პაწაწინა მოწყობილობა, რომელსაც ტელეფონის დატენვა სიარულისას წარმოქმნილი ენერგიით შეუძლია
ათწლეულების განმავლობაში ქარის ტურბინების ზომა უფრო და უფრო იზრდებოდა. ამან ქარის მიერ წარმოებული ელექტრობის სულ უფრო გაიაფება გამოიწვია. ახლა კი, მსგავსი ტურბინების იმდენად დაპატარავება უნდათ, რომ მათი თან ტარება გახდეს შესაძლებელი.
პეკინის ნანოენერგიისა და ნანოსისტემების უნივერსიტეტის გუნდმა მოწყობილობა წარადგინა, რომელსაც ქარის სიჩქარეზე მუშაობა 1,6 მ/წმ-ში შეუძლია. ტურბინებისგან განსხვავებით, მოწყობილობა ტრიბოელექტრული ნანოგენერატორია, რაც ნიშნავს, რომ ელექტრობა ხახუნისგან წარმოიქმნება. პროტოტიპი B-TENG-ის სახელითაა ცნობილი და ის 2,5 მილივატს წარმოქმნის, რაც საშუალო სიმძლავრის ტურბინის მიერ წარმოქმნილ ენერგიაზე მილიარდჯერ ნაკლებია.
B-TENG არ მუშაობს ჰორიზონტალურღერძიანი ქარის ტურბინების მსგავსად, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ელექტრობის 5%-ს აწარმოებს. ამის ნაცვლად, იგი ორი პლასტმასის ფირფიტისგანაა დამზადებული, რომელთაგან თითოეულზე ვერცხლის ელექტროდია მოთავსებული.
მზის მცირე ზომის კოლექტორებმა თავისი ეფექტიანობა და სარგებლიანობა უკვე დაამტკიცეს. მათი გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ელექტრობის წარმოქმნა რთულია, ძალიან გამოსადეგია. ამ კოლექტორებმა ათასობით ადამიანის უსაფრთხო და ეკონომიურ ელექტროენერგიასთან წვდომა უზრუნველყო.
მართალია, მზის კოლექტორები მთანამედროვე ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ძალიან ბევრი გამომგონებელი ცდილობს, ენერგიის მოპოვების ალტერნატიული გზები გამონახოს.
"ჩვენი მიზანი არსებული ქარის ენერგიის ტექნოლოგიების ჩანაცვლება არ არის; არამედ, ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლის მოგვარებაც ქარის ტრადიციულ ტურბინებს არ შეუძლიათ", — განაცხადა იდეის ავტორმა ია იანგმა.
იანგის თქმით, B-TENG-ის დამზადება იაფი პლასტმასითაა შესაძლებელი. ამჟამად იგი ისეთ ნივთიერებებსაც იყენებს, რომლებიც კომერციული მასშტაბის ვერსიისთვის შეუფერებელია.
ყველაზე კარგ შემთხვევაში, B-TENG არსებული ქარის ენერგიის 3,2%-ს მიიღებს, რაც ქარის დიდ ტურბინებთან შედარებით ძალიან მცირე მაჩვენებელია, თუმცა მსგავსი პატარა მოწყობილობებისთვის სტანდარტს წარმოადგენს.
კვლევა Cell Reports Physical Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები