რაში სჭირდებათ ტარანტულებს კაშკაშა შეფერილობები — მკვლევრებს ჰიპოთეზა აქვთ
ტარანტულები მხოლოდ ყავისფრები და შავები არ არიან. ამ დიდ, თმიან ობობებს ასევე ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი და წითელი ფერი შეუძლიათ მიიღონ.
ამის მიუხედევად, ტარანტულები ყველაზე აქტიურები ბინდის დროს არიან — მაშინ, როცა ხასხასა ფერების დანახვა ძალიან რთულია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, ადამიანებისთვის). აქამდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, შეეძლოთ თუ არა ტარანტულებს საღამოს საათებში ერთმანეთის საოცარი ფერების გარჩევა.
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ტარანტულებს ბინდისას გარკვევით შეუძლიათ ფერების დანახვა და მეტიც — მათ შეფერილობაში არსებულ ორი ტონს, მწვანეს და ლურჯს განსაკუთრებული დანიშნულებაც კი აქვს.
ადამიანებს სიბნელეში ფერების აღქმა გვიჭირს. ასეთ დროს ჩვენს თვალებს კარგად არ შეუძლიათ ერთი ტონის მეორისგან გარჩევა. თუმცა ზოგიერთ ცხოველს ფერების სიბნელეში აღქმის ძლიერი უნარი აქვს.
ახალი კვლევის ფარგლებში გუნდმა ტარანტულის 37 სახეობის ფოტოები გააანალიზა, მათი ფერების სპექტრი გაზომა, ქცევის სპეციფიკური ნიშნები აღნიშნა და ევოლუციური ისტორია გამოიკვლია.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ ხედავენ ეს ცხოველები ფერებს სიბნელეში, თუმცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტარანტულის ოფსინის ძალიან ბევრი გენი აქვს, რომლებიც ოფსინის ცილებს წარმოქმნიან, ისინი კი ცხოველებს ფერების დანახვაში ეხმარებიან.
მათ დაადგინეს, რომ ტარანტულების უმეტესობას ოფსინის ის მთლიანი ნაკრები აქვს, რომლებიც დღის განმავლობაში აქტიურ ობობებში გვხვდება. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ისინი ფერებს დანამდვილებით ხედავენ.
მკვლევრებმა ასევე ისიც გამოიძიეს, რა კონკრეტული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ტარანტულების მწვანე და ლურჯ შეფერილობას. მათ შეამჩნიეს, რომ მწვანე შეფერილობა ტყიან გარემოში მცხოვრებ ტარანტულებს ახასიათებთ. ამის გამო შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფერი კამუფლაჟის როლს ასრულებს.
უფრო რთულად ასახსნელია თვალისმომჭრელი ლურჯი ფერის დანიშნულება. თუმცა მკვლევრებს ჰიპოთეზა აქაც აქვთ:
"ლურჯი ფერის ზუსტი ფუნქცია ჯერ კიდევ უცნობია. ჩვენი შედეგების მიხედვით, ტარანტულებს მისი დანახვის უნარი უნდა ჰქონდეთ. ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შეფერილობა მათ მეწყვილის მოსაზიდად სჭირდებათ", — განაცხადა მკვლევარმა კარნეგ მელონმა.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები