2025 წელი საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში სხვადასხვა მიმართულების გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, საერთაშორისო თანამშრომლობები ეტაპობრივად ფართოვდებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, STEM სფეროში ახალგაზრდების ჩართულობაც საგრძნობლად გაიზარდა.

წლის ბოლოს იმ ქართული სამეცნიერო სიახლეების შეჯამებას გთავაზობთ, რომლებსაც რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. ეს აღმოჩენები ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესს ასახავს და სამომავლო მიღწევებისთვის მნიშვნელოვან საყრდენს ქმნის.

აღმოჩენები სოფელ ოროზმანსა და ბრინჯაოს მღვიმეში

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში არქეოლოგებმა ადამიანის ქვედა ყბა იპოვეს, რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება. აღმოჩენა გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე ექსპედიციის ფარგლებში გაკეთდა. არქეოლოგები ამ რეგიონში გათხრებს 2021 წლიდან უძღვებიან და აქამდე არაერთ მნიშვნელოვან ნიმუშს, მათ შორის უძველესი ადამიანის კბილსაც, მიაგნეს.

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ოროზმანში ნაპოვნი ყბა კავკასიის ტერიტორიაზე ადრეული პერიოდის ადამიანების არსებობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამ აღმოჩენის წყალობით რეგიონში გრძელვადიანი ჰომინიდური დასახლების არსებობა დამტკიცდა და დმანისელი ჰომინიდების შესახებ არსებულ მონაცემებს მნიშვნელოვანი დეტალები შეემატა.

წაიკითხეთ ვრცლად: სოფელ ოროზმანში 1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

ასევე, მეცნიერთა სხვა გუნდმა, ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში მდებარე ბრინჯაოს მღვიმეში ნეანდერტალელის კბილს მიაგნო. ბოლო 40 წელში ეს პირველი მსგავსი აღმოჩენაა.

საუბარია ზედა მარცხენა მხარეს განლაგებულ მეორე საჭრელ კბილზე, რომელიც ზრდასრულ ინდივიდს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ კბილზე ისეთი ცვლილება დააფიქსირეს, რომელიც ძლიერი დატვირთვის საწინააღმდეგო ჰიპერპლასტიკურ ადაპტაციასთან ასოცირდება. ეს ნიშნავს, რომ ნეანდერტალელების ორგანიზმი გარემოს მიხედვით იცვლებოდა, რათა ახალ პირობებს უკეთ შეჰგუებოდა.

ღირებულ ინფორმაციას გვაძლევს კბილზე არსებული ნაკაწრები და ანამტვრევებიც. მეცნიერის თქმით, ეს კვალი ზრდასრული ნეანდერტალელის სიკვდილისწინა პერიოდისაა. ის ნეანდერტალელის ე.წ. პარამასტიკაციულ ქცევაზე მიუთითებს. ასე ხსნიან კბილის ისეთ ცვეთას, რომელიც მხოლოდ ღეჭვით არაა გამოწვეული. მაგალითად, შესაძლოა, ეს ინდივიდი ხორცს კბილებით იჭერდა და შემდეგ მას ქვის იარაღის გამოყენებით ანაწევრებდა.

წაიკითხეთ ვრცლად: ნეანდერტალელთა კვალი საქართველოში — სამეცნიერო გუნდმა ბოლო აღმოჩენები წარადგინა

სამხრეთ კავკასიელების გენეტიკური ანალიზი

ქართველი, გერმანელი, სომეხი და ნორვეგიელი მკვლევრების გუნდმა სამხრეთ კავკასიაში არქეოლოგიური ძეგლების მიმდებარედ 230 ნამარხში არსებული უძველესი დნმ შეისწავლა. შედეგები აჩვენებს, რომ მეზობელი რეგიონებიდან აქტიური მიგრაციის მიუხედავად, მოსახლეობამ საუკუნეების განმავლობაში ძირითადად საკუთარი გენეტიკური პროფილი შეინარჩუნა.

ფოტო: Shorena Laliashvili

მართალია, კვლევამ საერთო ჯამში გენეტიკური უწყვეტობა დაადასტურა, მაგრამ მეზობელი რეგიონებიდან მიგრაციის კვალი მაინც გამოჩნდა. კერძოდ, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდებში ამ ტერიტორიაზე ანატოლიიდან და ევრაზიის სტეპების მომთაბარე ტომებიდან წამოსული ხალხის გენეტიკური კვალიც შეინიშნება.

ეს ფაქტი სხვადასხვა თემებს შორის ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მესაქონლეობის კულტურის გავრცელებაზე მიუთითებს. ამ პერიოდში რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ გენეტიკური აღრევის ნიშნები ან ხანმოკლე იყო, ან მხოლოდ ცალკეული ინდივიდებით შემოიფარგლებოდა.

