ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომლის არსებობაც დადგენილი თეორიებით ვერ იხსნება
ახლადაღმოჩენილი ეგზოპლანეტა იმ იშვიათი ეგზოპლანეტების რიცხვში შედის, რომლებიც თავის მასპინძელ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარეობენ. ეს პლანეტა ნეპტუნის ზომისაა და ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს ყოველ 19 საათში ერთხელ ასრულებს.
აქამდე ნეპტუნის ზომის პლანეტა, რომელიც ერთ სრულ ბრუნს ერთ დღეზე ნაკლებ დროში ასრულებს, არასდროს აღმოუჩენიათ. როგორც წესი, ეგზოპლანეტები, რომლებიც ვარსკვლავთან ასე ახლოს მდებარეობენ, ან გაზის გიგანტები არიან, რომლებსაც ულტრა-ცხელ იუპიტერებს უწოდებენ, ან — დედამიწის, მერკურის, მარსის და ვენერას მსგავსი პატარა ქვიანი პლანეტები, რომლებსაც ულტრა-მოკლე პერიოდის პლანეტებს უწოდებენ. ამ ჯერჯერობით ერთპლანეტიან ჯგუფს კი ულტრა-ცხელი ნეპტუნები უწოდეს.
ამ აღმოჩენას კიდევ ერთი უცნაურობა ერთვის: პლანეტის თვისებები გვაფიქრებინებს, რომ მას ისეთივე სქელი ატმოსფერო აქვს, როგორიც ნეპტუნს. ეს კი აჩენს კითხვას, თუ როგორ ნარჩუნდება მსგავსი ატმოსფერო ვარსკვლავთან ასე ახლოს ყოფნის მიუხედავად.
პლანეტა, რომელსაც LTT 9779 b ეწოდება, ჩვენგან 260 სინათლის წელიწადით დაშორებული ვარკსვლავის, LTT 9779-ის გარშემო ბრუნავს. ეს ვარსკვლავი, თავისი მასითა და ზომით, ძალიან ჰგავს ჩვენს მზეს. თუმცა იგი მზეზე ახალგაზრდაა: ვარსკვლავი 2 მილიარდი წლისაა.
მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ LTT 9779 b დედამიწის მასაზე 29,32-ჯერ მეტია, ხოლო ზომით 4,72-ჯერ მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ნეპტუნი დედამიწის მასაზე 17,1-ჯერ მეტია, ხოლო ზომით — 3,88-ჯერ დიდი.
LTT 9779 b-ის თვისებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მას ნეპტუნის მსგავსი შემადგენლობა აქვს: დიდი ქვიანი ბირთვი და სქელი ატმოსფერო, რაც ნამდვილად გასაკვირია.
"ახალგაზრდა ვარსკვლავისგან რენტგენის სხივების ინტენსიური დასხივებით პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილის ატმოსფერული გაზები კოსმოსში უნდა იყოს მიმოფანტული. შესაბამისად, არსებობს რაღაც ახალი და უჩვეულო, რაც არ ვიცით და რისი ახსნაც უნდა მოვახერხოთ", — განაცხადა ვარვიკის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯორჯ კინგმა.
ასევე, ვარსკვლავის ლითონური თვისებები, შესაძლოა, გარკვეული მინიშნება იყოს: მსგავსი ვარსკვლავები უმეტესწილად გაზის გიგანტების მასპინძლები არიან, ვიდრე — მათი ლითონებით ღარიბი ნათესავები.
შესაძლოა, რომ LTT 9779 b-მ საკუთარი ვარსკვლავისგან ბევრად შორს დაიწყო არსებობა და წინ შემდეგ წამოვიდა, მისი ორბიტა კი სხვა პლანეტებთან გრავიტაციული ინტერაქციების გამო დაირღვა. ასეთ შემთხვევაში, იგი ატმოსფეროს იმაზე დიდხანს შეინარჩუნებდა, ვიდრე მაშინ, იმ ადგილას რომ ფორმურილებულიყო, სადაც ამჟამადაა.
რაც დღეისთვის დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ეგზოპლანეტას სქელი ატმოსფერო აქვს და საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს 19 საათში ასრულებს. მრავალი პასუხგაუცემელი კითხვის გამო იგი შემდგომი კვლევებისთვის იდეალურ კანდიდატს წარმოადგენს.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები