ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) შობის კუნძულის ბიგა (Crocidura trichura) ოფიციალურად გადაშენებულ სახეობად გამოაცხადა. ბიგასებრთა ეს წარმომადგენელი ავსტრალიაში მდებარე კუნძულზე ერთ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა იგი 40 წელია, იქ აღარ უნახავთ.

შობის კუნძულზე რამდენიმე უნიკალური ცხოველი გვხვდება, რომლებიც მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბინადრობენ. მაგალითად, ასეთია კიბორჩხალა Gecarcoidea natalis და ზღვის ფრინველი Papasula abbotti. ახლა ამ ჩამონათვალს ზემოხსენებული ბიგა გამოაკლდა — ძუძუმწოვარი, რომელიც მწერებით იკვებებოდა.

ეს ცხოველები ძალიან მცირე ზომის იყვნენ, თუმცა კუნძულისთვის დამახასიათებელ ხმებზე დიდი გავლენა გქონდათ. 1890-იან წლებში იქ ჩასულმა ევროპელმა ნატურალისტებმა შენიშნეს, რომ Crocidura trichura მთელს ტერიტორიაზე ჭარბად გვხვდებოდა და ღამით ჭყიპინის მსგავს წვრილ ხმას გამოსცემდა, რომელიც ღამურას ვოკალიზაციებს ჰგავდა. მეცნიერები ჰყვებიან, რომ ეს ხმები ყველა მხრიდან ისმოდა.

ამის მიუხედავად, ადამიანთა მიერ შობის კუნძულზე სხვა ძუძუმწოვრის ჩაყვანამ ყველაფერი შეცვალა.

ფოტო: Max Orchard

ინვაზიური სახეობა, რომელმაც კუნძულზე სულ მცირე სამი ძუძუმწოვრის გადაშენება გამოიწვია (მათ შორის მღრღნელ Rattus macleari-ს), შავი ვირთხაა. ის ავსტრალიის ამ ნაწილში დაახლოებით 100 წლის წინ აღმოჩნდა და ზოგიერთი ცხოველი პარაზიტ ტრიპანოსომით დააავადა.

1980-იან წლებში შობის კუნძულის ეკოსისტემაში გველი Lycodon capucinus-იც მოხვდა, რამაც სავარაუდოდ, სიტუაცია გაამწვავა. მიიჩნევა, რომ იგი ენდემური ღამურებისა და რამდენიმე რეპტილიის გადაშენების მიზეზი გახდა.

საერთო ჯამში, 1788 წლიდან დღემდე, შობის კუნძულზე 39 სახეობა გაქრა, რაც იქაური ხმელეთის ძუძუმწოვრების დაახლოებით 10%-ია. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გადაშენდა კუნძულზე თავად ბიგა, რადგან ის ძალიან პატარა იყო და თითოეული ინდივიდის დაფიქსირება მეცნიერებისთვის გამოწვევას ქმნიდა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ Crocidura trichura-ს გაქრობა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა. მათ იმედი აქვთ, რომ კუნძულის რომელიმე დაცულ ადგილას ავსტრალიური ბიგას პატარა ოჯახი მაინც არსებობს, მაგრამ რამდენადაა ამის შანსი რეალურად, ძნელი სათქმელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.