ნაშრომი რეგიონის ისტორიის შესახებ უამრავ ახალ ინფორმაციას გვაწვდის და ანთროპოლოგიურ კვლევებში საქართველოს მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

წაიკითხეთ ვრცლად: დნმ-ის ანალიზით დასტურდება, რომ კავკასიელების გენეტიკა 5 ათასი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა

AI-ს დახმარებით შექმნილი ახალი თაობის მტკიცე პლასტმასა

ილია კევლიშვილი.

ფოტო: Baylor University

ქართველ მეცნიერ ილია კევლიშვილის ხელმძღვანელობით, MIT-ისა და დიუკის უნივერსიტეტების გუნდმა პლასტმასის გამძლეობის გაზრდის ახალი გზა იპოვა. იმის მიუხედავად, რომ პლასტმასას ეკომეგობრული ალტერნატივები უკვე არსებობს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა თვითონ პლასტმასის ხარისხის გაუმჯობესებაა. ქართველი მეცნიერის კვლევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რამაც პოლიმერული მასალა სხვა მახასიათებლების შეცვლის გარეშე ოთხჯერ უფრო გამძლე გახადა.

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პოლიმერების დამაკავშირებელი მოლეკულები გამოავლინეს. ეს მოლეკულები პლასტიკურ მატერიას უფრო დიდი ზეწოლის გაძლების შესაძლებლობას აძლევს.

ამ მოლეკულებს მომავალში დიდი პოტენციალი აქვს. პლასტმასას წარმოების შემცირების ერთ-ერთი მეთოდი ამ მასალის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაა. უფრო გამძლე პლასტმასა კი ნაკლებ ნარჩენსა და მდგრად მომავალს ნიშნავს.

წაიკითხეთ ვრცლად: ქართველი ქიმიკოსის გუნდმა AI-ს გამოყენებით ახალი თაობის მტკიცე პლასტმასა შექმნა

ახალი ჰიპოთეზა დმანისელი ჰომინინების შესახებ

დმანისში აღმოჩენილი უძველესი ჰომინინების შესახებ ახალი თეორია გაჩნდა. აქამდე ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის მიხედვით, აფრიკის კონტინენტი პირველად ადრეულმა ჰომო ერექტუსებმა დატოვეს, მაგრამ ახალი კვლევის ავტორები ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ.

აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანების ყველაზე ადრეულ ნაშთებს საქართველოში, კერძოდ დმანისში, მიაგნეს. დღემდე ორადაა გაყოფილი აზრი იმის შესახებ, თუ რომელ სახეობას ეკუთვნის 1991 წელს აღმოჩენილი ჩონჩხის ფრაგმენტები. ერთი ჰიპოთეზის თანახმად, საქმე ადრეულ ჰომო ერექტუსებთან გვაქვს, მეორეს მიხედვით კი — ჰომო ერგასტერთან. სადავოა, რამდენადაა ეს უკანასკნელი ცალკეული სახეობა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ის ერექტუსის პოპულაციაში შედიოდა.

ფოტო: Atlas Virtual da Pré-História

კვლევებით დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინინები არც ჰომო ერექტუსის მონათესავე ტაქსონს ქმნიან და არც ჰომო ერგასტერისას. გამოდის, რომ ისინი მათთან უნიკალურ საერთო წინაპარს არ იზიარებდნენ. აქედან გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ დმანისელი ჰომინინები, სავარაუდოდ, ორ სხვადასხვა სახეობას ეკუთვნიან. ერთ-ერთს კვლევის ავტორები ჰომო გეორგიკუსად მოიხსენიებენ და ცალკეულ თავის ქალას უკავშირებენ, დანარჩენ ოთხ ნიმუშს კი ისინი სახელის არმქონე სახეობად მიიჩნევენ.

თუ ეს ჰიპოთეზა მომავალში დადასტურდება, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აფრიკის პირველი მიგრანტი ჰომო ერექტუსი არ ყოფილა, რაც არსებულ შეხედულებებს მთლიანად ცვლის. დმანისში ნაპოვნი ნამარხები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ადამიანის ევოლუციის ისტორია იმაზე უფრო რთული და მრავალშრიანია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

წაიკითხეთ ვრცლად: რომელ სახეობას მიეკუთვნებიან დმანისელი ჰომინინები? — მეცნიერთა ახალი ჰიპოთეზა

ნეიტრინოები და საერთაშორისო კოლაბორაცია

წელს KM3NeT კოლაბორაციამ ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში რეკორდულად მაღალენერგეტიკული ნეიტრინო ნაწილაკის დაფიქსირება საბოლოოდ დაადასტურა. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Nature-სა და Science-ში გამოქვეყნდა. ამ პროექტში საქართველოდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ფიზიკოსები არიან ჩართულნი.

KM3NeT სამეცნიერო კოლაბორაციის წევრი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტში.

ფოტო: km3net.org

ნეიტრინოს "მოჩვენება ნაწილაკსაც" უწოდებენ — ის თითქმის არაფერს ეჯახება და დედამიწაზე პირდაპირ კოსმოსიდან აღწევს. ამის გამო მისი კვლევა შავი ხვრელების, ზეახალი ვარსკვლავებისა და სხვა კოსმოსური მოვლენების შესწავლის ახალ შესაძლებლობას აჩენს. აღმოჩენილი ნაწილაკის წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ იგი, სავარაუდოდ, ჩვენი გალაქტიკის მიღმა მდებარეობს.

