ფენტეზისა და კომიქსების სამყაროში ლევიტაცია მარტივი და ბუნებრივი მოვლენაა. რეალურად კი ფიზიკაში მსგავსი მდგომარეობის მიღწევას გაცილებით მრავალმხრივი პირობები სჭირდება. ბგერებს, მაგნიტურ ველსა და ელექტრულ მუხტს მართლაც შეულია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გრავიტაციას ნაწილობრივ "შებოჭავს".

ამის მიუხედავად, მათი პრაქტიკული გამოყენება რთული ინჟინრული პირობების შექმნასა და დიდძალ ენერგიას მოითხოვს. ეს რომც შევძლოთ, მისი რეალურად გამოყენება კინემატოგრაფიული წარმოდგენებისგან მაინც ძალიან განსხვავებული იქნება.

ფოტო: phlearn.com

აკუსტიკური ლევიტაცია ამ მოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ამ ტექნოლოგიაში მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღები წნევის მონაცვლე ზონებს ქმნის, სადაც დაბალი ინტენსივობის რეგიონები მცირე ობიექტებს ჰაერში აკავებს. ეს მეთოდი მხოლოდ მიკროსკოპული ან ძალიან მსუბუქი ნაწილაკების შემთხვევაშია ეფექტიანი. დიდი ზომის ობიექტების ჰაერში ასაწევად გაცილებით დაბალსიხშირიანი და გრძელი ტალღებია საჭირო.

ბრისტოლში მდებარე კომპანია Impulsonics-ის მექანიკური ინჟინრის, ლუკ კოქსის, შეფასებით, ადამიანის ლევიტაციისთვის მინიმუმ 1.25 მეტრის 275-ჰერციანი ტალღა იქნება საჭირო. საინტერესოა, რომ ამ სიხშირეს ბას-გიტარაც კი გამოსცემს, მაგრამ მსგავსი მასშტაბის აკუსტიკური ველი იმდენად დიდ ენერგიას მოითხოვს, რომ ასეთი მოწყობილობის ამოქმედებისთვის ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე დაგვჭირდება. გარდა ამისა, წარმოქმნილი სითბო ადამიანს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ აღნიშნული მეთოდის განხორციელებისას თერმული დაცვის სისტემის აუცილებლობაც გასათვალისწინებელია.

აკუსტიკურისგან განსხვავებით, მაგნიტური ლევიტაცია გაცილებით მოსახერხებელი მეთოდია. ამის მაგალითად მაგლევის მატარებლები გამოდგება, რომლებიც ძლიერი მაგნიტური ურთიერთქმედებით ლიანდაგიდან მილიმეტრების დაშორებით მოძრაობს.

უფრო რთული ამოცანა არამაგნიტური მასალების ლევიტაციაა. საინტერესოა, რომ წყალი, ცილები და სხვა მრავალი ნაერთი დიამაგნიტურია, ანუ ძლიერ ველში სუსტად მაგნიტდება და მისგან მოშორებით განიზიდება. 1997 წელს მეცნიერებმა ბაყაყის ლევიტირება სწორედ ამ პრინციპით შეძლეს.

ლევიტაციის მესამე სტრატეგია ელექტრული მუხტების გამოყენებაა, რომელიც ბუნებრივად ობობებში გვხვდება. პენსილვანიის უნივერსიტეტის ფიზიკოს იგორ ბარგატინის კვლევის მიხედვით, ზოგიერთი ობობა აბრეშუმის ქსელზე დაგროვილი მუხტის მეშვეობით დედამიწის ელექტრულ ველთან ურთიერთქმედებს და ქარის დახმარებით კილომეტრებზე ადის. სამწუხაროდ, იგივე მეთოდის ადამიანზე გავრცელება არარეალურია. ამისთვის საჭირო მუხტის მასშტაბი იმდენად მაღალია, რომ აფრენა მცირე ელექტრულ მუხტს კი არა, მეხის დარტყმის ტოლფას კატასტროფას გამოიწვევდა.

იმის მიუხედავად, რომ სრულმასშტაბიანი ლევიტაცია ჯერ კიდევ მიუღწეველ მოვლენად რჩება, ტექნოლოგია მაინც მნიშვნელოვნად ვითარდება. აკუსტიკური ლევიტაცია სტერილურ გარემოში ნიმუშების ფიზიკური გადაადგილების საშუალებას იძლევა, ხოლო მაგნიტური ლევიტაცია ინდუსტრიული დანადგარების დეტალების ცვეთის გარეშე მუშაობის საშუალებას იძლევა და მათი ბრუნვის სიჩქარეს ზრდის.

მეცნიერები არსებული თეორიების განვითარებას აქტიურად ცდილობენ. ბევრი მათგანის აზრით, სავსებით შესაძლებელია ლევიტაციის გარდაქმნა ისეთ ენერგოეფექტიან და უსაფრთხო ტექნოლოგიად, რომელიც ფენტეზის სამყაროში აღწერილ მდგომარეობებს რეალობად აქცევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.