ახალი მიკროსკოპული რობოტები, რომლებიც "დადიან"
კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ახალი მიკრო-რობოტი შექმნა, რომელიც ზომით იმდენად პატარაა, რომ მათი ვარაუდით, სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში უპრობლემოდ მოგზაურობასა და დაავადებებზე ნადირობას შეძლებს.
რობოტები ძალიან პატარები არიან, მათი კონსტრუქციის სიმარტივიდან გამომდინარე კი, ინჟინრებს კვირაში 1 მილიონი ეგზემპლიარის წარმოება შეუძლიათ. ამასთან, თითოეული მათგანი ლაზერული სხივების საშუალებით იმართება. ეს გარემოებები მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ პაწაწინა რობოტები ოდესმე სამედიცინო ინსტრუმენტების სახით მოგვევლინებიან. ამ პაწაწინა რობოტების შესახებ ვიდეოს BBC ავრცელებს.
"საქმის ურთულესი ნაწილი გახლავთ არა უშუალოდ მიკროსკოპული რობოტის სხეულის კონსტრუქციის შექმნა, არამედ ასეთი მცირე ზომის მოწყობილობისათვის გადასაადგილებელი მექანიზმის მოფიქრება. კაცობრიობა უფრო და უფრო წარმატებულად ახერხებს კომპიუტერული ჩიპების მიკროსკოპულ განზომილებამდე შემცირებას, თუმცა ასეთ შკალაზე მთავარი პრობლემა მათი გადასაადგილებელი კონსტრუქციის მოფიქრებაა. ჩვენმა გუნდმა შეძლო და მოიფიქრა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ამ პაწაწინა მოწყობილობებს გადაადგილების საშუალებას აძლევს", — განაცხადა კორნელის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა იტაი კოჰენმა.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ ამ პაწაწინა რობოტის შექმნას ზეომობს, მთავარი მიზნის განხორციელება ჯერ ისევ წინ არის — მათი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება.
"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს მიკროსკოპული ორგანიზმები, როგორც სამედიცინო ხელსაწყოები, რომლებიც ჩადიან ორგანიზმის ღრმა შრეებში და ანადგურებენ დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზებს, იქნება ეს ბაქტერია, თუ სიმსივნური უჯრედები", — დასძინა კოჰენმა.
კომენტარები