ჟანგბადის გაჩენამდე ცოცხალი ორგანიზმები, შესაძლოა, დარიშხანს სუნთქავდნენ
მილიარდობით წლის წინ — მანამდე, სანამ დედამიწაზე ჟანგბადი ხელმისაწვდომი იქნებოდა, დღეისთვის ცნობილი საწამლავი, დარიშხანი, შესაძლოა, სწორედ ის ნაერთი იყო, რომელსაც იმ ხანაში არსებული ცოცხალი ორგანიზმები სუნთქავდნენ.
ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნოში მკვლევრები ფოტოსინთეზურ მიკრობებს აკვირდებოდნენ, რომლებიც მარილიან ტბაში ბინადრობენ, სადაც ჟანგბადი არ გვხვდება.
"მიკრობულ 'ხალიჩებზე' 35 წელია, რაც ვმუშაობ, ეს ადგილი კი დედამიწაზე ერთადერთია, სადაც ისეთი მიკრობული ხალიჩები შემიძლია ვიპოვო, რომლებიც ჟანგბადის გარეშე ფუნქციონირებენ", — განაცხადა მკვლევარმა პიეტერ ვიშერმა.
მიკრობული ხალიჩები, რომლებიც სტრომატოლითებად განამარხდნენ, დედამიწაზე მინიმუმ 3,5 მილიარდი წელია, რაც უხვად მოიპოვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში ჟანგბადი არ არსებობდა.
როგორ გადარჩნენ სიცოცხლის ეს ფორმები მსგავს პირობებში, კვლავ უცნობია, მაგრამ სტრომატოლითებისა და ექსტრემოფილების შესწავლით მკვლევრებს ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი აქვთ.
როგორც წესი, რკინა, გოგირდი და წყალბადი ჟანგბადის ჩამნაცვლებლებად განიხილებიან, თუმცა დარიშხანის ვერსია ამ ვარაუდს ცვლის. დასავლეთ ავსტრალიიდან მოპოვებული სტომატოლითების ანალიზმა აჩვენა, რომ სინათლე და დარიშხანი ერთად ფოტოსინთეზისთვის ეფექტიანი საშუალება იყო, რასაც რკინაზე და გოგირდზე ვერ ვიტყვით.
გასულ წელს კი მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს, რომლებიც ასევე დარიშხანს სუნთქავდნენ. ამასთან, ლა ბრავას ტბის მიკროორგანიზმები ნევადაში მდებარე იმ ბაქტერიებს ძალიან ჰგვანან, რომლებიც ფოტოსინთეზს დარიშხანის არსენატად დაჟანგვის მეშვეობით ახერხებენ.
თუმცა იმის დასამტიცებლად, რომ ლა ბრავას მიკრობები ასევე დარიშხანით სუნთქავენ, დამატებითი კვლევებია საჭირო. თუკი ეს დამტკიცდა, მიკრობული ხალიჩები ადრეული სიცოცხლის ფორმების შესასწავლად იდეალური ვარიანტი იქნება.
კვლევების მიხედვით, ლა ბრავას მიკრობულ ხალიჩებს დარიშახანისა და გოგირდის მეტაბოლიზირებისთვის საკუთარი მეთოდები აქვთ. მკვლევრების თქმით, დარიშახნის შემცირება ბევრად ეფექტიანია, ვიდრე სულფატის. თუკი გუნდი მართალია, ჩვენ სიცოცხლის ფორმების ძებნა გაცილებით მეტ ადგილას შეგვეძლება.
"მარსზე სიცოცხლის ნიშნების მოსაპოვებლად მეცნიერებს რკინისა და ალბათ დარიშხანის ძებნაც მოუწევთ", — აცხადებენ მვკლევრები.
კვლევა ჟურნალ Communications Earth and Environment-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები