2011 წლის მარტში სირიის ქალაქ დერააში, რამდენიმე თინეიჯერის დაპატიმრების, წამებისა და სამოქალაქო არეულობის შემდეგ, ქვეყანაში ოპოზიციის საყოველთაო პროტესტი დაიწყო, რომლის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ ასადის გადადგომა იყო.

ქვეყანა სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომის რეჟიმში მაშინ გადავიდა, როდესაც მეამბოხე სამხედროებთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ ანტისამთავრობო ბრძოლა წამოიწყო ქალაქების, სოფლებისა და ქალაქგარე ტერიტორიებისთვის.

2020 წლის შემოდგომაზე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი კონფლიქტში ჩაერია. რამდენიმე დღის წინ ათობით სირიელი, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში შეიკრიბა და რუსული ბომბდამშენების მიერ დანგრეული სახლების ფონზე პუტინის ინტერვენცია გააპროტესტა.

"რუსმა ოკუპანტებმა ქვეყანა უნდა დატოვონ", "პუტინმა და მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა უძველესი ცივილიზაციის ძეგლები დაანგრიეს" — სკანდირებდნენ შეკრებილები.

ერთ ერთი დემონსტრანტის, მუსტაფა მანას განცხადებით, რუსეთს არაფერი მოუტანია მათი ქვეყნისთვის, გარდა განადგურებისა და დესტრუქციისა.

ფოტო: dailysabah.com

არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშებს, რომლის მიხედვითაც სირიელები რუსებს ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

რატომ ჩაერია რუსეთი სამოქალაქო ომში, რა მოგებას ელოდა პუტინი და რას მიაღწია რუსეთმა 5 წლის თავზე?

პრეისტორია

სირია ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ძლიერი მოკავშირე იყო. 1971 წელს სსრკ-მ, სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადთან შეთანხმებით, ქალაქ ტარტუსში საზღვაო სამხედრო ბაზა შექმნა. ეს საშუალებას აძლევდა არსებითად ყოფილიყო წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. 1991 წელს კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათმა ფლოტმა ხმელთაშუა ზღვის წყლები დატოვა, რის გამოც სირიის ბაზების სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა. რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, სირია ყოველთვის მიიჩნეოდა რეგიონში მთავარ მოკავშირედ.

ფოტო: cdn.nybooks.com

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირმა რეგიონი დატოვა და თითქმის 2 ათწლეული იქ აღარ იყო წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგად მოირგო რეგიონის ჰეგემონის როლი, ის აწარმოებდა ომებს, ხშირად განსაზღვრავდა პოლიტიკურ დღის წესრიგსაც. ასეთი იყო სიტუაცია 2015 წლამდე.

ინტერვენციის გეგმა

2015 წლის შემოდგომაზე რუსეთი სირიაში შევიდა. 30 სექტემბერს რუსეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დაამტკიცა და ასადს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პუტინმა მაშინ მიზეზად ტერორისტებთან ბრძოლა დაასახელა, რათა "გაენადგურებინათ ისინი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე ოკუპირებული აქვთ, რადგან არ მოვიდნენ ჩვენთანაც".

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ შეტევის პირველი ტალღა მიმართული იქნებოდა ჯიჰადისტებისკენ, ისლამური სახელმწიფოსკენ, რომელიც აკონტროლებდა სირიის უდიდეს ნაწილს.

მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები სამოქალაქო ომში გაიმარჯვებდნენ, თუმცა პუტინის გადაწყვეტილებამ, სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, შეცვალა მოვლენათა განვითარება და დაადასტურა, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში გავლენებზე უარს არ იტყოდა.

მოსკოვის პოზიციით, ეს კეთილგონიერი და საჭირო ნაბიჯი იყო — ასადის რეჟიმი რუსეთისთვის უკანასკნელი "დასაყრდენი" იყო და მას ახლა ცუდად ჰქონდა საქმე, ოპოზიციასთან მარცხდებოდა. სირიის რეჟიმის გადარჩენა აუცილებელი იყო, თუ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ფეხის მოკიდება და შეერთებული შტატებისთვის დარტყმის მიყენება სურდა. მოსკოვში მიაჩნდათ, რომ ამაზე უკეთესი მომენტი აღარ დადგებოდა.

