ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სათვალის მტარებელ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი აქვთ. კვლევის ავტორებმა თავიანთი ნაშრომი აკადემიურ გამოცემაში JAMA Ophthalmology გამოაქვეყნეს.

მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების გამო მათ ჰოსპიტალში მოხვედრილთა მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებდა სათვალეს. აღნიშნულის გამო მათ COVID-19-ით დაავადებული ყველა სათვალიანი ადამიანის სამედიცინო ისტორია გამოიკვლიეს. თავიანთ მცირე კვლევაში მათ აღმოაჩინეს, რომ 276 პაციენტიდან სათვალეს მხოლოდ 16 (5,8%) ატარებდა.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველა ეს პაციენტი ახლომხედველი გახლდათ. ამის შემდგომ მათ ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებ მიოპიით დაავადებულთა ინფიცირების სტატისტიკა გააანალიზეს. როგორც გაირკვა, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდა (31,5%), მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლომხედველთა საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა მოსალოდნელზე 5-ჯერ უფრო დაბალი იყო.

აღნიშნული კვლევა ნამდვილად საყურადღებო ნაშრომია, მაგრამ მიღებულ შედეგებს ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა გავუკეთოთ.

მართალია, თვალების დაცვა პირველადი თავდაცვის აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ ნაშრომში მოყვანილი განსხვავების მაგნიტუდა მაინც ეჭვებს ბადებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული შედეგები მცდარია, უბრალოდ, ფართო პოპულაციისთვის ქცევის შეცვლისკენ (სათვალის პირბადესთან ერთად ტარება) მიმართული ახალი რეკომენდაციისათვის ეს კვლევა საკმარისი არ გახლავთ.

არის თვალები ვირუსის შეჭრის კარიბჭე?

ფოტო: Getty Images

ორგანიზმში შეჭრა ნებისმიერი ვირუსული ინფექციისთვის საკვანძო მომენტი გახლავთ. მაშინ, როცა მთელი სხეული ვირუსებისა თუ ბაქტერიებისათვის შეუღწევადი კანით არის დაფარული, ეს უკანასკნელნი უფრო თხელი "მემბრანის" ძიებაში არიან. ისინი მათ წარმატებით პოულობენ ჩვენს სასუნთქსა თუ მომნელებელ სისტემასა და თვალებში. უფრო თხელი მემბრანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარემოდან ორგანიზმში ჟანგბადი, საკვები და თვალების შემთხვევაში — სინათლე შემოვიდეს. სამწუხაროდ, ვირუსებმა ამ დაუცველი ადგილებიდან შემოჭრა წარმატებით ისწავლეს.

ამის გამო, პირველადი თავდაცვის საშუალებები ისეა შექმნილი, რომ ეს სუსტი წერილები უსაფრთხოდ იყოს. ეს ეხება ერთჯერად ხალათებს, პირბადეებსა და სათვალეებს.

თუ წარმოვიდგნეთ, რომ ამ უბნებზე ძირითად დარტყმას ჰაერში, აეროზოლის ფორმაში შეწონილი ვირუსული ნაწილაკები ახდენენ, მარტივი მისახვედრი იქნება, რომ ისინი სუსტ წერტილებამდე მისაღწევად ჩვენსავე ხელებს იყენებენ. აქედან მომდინარეობს საკუთარ სახეზე ხელით შეხების შეზღუდვისა და ხელების მინიმუმ 20 წამის განმავლობაში საპნით, რეგულარული დაბანის რეკომენდაციაც.

შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად ჟღერს, რომ სათვალე ვირუსებისთვის ჩვენს თვალებამდე მისაღწევ გზაზე დამატებით წინაღობას ქმნის — იგი როგორც ამოსუნთქულ ჰაერში შეწონილი ვირუსის შეჭრისგან, ასევე ვირუსით დაბინძურებული ხელის თვალში მოხვედრისგანაც გვიცავს.

ჯერ კიდევ თებერვალში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ COVID-19-ით ინფიცირება თვალების არაჯეროვანი დაცვის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის მიერ სხეულში შესაღწევად გამოყენებული სპეციფიკური ACE-2 რეცეპტორები ჩვენ თვალებშიც გვაქვს.

სათვალის ტარება დავიწყოთ?

დაკვირვებითი, ანუ ობზერვაციული კვლევებიდან მომდინარე ნებისმიერი მტკიცებულების ინტერპრეტაციის კრიტიკული ნაწილი იმას გულისხმობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს: კორელაცია (როცა ორი მოვლენა ერთდროულად ხდება) აუცილებლად მიზეზ-შედეგობრიობას (ერთი მოვლენა იწვევს მეორეს) არ ნიშნავს. ამისათვის კონტოლირებული კვლევაა საჭირო.

იდეალურ შემთხვევაში, ეს ფრთხილად შერჩეულ, ერთმანეთის მსგავს ორ ჯგუფზე (სათვალიანები VS უსათვალოები) ხანგრძლივ დაკვირვებას გულისხმობს. საბოლოოდ გამოვლინდება, უფრო მეტი ინფიცირებული რომელ ჯგუფს ჰყავდა. ამგვარი დიზაინით ჩატარებული კვლევიდან მიღებული მტკიცებულება ობზერვაციული კვლევის დასკვნებზე უფრო მეტად ზუსტი და სანდოა.

უნდა ითქვას, რომ კვლევაში არსებულ სისუსტეებზე ავტორებიც მიუთითებენ — კვლევა მცირერიცხოვანია და იგი მხოლოდ ერთ ჰოსპიტალში ჩატარდა.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა თავისი შინაარსით საინტერესოა, პირბადის ტარებასთან ერთად სათვალის ტარების რეკომენდაციის გაცემამდე უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევაა საჭირო.