სამხრეთ ამერიკის ორ ქვეყანას შორის საზღვარზე მაღაროელებმა ძვირფასი ლითონების მარაგი აღმოაჩინეს. მას "მსოფლიოში სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის ერთ-ერთ უდიდეს რესურსად" მიიჩნევენ.

ახალი კვლევის მიხედვით, არგენტინის სან-ხუანის პროვინციასა და ჩილეს ატაკამას რეგიონში მდებარე ვიკუნიას მინერალური რესურსი შესაძლოა, 13 მილიონ ტონამდე სპილენძს, 907 000 კილოგრამ ოქროსა და 18.6 მილიონ კილოგრამ ვერცხლს მოიცავდეს. ეს ადგილი ორი მეშახტე კომპანიის Lundin Mining-ისა და BHP-ის კონტროლის ქვეშაა. მათი ორი მთავარი საბადო — Filo del Sol და Josemaria — მსოფლიოს სპილენძის ათ წამყვან წყაროს შორის შედის.

სპილენძის გარდა, მსოფლიოს გარშემო ეს ტერიტორია ოქროსა და ვერცხლის ერთ-ერთ უმსხვილეს რესურსად მიიჩნევა. ბოლო აღმოჩენებმა აჩვენა, რომ სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი შესაძლოა, იმაზე უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე ადრე ეგონათ.

"ვიკუნიას რეგიონი მზად არის, მსოფლიო დონის საბადოდ იქცეს. ის მძლავრ სამთო კომპლექსს დაეფუძნება", — განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ ლუნდინმა — "დიდი საბადოები, როგორც წესი, კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ რესურსის გაზრდის პოტენციალს ვხედავთ".

ოქრო ძვირფას ლითონად ითვლება არა მხოლოდ სამკაულების, დეკორატიული ნივთებისა და ფულის სისტემების გამო. იგი ასევე აუცილებელი მასალაა კომპიუტერების, საკომუნიკაციო მოწყობილობების, კოსმოსური ხომალდების, რეაქტიული ძრავებისა და სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ Lundin Mining-ს ზუსტად არ გაუმჟღავნებია, რა თანხაზეა საუბარი, ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ საქმე შეიძლება, მილიარდობით დოლარს ეხებოდეს.

ოქრო, ვერცხლი და სპილენძი — ეს მოთხოვნადი ლითონები უძველესი გეოლოგიური პროცესების შედეგია. მილიონობით წლის წინ ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახებოდა და ერთი მეორეს ქვეშ ექცეოდა. შემდეგ ცეცხლოვანი ლავა ამოდიოდა და გახურებული სითხეები ბზარებსა და ნაპრალებში ცირკულირებდა.

ეს სითხეები, რომლებიც მიწის სიღრმიდან ამოტანილ მინერალებს შეიცავდა, ნელ-ნელა გრილდებოდა და ძვირფას ლითონებს ქანებში ტოვებდა. ათასწლეულების განმავლობაში ეს საბადოები ეროზიისა და წყლის მოძრაობის შედეგად გადაადგილდა, რის შედეგადაც ისინი ზღვების ფსკერზე დაგროვდა. ამ პროცესების შედეგად ქვიშრობული საბადოები წარმოიქმნა.

დედამიწის სიღრმიდან ლითონების ამოღება გზების ქსელსა და ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ამ სიმდიდრის ძიებაში შესაძლოა, სწორედ ის ეკოსისტემები დაზიანდეს, რომლებმაც ეს ფასეულობები წარმოქმნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.