მსხვილი ბანკები და ინვესტორები ისრაელის ფინტექ სტარტაპებით ინტერესდებიან
ისრაელის სტარტაპ გარემო გამოირჩევა ნოვატორული და ხშირად საკამათო პროექტებით, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი. ზოგი პროექტით საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებიც კი არიან დაინტერესებულნი.
ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცნენ სილიკონის ველში მოღვაწე ფინტექ სტარტაპები.
ისრაელში რამდენიმე წარმატებული ფინტექ კომპანიაა წარმოდგენილი: სადაზღვევო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე Lemonade, სავაჭრო აპლიკაცია eToro და გადახდების ჯგუფი Melio, რომელმაც $144 მილიონი მოიზიდა.
"ისრაელი ფინტექ კომპანიებისთვის ერთგვარ ბირთვს წარმოადგენს", — აცხადებს The Wall Street Journal-ის ყოფილი რედაქტორი და ისრაელური ტექნოლოგიური კომპანიების ამჟამინდელი კონსულტანტი, ამირ მიზროხი.
Startup Nation Central-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 500-მდე ფინტექ სტარტაპია, საიდანაც 12 სტარტაპი ფინტექ-უნიქორნია, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ისრაელური ფინტექ სტარტაპების დაფინანსებამ ჯამში $1.8 მილიარდს მიაღწია, რაც ამ სექტორის გლობალური დაფინანსების 5%-ს შეადგენს.
ისრაელელი ფინტექ სტარტაპებით ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებიც ინტერესდებიან. Citi, Barclays და Santander — ეს ის ბანკებია, რომლებსაც თელ-ავივში საკუთარი ფინტექ ინოვაციების ლაბორატორიები აქვთ.
Santander Ventures-მა ისრაელში ბოლო 5 წლის მანძილზე რამდენიმე ფინტექ ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, ადგილობრივი მობილური ჩარიცხვების სისტემა MyCheck-ში.
გარდა ამისა, Leumi-მ 2017 წელს ისრაელში საკუთარი პირველი ციფრული ბანკი Pepper წარადგინა.
ისრაელის ფინანსური ტექნოლოგიების ბუმს ისიც განაპირობებს, რომ ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს თაღლითობასთან ბრძოლასა და მონაცემების ანალიტიკაში. შედეგად, ფინტექმა საკუთარი ადგილი უსაფრთხოებასა და ფინანსებს შორის იპოვა და შექმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა მაგალითად BioCatch, რომელიც საეჭვო და მავნე ფინანსური მოთამაშეების განდევნით არის დაკავებული.
მიზროხის თქმით, ისრაელის ფინტექ ეკოსისტემა თავდაპირველად თაღლითობასთან ბრძოლასა და მონაცემების დამუშავებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ამჟამად ქვეყანაში ვითარდებიან ახალი ფინტექ სტარტაპები, რომლებიც ძირითად აქცენტს სამომხმარებლო ბაზარზე აკეთებენ.
"რა არის ახალი ისრაელის ფინტექ ბაზარზე — სტარტაპები ბანკებისა და მთავრობების ნაცვლად, ამჯერად სამომხმარებლო ბაზრით დაინტერესდნენ", — აცხადებს ის.
გარდა ამისა, ისრაელის ფინტექ სტარტაპები თავიდანვე მზად არიან გარე ბაზრებზე გასასვლელად, რადგან ქვეყნის შიდა ბაზარი მხოლოდ 8,5 მილიონ ადამიანს ითვლის.
ახალი სავაჭრო შეთანხმება ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის შესაძლოა ფინტექ კომპანიებისთვის ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობადაც იქცეს.
ახალი ერა?
ფინტექ ინდუსტრიის დიდი წარმატების მიუხედავად, ისრაელი ჯერჯერობით ისევ კიბერუსაფრთხოების სფეროში ლიდერობს. თუმცა, ისრაელის საბანკო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რაკაფეტ რუსაკ-ამინოაქის თქმით, ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება.
"ვერ ვიტყვი, რომ ისრაელი ფინტექის მიმართულებით პირველ ადგილზეა, თუმცა ქვეყნისთვის ეს მიმართულება ძალზედ მნიშვნელოვანია. თუ ისრაელი ამჟამად კიბერუსაფრთხოებაში ლიდერობს, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ამ ადგილს ფინტექ ინდუსტრიაშიც დავიკავებთ".
რუსაკ-ამინოაქმა თელ-ავივში ახალი ვენჩურული ფინტექ აქსელერატორი, Team8 Fintech შექმნა, რომელიც გამოავლენს 5 ფინტექ კომპანიას, რომლებიც კორპორატიულ ინოვაციებზე იქნებიან ორიენტირებულები. აქსელერატორი თითოეულ გამარჯვებულს $5 მილიონამდე გადასცემს.
ამ ფინტექ სტარტაპების თანადამფუძნებლები ძირითადად ისრაელელები იქნებიან, თუმცა, როგორც ვენჩურული ფონდი აცხადებს, იგი ღიაა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვისაც.
კომენტარები