ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში — პარტიების ხედვა წინასაარჩევნოდ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ქვეყანაში, სადაც გენდერულ კვოტირებაზე დღემდე დაობენ და პარტიათა ნაწილისთვის ის კატეგორიულად მიუღებელია; სადაც მმართველ გუნდს საარჩევნო სიაში, ზუსტად იმდენი ქალი ჰყავს, რამდენსაც მათივე ინიცირებული კანონი ითხოვს, ხედვები ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული არ არის. ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას ისინი უკვე ახალისებენ, ნაწილი კი აპირებს, რომ პოლიტიკური თანამდებობების, მინიმუმ, 40 პროცენტი ქალებით დააკომპლექტოს და ამ ფორმით შეუწყოს ხელი ქალთა გაძლიერებას.

გთავაზობთ 7 პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩის, მოქალაქეების, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის ხედვებს ამ საკითხზე, რომელიც Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქართული ოცნება — დემოკრატიული მოძრაობა

პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. მმართველ გუნდის ხედვები გამოქვეყნებული არ არის, რადგან კითხვარი, რომელიც პლატფორმის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, არ შეუვსიათ.

ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის

ევროპული საქართველოს განცხადებით, მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, შექმნან ისეთი პირობები, რომ საზოგადოების ყველა წევრმა თანაბრად მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისებისა და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით კი, პარტია აცხადებს, რომ იზრუნებს თავისი სტრუქტურული ერთეულის — ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ცნობილია, რომ ევროპული საქართველო კვოტირების მოწინააღმდეგეა.

"ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, მოხერხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე, როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში", — აცხადებენ პარტიაში.

მათი პოზიციით, ისინი ახალისებენ ქალთა ჩართულობას, არა მხოლოდ პარტიული საქმიანობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს უწყობენ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, ხელს შეუწყობენ პარტიის ქალთა ორგანიზაციის განვითარებას.

"ენმ-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 50-ზე მეტი რაიონული ქალთა ორგანიზაცია და მოხდა ათასობით ქალი აქტივისტის მობილიზაცია, ისევე, როგორც მრავალი ლიდერი ქალის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება და მისი აქტივობების ეფექტიანად განხორციელება", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

პარტიის მიზანია, რომ წაახალისონ ქალთა ჩართულობა, არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ შეუწყონ ხელი მეტი ქალის, როგორც ინფორმირებული ამომრჩევლების, აქტივისტებისა თუ ლიდერების ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები

ალეკო ელისაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ გენდერული კვოტირების მომხრე არიან. მათი თქმით, მიესალმებიან ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც პარტიებს მოუწევთ საარჩევნო სიების გენდერულად დაბალანსება და ასევე, ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში, ფინანსური სარგებლის მოიპოვებენ.

"თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ საფრთხესაც — არ არის გამორიცხული, ამ ცვლილების გამო, პოლიტიკოს ქალებს მოუწიოთ თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში ყოფნა დაიმსახურეს თავიანთი შესაძლებლობების, კვალიფიკაციის შესაბამისად, და არა იმიტომ, რომ ქალები არიან. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება გვყავდეს ბევრი პარლამენტარი ქალი, რომელთაც პარტიები მხოლოდ ბუტაფორიად გამოიყენებენ", — აცხადებენ პარტიაში.

მათი ხედვით, ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, პარალელურად უნდა დაიწყოს აქტიური სოციალური კამპანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქალთა წარმომადგენლობის აუცილებლობისა და მათი როლის გააქტიურების შესახებ, რათა ქალები სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი

გენდერული კვოტირების აქტიური მოწინააღდეგის, გირჩს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები სქესის მიუხედავად.

"ჩვენ გვაქვს გირჩის პოლიტიკოსების შერჩევის მერიტოკრატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერს აქვს წარმატების თანაბარი შანსი", — აცხადებენ პარტიაში.

პარტიის პოზიციით, პოლიტიკოს ქალთა უფლებებს ყველაზე მეტად არღვევს კვოტირების კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს და მათი მტკიცებით, ყველაფერს გააკეთებენ მის გასაუქმებლად.

ლელო საქართველოსთვის

პარტიაში ამბობენ, რომ ლელო შიდაპარტიულ საქმიანობაში ქალების როლის ზრდას, ქალთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხელს უწყობს. მათი მტკიცებით, ლელოს მთავრობაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების, მინიმუმ, 40%-ს ქალები დაიკავებენ.

"საჯარო სექტორში გატარდება გენდერულად დაბალანსებული საკადრო პოლიტიკა. სამუშაოზე აყვანისა და შრომის ანაზღაურების პროცესში გენდერული დისკრიმინაცია, მათ შორის, კერძო სექტორში, აღმოიფხვრება საკანონმდებლო დონეზე", — აცახდებენ პარტიაში.

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პროგრამაში პარტიას სხვა რამდენიმე თემაზეც აქვს პოზიცია წარმოდგენილი. მათ შორის, ქალების ძალადობისგან დაცვა, ეკონომიკური გაძლიერება და ჯანმრთელობა.

პარტიის პოზიციით, გაიზრდება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, ამაღლდება მათი კვალიფიკაცია და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. მათი თქმით, აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო გეგმებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის ენებზე.

"გაიზრდება მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომა. კრიმინალთან ბრძოლის დაწესებულებებში დაიხვეწება პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მექანიზმები, მათ შორის, ფემიციდის საქმეებში გენდერული მოტივების დადგენისა და ერთიანი სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია", — აცხადებენ პარტიაში.

ლელოს განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად, ქალ მეწარმეთა ასოციაციებთან პარტნიორობით პროფესიული განათლებისა და ბიზნესუნარების დაუფლების სპეციალური პროგრამები განხორციელდება.

ამასთან, ლელოს პოზიციით, ისინი დაამკვიდრებენ სოციალური დახმარების სისტემას, რომელიც ორიენტირებული იქნება მარტოხელა დედის, მრავალშვილიანი დედის, შშმ ქალის, შშმ ბავშვის დედის, არა მხოლოდ მყისიერი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არამედ პრობლემების გრძელვადიანი პერსპექტივით მოგვარებაზე.

"შშმ ქალებისა და გოგონებისთვის უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით იარსებებს გენდერულად მგრძნობიარე სამედიცინო მომსახურება", — აცხადებენ პარტიაში.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციაა, რომ ინსტიტუციურად უფრო გაძლიერდეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო. ასევე, დაიხვეწოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არსებული უწყებების/ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა.

"ჩვენ ვგეგმავთ გავაფართოოთ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს მთელი მასშტაბით. მათში სახელმწიფო რესურსთან ერთად აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

პარტიის პოზიციით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ რეგიონებში ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა, გენდერული კვოტირების საკითხები და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

Partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა

როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა — ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა…