Savage X Fenty — სილამაზე, რომელსაც Rihanna ყველასთვის ქმნის
წლების შემდეგ, როცა 2020-ს გავიხსენებთ, იმ თითებზე ჩამოსათვლელ პოზიტიურ მოვლენას შორის, რომელმაც ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა, აუცილებლად მოხვდება რიანას Savage X Fenty-ის კოლექციის ჩვენება. ბარბადოსელმა ხელოვანმა კოსტიუმები ყველასთვის შექმნა და ლოს-ანჯელესის პოდიუმი სექსუალურმა, ძლიერმა, მამაცმა, დრამატულმა, მძვინვარე და თავდაჯერებულმა ქალებმა და კაცებმა დაიკავეს.
მომღერლისა და მაგნატად ქცეული დიზაინერის საცვლების ბრენდის რიგით მეორე შოუ ნამდვილი ზეიმი იყო. აქ ნახავდით კარა დელევინს, დემი მურის, პერის ჰილტონს, დრეგ ქუინებს ჯიჯი გუდსა და შეი კულეს, ლიზოს, როსალიას...
და რა თქმა უნდა ქალს, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა და მართავდა — ხომ არ დაგიშვიათ, რომ რობინ რიანა ფენტი კულისების მიღმა დარჩებოდა და თავის შოუში იისფერ ყვავილში დაბადებულ ქალღმერთად არ მოგვევლინებოდა?
"ნუთუ პლას საიზ მოდელებს ვინმე ელოდება?", — ვკითხულობ ფეისბუქის ერთ-ერთი პოპულარული ფეიჯის კომენტარების სექციაში და მახსენდება, რომ აუცილებელია, ასეთ დროს ყველას ხმა ისმოდეს.
კი, ველოდებით. რიანა სილამაზეს ყველასთვის ქმნის და ის თავადაც წარმოადგენს იმ ინკლუზიურობას, რომელსაც გვთავაზობს, ამიტომაა მისი შოუ ავთენტური. ველოდები ღვთაებრივ ნორმანის, ღვთაებრივ ლიზოს და ღვთაებრივ ბელას.
და თუ ფენტის შოუთი ვიქტორია სიკრეტის შოუს ჩანაცვლება გსურთ, მშვენიერი არჩევანია, მაგრამ იგივე მოლოდინები ქალების მიმართ, რასაც ბოლო ათწლეულები VS-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ედ რაზეკი ქმნიდა, ფენტის ეპოქაში ჩამორჩენილად ითვლება.
რიანას სამყაროში ყველას ადგილია, როგორც VS-ის ყოფილი მოდელების, შეიკის, ჰადიდის და დელევინის, ისე პლას ზომის მოდელების. თუმცა, დავაზუსტებ: აქ ინკლუზიურობისთვის ადგილი კი არაა გამოძებნილი, განსხვავებულებს, უბრალოდ, აღმერთებენ.
ფოტო: Getty Images
რატომ იყო რევოლუციური Savage X Fenty-ის შოუ? რა შეცვალა რიანამ? თუმცა, ჯერ ის ისტორია გავიხსენოთ, რომელსაც მოდის შემქმნელები ფენტის გამოჩენამდე წერდნენ.
მოდის ინდუსტრია Fenty-მდე
მოდის ბიზნესი თავისი არსებობის ისტორიაში უარყოფდა იმ ქალებს, რომლებიც წინასწარ გაწერილ სტანდარტებში არ ჯდებოდნენ. მოდა სულიერებას ეფუძნება და გემოვნების ჩამოყალიბებაში ადამიანის ხასიათს არანაკლებ დიდი წვლილი შეაქვს, ხოლო მატერიალური პროდუქტის შექმნისას ისეთი აბსტრაქტული რამის წარმოდგენა და გათვალისწინება, როგორიც სულიერი მდგომარეობაა, მთავარ აზრს ატარებს. ტანსაცმელს მნიშვნელობას ადამიანი სძენს — როდესაც ხედავ სამოსს, მასში ხასიათსა და განწყობას არ უნდა კარგავდე.
ფოტო: Kevin Mazur / Getty Images
ეგრეთ წოდებული სილამაზის ინდუსტრია კი საკმაოდ მახინჯი გზებით ეპყრობოდა ქალებს, აქცევდა უსულო ფიგურად და გამოჰყოფდა მათ სხეულის ცალკეულ მონაკვეთებად. თუ გქონდა ღაბაბი, მუცელი, ხოლო გლუვი კანისა და წვრილი თეძოების ნაცვლად ცელულიტიანი კანი, ავტომატურად არ არსებობდი, მოდის საწარმოსთვის არათუ საინტერესო აუდიტორიას არ წარმოადგენდი, შენს სხეულზე მათი პროდუქტი, უბრალოდ, მომგებიანიც კი არ იყო. მარტივად რომ ვთქვათ, შენთვის "ლამაზი" სამოსი არ იქმნებოდა.
"ანგელოზად ყოფნა სახალისოა", — ამბობდა ვიქტორია სიკრეტი, თუმცა, ანგელოზად ყოფნა ყველას "ხვედრი" არ იყო, რადგან ბრენდის მთავარი სლოგანი "სრულყოფილი სხეული" გახლდათ. მაქმანებიანი, ფერადი თეთრეული მხოლოდ გამხდრებისთვის იქმნებოდა. მოდის სახლებს ირიბად თქმაც კი არ სჭირდებოდათ, მათ მესიჯებში პირდაპირ იკითხებოდა: თუ მსუქანი ხარ, არ ხარ საკმარისად ლამაზი და სექსუალური, რომ ჩვენი ბრენდი ატარო.
VS Fashion Show 2017, კადრი შოუს კულისებიდან.
ფოტო: Kevin Mazur / Getty Images
თავის ვებგვერდზე თეთრეულის კამპანიისთვის შექმნილი მესიჯი "სრულყოფილი სხეული" ვიქტორია სიკრეტმა 2014 წელს შემდეგ შეცვალა, სლოგანით "ყველა სხეულისთვის". ცვლილება სამმა ლონდონელმა გოგომ მოითხოვა და მათ კრიტიკას და პეტიციას 30 ათასზე მეტი ხელმომწერი შეუერთდა.
თუმცა, დიზაინერები საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ. "ის ისეთი უშნოა", — საჯაროდ დაწერა Dolce & Gabbana-ს დიზაინერმა, სტეფანო გაბანამ სელენა გომეზზე. მოგვიანებით, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სელენა გაბანას კომენტარს თმის ბრჭყვიალა სამაგრით გამოეხმაურა, რომელსაც Ugly (უშნო) ეწერა. გაბანას კომენტარები ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც სელენას ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს და თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა. იმ პერიოდში მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაც მომღერლის წონის ცვლილება იყო, ხოლო სხეულზე დაცინვის სურვილით შეპყრობილ აუდიტორიას ტაბლოიდები და პაპარაცები მისი ბიკინის ფოტოებით კვებავდნენ.
"სილამაზის მითი და მიჯაჭვულობა ფიზიკურ სრულყოფილებაზე თანამედროვე ქალებს დაუსრულებელ უიმედობაში, თვითკრიტიკასა და ეჭვში აგდებს. საკუთარ თავზე ვზრუნავ, რადგან მე მინდა ასე და არა იმიტომ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო", — ასე პასუხობდა სელენა სექსისტურ თავდასხმებს.
დოლჩე და გაბანას მხრიდან, ეს პირველი ფეხის დაცდომა არ ყოფილა. 2017 წელს ბრენდმა გამოუშვა ფეხსაცმელი წარწერით "მე მომხიბვლელი და გამხდარი ვარ", ხოლო კრიტიკოსებს სტეფანო გაბანამ "მსუქნები" უწოდა.
არ ვიცით, როდემდე გააგრძელებდა "სილამაზის ინდუსტრია" არაჯანსაღი იდეალების ხარჯზე გამდიდრებას, თუმცა, მოგიყვებით, რა შეცვალა Savage X Fenty-ის გამოჩენამ, როგორ გამოიყვანა წინა ხაზზე ყველა ზომის, წარმოშობის, რასისა და ასაკის ქალი, აჩვენა მათი სექსუალობა და ისევ აქცია აქტუალურად.
რა შეცვალა Fenty-იმ
რიანას მუსიკის თაყვანისმცემლებმა, შესაძლოა, კიდევ დიდი ხანი იწუწუნონ, რომ მათი საყვარელი მომღერალი ახალ ალბომებზე არ მუშაობს, თუმცა, მისი მეტამორფოზა, როგორც კოსმეტიკური ხაზისა და საცვლების ბრენდის მაგნატის, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა ზუსტად ისაა, რაც ახლა ძალიან გვჭირდებოდა.
ფენტის წარმატება რომ რიცხვებში გამოვსახოთ, ასეთი სურათი გვექნება:
2020 წლის აგვისტოში, Savage X Fenty-ის პროდუქციის გაყიდვა თებერვალთან შედარებით გაორმაგებული იყო. მონაცემებში არ შედის ამაზონის გაყიდვები.
ამის პარალელურად, ვიქტორია სიკრეტის რეიტინგი ინერციით მიიწევს ქვევით. გაზაფხულზე ბრენდმა მაღაზიები დაკეტა და მისი გაყიდვები თითქმის განახევრდა. თუ 2020 წელი VS-სთვის ყველაზე ცუდი იყო, ის 2017 წელს დაარსებული ფენტის საუკეთესო წელი გახლდათ. Second Measure-ის მიხედვით, აპრილში ვიქტორია სიკრეტის გაყიდვები 63%-ით იყო შემცირებული, ხოლო ფენტის 218%-ით იყო გაზრდილი.
"ფენტი ავსებს იმ სივრცეს, რომლის ათვისებაც ვიქტორია სიკრეტმა ვერ შეძლო", — ამბობს ჩელსი გროსი, მარკეტინგული კვლევების კომპანიის, Gartner for Marketers-ის დირექტორი.
დემი მური და ბელა ჰადიდი Savage X Fenty Vol. 2-ში.
ფოტო: Amazon
ვიქტორია სიკრეტის შოუ, რომელიც დეკადების განმავლობაში უკონკურენტო იყო და სილამაზის სამყაროში ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ითვლებოდა, 2019 წლის ნოემბერში გაუქმდა. ამის მიზეზად შემცირებული სატელევიზიო რეიტინგი და გაზრდილი კრიტიკა დასახელდა. ბრენდის მფლობელი კომპანია, L Brands მაშინ აცხადებდა, რომ მარკეტინგულ სტრატეგიას გადახედავდა და სამომავლო სიახლეებზე იზრუნებდა.
"ყველაფერი ახალი და ყველაფერი შენთვის. შემოგვიერთდი, ჩვენ ქალის თეთრეულის შინაარსი გადავაფასეთ", — ასე დაიწყო 1977 წელს დაარსებულმა ბრენდმა ათწლეულების განმავლობაში უარყოფილი ცვლილებები 2020 წლის დასაწყისში. თუმცა, საზოგადოების დარწმუნება მარტივი არ აღმოჩნდა.
"როგორი ყალბები ხართ, საზოგადოებას რომ არ გაეკრიტიკებინეთ, არაფერს შეცვლიდით. თქვენ არ გაღელვებთ ინკლუზიურობა, ეს მხოლოდ პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია", — ვკითხულობთ VS-ის ინსტაგრამის პოსტის კომენტარებში.
რა თქმა უნდა, კრიტიკა მხოლოდ მოდელის ზომას არ შეეხებოდა — ვიქტორია სიკრეტის კარი დაკეტილი იყო ტრანსგენდერი მოდელებისთვისაც. ვალენტინა სამპაიო 2019 წელს პირველი იყო საკუთარი თემიდან, ვინც VS-მა ვარდისფერი ხაზისთვის დაიქირავა. ჯერ კიდევ 2018 წელს, ედ რაზეკმა განაცხადა, რომ საცვლების ბრენდის ჩვენებებზე ტრანსგენდერი მოდელები არ გამოჩნდებოდნენ, რადგან "ვიქტორია სიკრეტის შოუ ფანტაზიას ჰგავდა". რაზეკმა გასული წლის აგვისტოში დატოვა კომპანია, პომპეზურობით განთქმული შოუ კი მართლაც "ფანტაზიაში დარჩა".
დავუბრუნდეთ ფენტის შოუს — სანამ ვიქტორია სიკრეტი პლას ზომის კონცეფციისა და არაბრჭყვიალა საცვლების საკუთარ ბრენდზე მორგებას ცდილობს, რიანამ ახალი სეგმენტი აითვისა — ფენტის ისტორიაში პირველად, კაცების, მათ შორის პლას ზომის მოდელების საცვლების კოლექციაც ვიხილეთ. საიტზე წარმოდგენილი XXL ზომის საცვლის მოდელი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
ფოტო: Kevin Mazur/Getty Images
ვიქტორია სიკრეტის შოუ თუ კონცერტის ხასიათს ატარებდა, Savage X Fenty-იმ მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებთან ერთად სხვადასხვა დადგმები შემოგვთავაზა, მათ შორის იყო კონცერტიც, პოდიუმიც, და რეკლამაც. შოუს არ ჰყავდა მაყურებელი და იმის მიუხედავად, რომ სცენის მიღმა მათი თვალები და ოვაციები არ არსებობდა, ის გაყიდვად სატელევიზიო ღონისძიებად იქცა. თითქმის ერთსაათიანი შოუს პრემიერა 2 ოქტომბერს Amazon Prime-ზე შედგა და სწორედ აქ შეგიძლიათ მისი ნახვა (ლეგალურად).
ფოტო: Amazon
აღსანიშნავია ფილმის დოკუმენტური ნაწილი, რომელშიც რიანას შემოქმედებით მხარეს ვეცნობით. თუ აქამდე მას მუსიკისა და თავისუფლების გამო ვაფასებდით, მისი დამოკიდებულება სამოსის შექმნის პროცესთან და მიღებული პროდუქტი რიანას უკვე დამატებით ღირებულებასაც სძენს. ფენტის შექმნიდან 3 წლის შემდეგ ის შემდგარი დიზაინერია, რომელმაც იცის, რისი სჯერა.
პანდემიამ ფენტის შემოქმედზეც იმოქმედა:
"თვითიზოლაციაში საკუთარი თავის ამარა ხარ — შენი გონება, შენი ფიქრები, შენი წარმოსახვა — და ეს უამრავ ადამიანს წარმოსახვას უღვივებს. საბოლოოდ, კი საოცრებას ქმნი, რადგან იძულებული ხარ საკუთარ თავთან დარჩე".
რიანა ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნის. ემოჯიები და XOXO კარა დელევინის ბიუსტჰალტერზე მისი მიერაა დაწერილი. რირი ამბობს, რომ ეს მოდელი საბავშვო დღიურების კონცეფციამ შთააგონა.
ფოტო: Kevin Mazur
ფოტო: Dennis Leupold
ფოტო: Getty Images
დრეგ ქუინებს რიანა შთამაგონებელს უწოდებს, ხოლო ინკლუზიურობას მისთვის ახლობლად აფასებს.
"პატივი მაქვს, ცვალებადი ტიპის სხეული მქონდეს. ხანდახან ყველაზე ვიწრო სამოსში თავისუფლად ვეტევი, მეორე დღეს ან ერთ კვირაში კი დიდი ზომის ტანსაცმელი მჭირდება", — ამბობდა ის ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა Body Positivity-ის აქტუალურობას სამყარო არ აღიარებდა.
შოუს დოკუმენტურ ჩართვებში რიანა სექსუალურობაზეც საუბრობს:
"ხანდახან ის შებღალულია, რადგან საშინელი გამოცდილება გადაგხდა თავს, ან ძალა გამოგაცალეს. სექსუალობა ტანსაცმელთან ერთად არ მოდის. მას უნდა ფლობდე ან უნდა გამოიმუშავო".
ფოტო: Amazon
თუკი რიანას შოუს განსაკუთრებულობაში ვერ დაგარწმუნეთ, მიზანი ეს არ ყოფილა. პლას ზომის ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა აქამდე ისინი არსად წარმოუჩენიათ ისე თანასწორად, როგორც Savage X Fenty-ის შოუში.
"ვარსებობთ, სექსი გვაქვს, ვიცინით, ვცეკვავთ, მოგვწონს ლამაზი ტანსაცმელი და ვყიდულობთ საცვლებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს. თუმცა, გონების კუნჭულში ხმა ზოგჯერ მაინც ჩამძახის, რომ ამ სხეულით ასეთი თავისუფალი არ უნდა ვიყო. აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემნაირი ადამიანების რეპრეზენტაცია ასე დამეხმარებოდა, თუ ასე ნორმალურად ვიგრძნობდი თავს", — წერს Glamour-ის კონტრიბუტორი კრისტოფერ როზა ფენტის შოუს ნახვის შემდეგ.
წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გველის. რიანას მომდევნო დოკუმენტური ფილმი, რომელიც 25 მილიონი დოლარი დაჯდა, ამაზონზე 2021 წლის ზაფხულში გამოვა, სადაც მის შემოქმედებით ბუნებაზე კიდევ უფრო მეტს გავიგებთ. იქამდე, კი შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან სილამაზის ინდუსტრია, ერთხელ და სამუდამოდ, იმ ადამიანის ხელშია, ვინც ქალების სექსუალობას, დამალვის ნაცვლად, სამყაროსთან ერთად ზეიმობს.
ფოტო: Amazon
ჩემი სხეული ყველანაირი მიყვარს. ვიქტორია სიკრეტის გოგოს აგებულება არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ლამაზად და თავდაჯერებულად ვგრძნობ.
კომენტარები