ირანი, ისრაელი და საუდის არაბეთი სირიაში proxy (არაპირდაპირ) ომში იყვნენ ჩართულნი, როცა კრემლმა საკუთარი თავი როგორც power broker (მომრიგებელი), ისე დააფიქსირა. მაგრამ რეგიონში, რომელიც გახლეჩილია რელიგიური, იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური სხვადასხვაობებით, სადაც მეტოქეები დიდი ხანია უკვე ერთმანეთის მტრებად იდენტიფიცირდებიან, power broker "ყველა მოთამაშეს უნდა ესაუბროს".

ფოტო: intpolicydigest.org

რუსეთის ახალ მეგობრებს სურდათ პარტნიორობისთვის რამე სანაცვლოდაც მიეღოთ. მაგალითად, ისრაელს უნდოდა რუსეთს ირანი და ჰეზბოლა სირიაში შეეჩერებინა, მაშინ, როცა ისინი ებრაული ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის ჩატარებას ცდილობდნენ. საუდის არაბეთის გეგმებში კი ირანთან ბრძოლაში რუსების მათ მხარეს ყოფნა იყო. მაგრამ რუსეთმა ირანთან ურთიერთობების დამყარება ამჯობინა და ეს არც თავგანწირვა იყო და არც ისრაელთან ან საუდის არაბეთთან უკეთესი ურთიერთობის მცდელობა. ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ისრაელში ყოფნის დროს ამბობდა, რომ მან უარყო ამერიკისა და ისრაელის ბრალდებები ირანის მიმართ, თითქოს ის იყო ყველაზე დიდი საფრთხე ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში

ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას ტრაგედიად მიიჩნევს, აუცილებელია რუსეთის, როგორც მთავარი მოთამაშის პოზიციის აღდგენა. სირია ამისთვის "შანსიც" აღმოჩნდა. ზოგადად, მოსკოვი ყოველთვის მზად იყო გადაეხადა როგორც პოლიტიკური, ასევე, სამხედრო ფასი სირიის არმიის დაშლის თავიდან ასაცილებლად.

რუსეთის სტრატეგიის მიხედვით, მათი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მიზანი საკუთარი ძალის აღდგენაა. მთავარ გამოწვევად, ასევე, ამ დრომდე რუსეთისთვის საერთაშორისო სისტემაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კონკურენციის გაწევაა. ხშირად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს სურს მოიპოვოს საკუთარი დომინაციის აღიარება NATO-ს არაწევრი ძლიერი ქვეყნებისგან.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით, რუსეთი გეგმავს, უფრო გააძლიეროს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა, რისთვისაც რეგიონში განვითარებულ მოვლენებს კარგად იყენებდა. მათი პოლიტიკს მთავარი მოტივები, მათი თქმით, მოიცავდა ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა პრესტიჟი, ვაჭრობა და სტაბილურობა, თუმცა ახლა ამას დიპლომატიური და ეკონომიკური მიზნებიც დაემატა.

რუსეთი დაბრუნდა დიდ და არამდგრად სფეროში, ვინაიდან მას სურს პოსტ-ამერიკული ახლო აღმოსავლეთის შექმნა. თუმცა ძალიან გაუჭირდება, რეგიონში რომელიმე მთავრობას აფიქრებინოს, რომ აქ დარჩენილ ვაკუუმს შეავსებს.

ზოგადად, 2005 წლიდან რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა ახლო აღმოსავლეთში ჩართულობა. 2005 წლიდან 2007 წლამდე პუტინი ესტუმრა ეგვიპტეს, ისრაელს, საუდის არაბეთს, იორდანიას, კატარს, თურქეთს, ირანს და გაერთიანებულ ემირატებს. პუტინი ცდილობდა ისლამური თანამშრომლობის საგარეო დამკვირვებლის სტატუსი მოეპოვებინა. აღნიშნული ქმედება განსხვავდებოდა მისი წინამორბედის, ელცინის მიდგომისგან, რომელიც რეგიონში ოფიციალური ვიზიტით არც ერთხელ ყოფილა.

უკვე 2013-2016 წლის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური კონცეფციის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ "ახლო აღმოსავლეთი" განისაზღვრა, როგორც პრიორიტეტი. რუსეთს არ გააჩნდა რამე განსაკუთრებული მიდგომა რეგიონისადმი, მაგრამ ჰქონდა აღქმა, რომ მას, როგორც გლობალურ ძალას, შეეძლო ეთამაშა გადამწყვეტი როლი რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოლაპარაკებების მაგიდაზე საკუთარი ადგილი ჰქონოდა.

რატომ ჩაერია რუსეთი?

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობა მოსკოვში გენერალ ყასემ სოლეიმანის სტუმრობის შედეგია. ირანელმა გენერალმა, სავარაუდოდ, დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომ გაეგზავნა რუსული ჯარები სირიის მთავრობის გადასარჩენად.

თუმცა, კრემლს, დიდი ალბათობით, სულაც არ სჭირდებოდა "დარწმუნება". ბაშარ ალ-ასადის მარცხი საფრთხეს უქმნიდა რეგიონში რუსეთის ინტერესებს და აკარგვინებდა რეგიონში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს. ეს იქნებოდა მთავარი დარტყმა მოსკოვისთვის, განსაკუთრებით 2011 წელს დასავლეთის მიერ ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ.

გადაწყვეტილება ინტერვენციის თაობაზე ასახავდა კრემლის შიშს ე.წ. "ფერადი რევოლუციების" და მათი პოტენციური წარმატების მიმართ ანტი-სამთავრობო პროტესტებში, მათ შორის, რუსეთში.

ფოტო: wikipedia

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთისთვის დასავლეთი მიერ დაწესებულმა სანქციებმა საგრძნობლად დააზიანა რუსეთის ეკონომიკა და კრემლთან დაახლოვებული ბიზნეს წრეები, რამაც განაპირობა ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა საკუთარი ძალების სირიის მიწაზე განლაგება. უკრაინის კრიზისის პერიოდში მოლაპარაკებების შეუძლებლობისა და კომუნიკაციის ჩიხში შესვლის გამო, სირია, სადაც დასავლური ძალები მეტ-ნაკლებად ჩართულნი იყვნენ, უხსნიდა კიდევ ერთ ფრონტს რუსეთს, რომ დასავლეთი მოლაპარაკებების პროცესში შეეყვანა.

რას მიაღწია რუსეთმა?

რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ძალამ მოახერხა სირიის მიწაზე სწრაფად შეეცვალა დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაცხადებული მიზეზი იყო "ტერორისტული ჯგუფების" წინააღმდეგ ბრძოლა, რუსეთის არმიამ სირიელ მოკავშირეებთან ერთად პირველივე ჯერზე მიზანში ამოიღო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია, რომელიც განიცდიდა შიდა დაქსაქსულობას — იბრძოდა ორ ფრონტზე, დამასკოსა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ერთ წელზე ცოტა ნაკლებ დროში რუსულმა ძალებმა ირანულ სამხედროებთან და სირიის სამთავრობო შეიარაღებასთან ერთად ალყაში მოაქცია აღმოსავლეთ ალეპო და ნოემბრისთვის უკვე აიძულა ოპოზიცია, დანებებულიყო და ქალაქი დაეტოვებინა. ეს იყო კონფლიქტის გარდამტეხი ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ დაიწყო ოპოზიციური ძალების უკან დახევა.

ფოტო: sn4hr.org

2017 წლის იანვარში დაიწყო მოლაპარაკებები ასტანის (ამჟამად ნურ-სულთანი) ფორმატში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური ძალები და მთავრობა რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან ერთად. ამავე წელს, ამავე ფორმატში რუსეთმა შექმნა ოთხი დე-ესკალაციის ზონა, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამან ხელი შეუწყო რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის არიდებას და საშუალება მისცა სირიის მთავრობას, რუს და ირანელ მოკავშირეებთან ერთად, ერთმანეთის მიყოლებით ჩაეგდო ხელში ოპოზიციის მიერ დაკავებული ადგილები. ამჟამად დე-ესკალირებულ ზონაში მხოლოდ იდლიბის პროვინციის ნაწილები შედის, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

5 წლის მანძილზე რუსეთმა არამხოლოდ სირიის მთავრობის "გადარჩენა" მოახერხა, არამედ მნიშვნელოვნად დაასუსტა ოპოზიცია, რომელიც ასადის ლეგიტიმაციის მთავარი ოპონენტი და ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური ძალა იყო, რომლის ხელისუფლებაში მოსვლას მხარს დაუჭერდა დასავლეთი.

რუსეთის მიერ მიღწეული "წარმატება", ასევე, გახდა მიზეზი იმისა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებმა მოინდომეს ურთიერთობების გაუმჯობესება მოსკოვთან. გასულ წლებში საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტის, ერაყის ქურთული რეგიონის, სუდანის და ისრაელის წარმომადგენლები ჩავიდნენ მოსკოვში. ამან საშუალება მისცა რუსეთს, ჩარეულიყო ლიბიის დაპირისპირებაში და "თავისი სიტყვა ეთქვა" ქვეყნის მომავალ განვითარებაში.

ფოტო: nytimes.com

რუსეთი ვერ ფლობს სრულ კონტროლს დამასკოზე. მიუხედავად ალ ასადის მიმართ პუტინის შეურაცხმყოფელი ჟესტებისა (ამბობენ, რომ პერსონალურად პუტინს ასადი არ მოსწონს), ის არ არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი სირიაში.

ამერიკისა და თურქეთის მზარდი სამხედრო წარმომადგენლობა რესურსებით მდიდარ ჩრდილოეთ სირიაში გარანტიას აძლევს ანკარასა და ვაშინგტონს სირიის მომავლის გადაწყვეტაში "თავიანთი სიტყვაც თქვან". ეს ფაქტორი, ასევე, ხელს უშლის სირიის სამთავრობო ძალებსა და მის ირანელ და რუს მოკავშირეებს, დამასკოზე სრული ტერიტორიული კონტოლის დამყარებაში.

რა სარგებელი მიიღო რუსეთმა ეკონომიკურად?

რუსეთი სირიაში შესვლის დროს ეკონომიკური კრიზისის ფაზაში იყო, რაც ნავთობზე ფასების შემცირებითა და უკრაინის კრიზისით იყო გამოწვეული. თავდაპირველად, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის შიგნით "ომის ღირებულების გამო" უკმაყოფილება გამოიწვია.

მთავრობის თანახმდა, ოპერაციის პირველი ექვსი თვის ღირებულება 464 მილიონი დოლარია, რაც აშშ-ს მიერ ერაყში დახარჯულ ფულთან შედარებით, ნამდვილად მოკრძალებული რაოდენობაა. (აშშ-მ 16 წელში 2 ტრილიონი დახარჯა, წელიწადში — 125 მილიარდი). 2016 წელს რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით თავდაცვის ბიუჯეტი 5,5% იყო, ხოლო 2018 წელს — 3,7%.

რუსეთმა სირიის ოპერაცია გამოიყენა საკუთარი იარაღის დასატესტადაც. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სირიაში 600 ახალი ტიპის იარაღი გამოსცადეს.

სირიის ომმა ასევე გააძლიერა რუსულ ბიზნესთან კავშირები, განსაკუთრებით კი ვაგნერის ჯგუფთან, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუს ბიზნესმენთან, რომელიც ცნობილია მეტსახელით "პუტინის შეფმზარეული". პრიგოჟინმა კრემლთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ბიზნესმენ, გენადი ტიმჩენკოსთან ერთად, რამდენიმე სარფიანი კონტრაქტი "მოიგო" სირიაში.

პრიგოჟინი უკავშირდება დამასკოსთან მიღწეულ ნავთობისა და გაზის შეთანხმებებსაც, ხოლო ტიმჩენკომ მიიღო უფლება, მოეპოვებინა ფოსფატი და გამოეყენებინა ტარტუსის პორტი, სადაც 500 მილიონის რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

ზემოხსენებული ორი მსხვილი ინვესტორისა და რამდენიმე პატარა რუსული კომპანიის გარდა, რუსული ბიზნესისთვის სირიაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობები არ არსებობდა, ვინაიდან მათი ნავთობისა და გაზის საბადოები ბევრად უფრო დაბალი ღირებულების მომტანია, ვიდრე, მაგალითად, ერაყის.

