სიცოცხლისთვის შეიძლება დედამიწაზე უკეთესი პლანეტებიც არსებობდეს
დედამიწა სამყაროში საუკეთესო პლანეტა შეიძლება სულაც არ იყოს. მკვლევრებმა მზის სისტემის გარეთ ათეულობით პლანეტა აღრიცხეს, რომლებიც, შესაძლოა, დედამიწაზე უკეთ პასუხობდნენ ჩვენს საჭიროებებს. მათი ვარსკვლავები კი შეიძლება მზეს სჯობდნენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში სწორედ ასეთი პლანეტებია აღწერილი. ტოპ 24 პლანეტა, რომლებიც სიცოცხლისთვის ყველაზე მეტადაა შესაფერისი, 100 სინათლის წელიწადზე შორს არ მდებარეობენ. მათზე დაკვირვების საშუალებას კი ახალი ტელესკოპები მოგვცემს, რომლებზეც როგორც NASA, ასევე ESA-ც აქტიურად მუშაობს.
"ახალი ტელესკოპები უფრო მეტი მონაცემის მოპოვების საშუალებას მოგვცემს, შესაბამისად საჭიროა, რომ სამიზნე ობიექტები შევარჩიოთ: ჩვენ კონკრეტულ პლანეტებზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომლებსაც სიცოცხლის კომპლექსური ფორმების არსებობისთვის ყველაზე შესაფერისი გარემო გააჩნია", — განაცხადა კვლევის ავტორმა, დირკ შულც-მაკუკმა.
მკვლევრებმა ძებნა პლანეტ-ვარსკვლავურ სისტემებში დაიწყეს, სადაც შესაძლოა, დედამიწის მსგავსი პლანეტები მდებარეობდნენ. ჩვენს მზეს სიცოცხლის შეადარებით მცირე ციკლი აქვს. დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების გაჩენას თითქმის 4 მილიარდი წელი დასჭირდა, მზის მსგავს ვარსკვლავებს კი, რომლებსაც G ვარსკვლავები უწოდეს, კომპლექსური სიცოცხლის განვითარებამდე, შესაძლოა, საწვავი გამოელიოთ.
G ვარსკვლავების გარდა, მკვლევრები K ჯუჯებსაც აკვირდებოდნენ, რომლებიც ჩვენს მზეზე ცოტათი გრილები, ნაკლებად მასიურები და ნაკლებად მანათობლები არიან. K ვარსკვლავები ძალიან დიდხანს — 20-დან 70 მილიარდ წლამდე ცოცხლობენ. ეს დრო მათ გარშემო მბრუნავ პლანეტებს საშუალებას მისცემს სიცოცხლის ისეთი კომპლექსური ფორმები ჩამოყალიბდეს, როგორიც დედამიწაზეა. თუმცა ეს პლანეტები ძალიან ასაკოვანები არ უნდა იყვნენ. დედამიწა 4,5 მილიარდი წლისაა, თუმცა, მკვლევრების თქმით, სიცოცხლისთვის იდეალური ასაკი 5-დან 8 მილიარდ წლამდეა. ასევე მნიშვნელოვანია ზომა და მასა: პლანეტას, რომელიც დედამიწაზე 10%-ით დიდია, უფრო მეტი საცხოვრებლად ვარგისი მიწა ექნება. ხოლო იმ პლანეტებს, რომლებსაც დედამიწაზე 1,5-ჯერ მეტი მასა აქვთ, უფრო ძლიერი გრავიტაცია ექნებათ, რათა ატმოსფერო უფრო დიდხანს შეინარჩუნონ.
რაც შეეხება წყალს, იგი სიცოცხლისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა და, მკვლევრების თქმით, მისი მცირე ოდენობას კი სასარგებლო იქნება. აღსანიშნავია, რომ არჩეულ 24 პლანეტას შორის, ყველა საჭირო მოთხოვნას ერთდროულად ვერცერთი აკმაყოფილებს.
კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები