმულების თეორიებს დაედო საფუძვლად.
მეცნიერებმა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აუხსნეს, რომ მობილურ ტექნოლოგიებში გამოყენებადი დაბალი ენერგიის რადიოტალღები იონიზაციის უნარის მქონე რადიაციას არ გამოყოფს. ასეთი რადიაცია სიმსივნესა და სხვა დაავადებებს იწვევს, ამიტომ მის მიმართ შიში დიდია, თუმცა ჩვენი ტელეფონები ასეთ სიხშირეებს არ წარმოქმნის.
5G-ის მაღალი სიხშირის ტალღების გამოსაკვლევად და ზემოხსენებული მითების საბოლოოდ დასამსხვრევად სპეციალისტებმა ისინი ადამიანის ორი ტიპის უჯრედებისკენ მიმართეს: კერატინოციტებისკენ და ფიბრობლასტებისკენ. პირველი კანის ზედა შრის შემადგენელია, მეორე კი შემაერთებელ ქსოვილებში გვხვდება. ტალღების სიხშირე 27 და 40.5 მეგაჰერცი იყო, ანუ 5G ანძების უმეტესობის მიერ წარმოქმნილს საგრძნობლად აღემატებოდა.
უჯრედები ამ პირობებში სხვადასხვა ხანგრძლივობით გააჩერეს: 2 და 48 საათით. შემდეგ შესაძლო ცვლილებები მთლიანი გენომის რნმ სეკვენირებისა და დნმ-ის მეთილირების შესწავლის გზით გააანალიზეს. გავლენა არცერთ მათგანზე გამოვლენილა, ამიტომ მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი მკაფიო შედეგები დაეჭვებისთვის სივრცეს არ ტოვებს. ამის თქმის საფუძველს ექსპერიმენტში გათვალისწინებული არაერთი ფაქტორიც იძლევა, როგორიც, მაგალითად, ტემპერატურაა.
ასევე, ცდაში ორი კონტროლ ჯგუფი იყო: ულტრაიისფერი დასხივებისა და ე.წ. ცრუ ზემოქმედების ქვეშ არსებული უჯრედები (მათ 5G ტალღების ზემოქმედება არ განუცდია). აღმოჩნდა, რომ რაიმე სახის ცვლილება მხოლოდ პირველ ჯგუფში დაფიქსირდა და ის პროგნოზირებადი იყო. შემთხვევითობის გამოსარიცხად სპეციალისტები ამ ჯგუფებს ნიშნებს უცვლიდნენ (რომელი უჯრედი იყო დასხივებული და რომელი — არა) და ამას ასზე მეტჯერ იმეორებდნენ. ამის შედეგადაც გენების დაზიანება არ გამოვლენილა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კვლევით 5G-სთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს წერტილი დაუსვეს. მათი ნაშრომი გამოცემაში PNAS Nexus გამოქვეყნდა.
კომენტარები