ევროკავშირმა და ამერიკამ, რუსეთის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა, სირიას მკაცრი სანქციები დაუწესეს, რასაც რუსი ბიზნესმენები სიხარულით არ შეხვედრიან. ამან, ასევე, გაართულა სარეკონსტრუქციო პროცესი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ძლიერ დაზიანებულ ადგილებში, სადაც სირიის მთავრობამ აღადგინა კონტროლი. თავად რუსეთს არ გაუცია რამე მნიშვნელოვანი დაფინანსება რეკონსტრუქციისთვის და ვერ შეძლო ევროკავშირის ან ყურის ქვეყნების დარწმუნება ამაში.

სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა სირიის ეკონომიკურმა პრობლემებმა, მათ შორის, სავალუტო კოლაფსმა, რომელიც გაღრმავდა ლიბანის კრიზისით.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობები რუსეთის ეკონომიკისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკურმა ბერკეტებმა, რაც რუსეთმა სირიაში ჩარევის შედეგად მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის კარი გახსნა.

აღნიშნულ წლებში რუსეთმა ხელი მოაწერა მილიარდობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებს საუდის არაბეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და კატართან. რუსულმა კომპანიებმა, ასევე, მიიღეს მომგებიანი კონტრაქტები ეგვიპტეში, ლიბანში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში და თურქეთში, რომელიც ენერგეტიკის სფეროსთანაა კავშირში.

ფოტო: cdn.images.express.co.uk

როგორ იმოქმედა კონფლიქტმა საშინაო პოლიტიკაზე?

ომის ღირებულების გამო უკმაყოფილების გარდა, ინტერვენციის დასაწყისში მთავარ ოპოზიციურ ძალებს არანაირი წინააღმდეგობა არ გასჩენიათ. რუსულმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის უმეტესობამ, ძირითადად მიიღო რუსეთის მთავრობის ნარატივი იმის შესახებ, რომ იგი აპირებდა სირიაში "ტერორისტებთან ბრძოლას".

ცნობებმა სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და რუსეთის საჰაერო ძალების მიერ საავადმყოფოების მიზანში ამოღების შესახებ, ასევე, დაღუპულთა რაოდენობაში მშვიდობიანი მოსახლეობის წილის ზრდამ, საზოგადოებრივი აზრი ვერ შეცვალა.

თუმცა, მოსახლეობის შედარებით ასაკიან ნაწილში გაჩნდა შიშები ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის შესაძლო გამეორებისა, რადგან წინა ომი 15 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცის სიკვდილით, კრახით და უკან დახევით დასრულდა.

კრემლს სურს, სირიაში გამარჯვება გამოაცხადოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. პუტინმა ჯარების გაყვანის შესახებ ორჯერ განაცხადა, 2016 და 2017 წლებში, თუმცა რუსი სამხედრო მოსამსახურეები კვლავ დგანან სირიის მიწაზე.

რუსეთში აქტიური პაციფისტური მოძრაობის მიუხედავად, ხალხი კონფლიქტით დაიღალა. 2019 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 55%-ს სურს, ქვეყანამ სირიაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. მსგავსად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა კი მზარდია.

აღნიშნული უკმაყოფილება უკავშირდება განცდას, რომ რუსეთი ვერ უმკლავდება საშინაო პრობლემებს და საკუთარ ენერგიასა და რესურსს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე არ უნდა ხარჯავდეს.

სირიის მთავრობა და რუსეთი ამჟამადაც აგრძელებენ ქვეყანაში საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევას, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს. Human Rights Watch-ის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსულ-სირიული ალიანსი აგრძელებს ომის დანაშაულის ჩადენას იდლიბის პროვინციაში. მათ გაანადგურეს 46 სამოქალაქო დაწესებულება, მათ შორის, სკოლები და საავადმყოფოები, რამაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. შეიზღუდა ჯანდაცვის სერვისების მიღება, პირველადი საჭიროების პროდუქტებზე წვდომა, განათლების უფლება და ა.შ