12 ადამიანს ღამურებისგან მომაკვდინებელი დაავადება გადაედო

ფოტო: Wallpaper Abyss - Alpha Coders
კოსტა-რიკაში დასასვენებლად წასულმა ოჯახმა იქიდან მოგონებებზე ბევრად მეტი ჩამოიტანა. მათ ჰისტოპლაზმოზი შეეყარათ. ეს ფილტვის პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომელსაც ღამურების სკინტლში არსებული სოკოს სპორების შესუნთქვა იწვევს. ინციდენტს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) იძიებს. მათი ვარაუდით, ოჯახი ვენადოს გამოქვაბულებში ჯგუფური ექსკურსიის დროს დაინფიცირდა.
ინფექციის შესახებ CDC-ს პირველად 2025 წლის 17 იანვარს შეატყობინეს, როცა 6 შუახნის ზრდასრულსა და 6 მცირეწლოვანს ჰისტოპლაზმოზის დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტებს სიმპტომები აშშ-ში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდათ, თუმცა ისინი კოსტა-რიკიდან იყვნენ დაბრუნებულები. იქ გამოქვაბულების ტურზეც იყვნენ, სადაც მსგავსი ინფექცია მანამდე 51 ადამიანს შეეყარა.
"ყველა პაციენტმა აღნიშნა, რომ ღამურები დაინახეს. ასევე, გამოქვაბულებში ცოცვის დროს სხვადასხვა ღრმულზე მოჭიდებისას მათ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ ღამურას ექსკრემენტებთან", — ვკითხულობთ CDC-ს მოხსენებაში.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის ერთადერთ წევრს, რომელსაც ჰისტოპლაზმოზი არ შეჰყრია, გამოქვაბულების ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
პაციენტებს ვირუსთან ექსპოზიცია დეკემბერში ჰქონდათ. ისინი ამის შემდეგ 8-იდან 19 დღემდე შუალედში დაავადდნენ. მათ თავის ტკივილი, სიცხე, ღამის ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, ასევე სუნთქვასთან და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა აღენიშნებოდათ.
მაშინ სამედიცინო დახმარება 1 ზრდასრულსა და 5 ბავშვს აღმოუჩინეს. სამ მათგანს ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები და ხველის საწინააღმდეგო წამლები დაუნიშნეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთი ზრდასრული ფილტვის კიბოს მსგავსი სიმპტომების გამო საავადმყოფოშიც კი იწვა.
საბედნიეროდ, ექსპოზიციიდან 1 თვეში ყველა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამისდა მიუხედავად, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ჰისტოპლაზმოზი შეიძლება ლეტალური იყოს. CDC-ს მიხედვით, ამ დაავადების მწვავე გამოვლინებას შეუძლია პნევმონიის სიმპტომები გამოიწვიოს და პაციენტი ფილტვების გრძელვადიან ინფექციამდე მიიყვანოს. იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება ფილტვებიდან სხვა ორგანოებზეც გადავიდეს — მაგალითად, თავის ან ზურგის ტვინზე. ეს მენინგიტის განვითარებას იწვევს. სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები დაავადების გამწვავების კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
CDC-მ მარტში მოსახლეობა ტროპიკული ქვეყნების გამოქვაბულების ტურებში მონაწილეობის რისკის შესახებ გააფრთხილა.
ჰისტოპლაზმა (ჰისტოპლაზმოზის გამომწვევი სოკო) ნიადაგში გვხვდება. იგი ჩიტებისა და ღამურების სკინტლით ვრცელდება. დაავადება განსაკუთრებით აშშ-ს ზოგ ნაწილშია გავრცელებული — კონკრეტულად ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექცია ამ სოკოსთან ექსპოზიციის მქონე ყველა ადამიანში არ ვრცელდება. ამისდა მიუხედავად, ამ რეგიონების მოსახლეობის 60-იდან 90%-ს ვირუსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეყრება.
კომენტარები