KM3NeT ორასმილიონიანი ევროპული წყალქვეშა ინფრასტრუქტურაა, რომელსაც მეცნიერები ნაწილაკების ფიზიკისა და დედამიწის შიდა პროცესების შესასწავლად იყენებენ. ქართული ჯგუფი მიღებული მონაცემების გაანალიზებაში იღებდა მონაწილეობა, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

წაიკითხეთ ვრცლად: ქართველი მეცნიერები "მოჩვენება ნაწილაკების" ძიებაში — რა აღმოაჩინეს მათ კოლეგებთან ერთად

ქართველი მეცნიერები CERN-ში

წელს ქართველი მეცნიერები CERN-ის CMS და ATLAS კოლაბორაციებში აქტიურად ჩაერთნენ. მათ დიდი ადრონული კოლაიდერის მონაცემებზე პირდაპირი წვდომა მიიღეს და კვლევითი საქმიანობა დაიწყეს.

დიდი ადრონული კოლაიდერი ნაწილაკების ურთიერთქმედებისა და კოსმოსური ფიზიკის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. ქართული ჯგუფი მონაცემთა ანალიზსა და მათ განახლებაში ჩაერთო, რის გამოც მათ ექსპერიმენტების შედეგებზე პირდაპირი წვდომის საშუალება ჰქონდათ.

ფოტო: home.cern

CERN-ის პროექტებში ჩართულობა ქართული მეცნიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ახალგაზრდა ფიზიკოსებს საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მათ ახლა კოლაიდერის მონაცემების შესწავლა და თანამედროვე ნაწილაკების ფიზიკის განვითარება შეუძლიათ.

Robo Battle 2025

26 ივლისს თბილისში Robo Battle 2025 გაიმართა. ეს იყო რობოტების უდიდესი ორთაბრძოლა, რომელიც საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, ინოვაციური სპორტის პოპულარიზაცია და საინჟინრო სფეროში ჩართულობის წახალისება იყო.

Robo Battle 2025-ზე რობოტების ბრძოლა და SUMO რობოტების ტურნირი გაიმართა. აგრეთვე მონაწილეებმა დრონების საგამოფენო და საფრენი სივრცეებიც იხილეს. საბრძოლო კატეგორიებში 92 გუნდი მონაწილეობდა, SUMO ტურნირში კი — 49.

მაყურებლებმა ორთაბრძოლებზე დასწრება, ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შოუს ხილვა შეძლეს.

"მრავალსახიანი ნეირომეცნიერება — ივანე ბერიტაშვილის 140 წელი"

2025 წლის 12–14 ივნისს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "მრავალსახიანი ნეირომეცნიერება — ივანე ბერიტაშვილის 140 წელი" გაიმართა, რომელიც აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ღონისძიება ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ფოტო: biomedicine.org.ge

კონფერენციის მიზანი ნეირომეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ინტეგრაცია, პოპულარიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მის ფარგლებში გაიმართა ლექციები, დისკუსიები და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. მეცნიერებმა თავიანთი კვლევები და პრაქტიკული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს.

ღონისძიებამ წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები და პრაქტიკოსები ერთ სივრცეში გააერთიანა, რამაც ახალგაზრდა მეცნიერებს ინტერდისციპლინური კავშირების დამყარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის საშუალება მისცა.

ღორის სოლიტერი

საქართველოში ქალის ტვინიდან 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი პარაზიტი Taenia solium, ანუ ღორის სოლიტერი, ამოიყვანეს. ქართველმა ქირურგებმა ეს შემთხვევა დეტალურად აღწერეს, მათი ნაშრომი კი ახლახან რეფერირებად გამოცემაში Journal of Neurosurgery გამოქვეყნდა.

ფოტო: Journal of Neurosurgery

ონკოლოგიური ისტორიის მქონე 54 წლის ქალი ქირურგებთან ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მივიდა. ამოკვეთის მცდელობისას ექიმებმა ტვინში 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია შენიშნეს.

ამოყვანილი ჭია შემდგომში პარაზიტოლოგიის ინსტიტუტმა შეისწავლა. დადასტურდა, რომ ქალს ტვინში მართლაც ზრდასრული თასმისებური ჭია, T. solium, ჰყავდა. ტვინის ქსოვილის მიკროსკოპული კვლევით თასმისებური ჭიის კვერცხებიც შენიშნეს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა სტადიაზე იყო; მათ სპეციფიკური სქელი, ზოლიანი გარსები ჰქონდა.

ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ქირურგები შემთხვევის შესწავლასა და აღწერაზე მუშაობდნენ. ნაშრომმა რეცენზირება გაიარა და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. გამოდის, სამეცნიერო ლიტერატურაში ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როცა ადამიანის თავის ტვინში ზრდასრული ღორის სოლიტერი დაფიქსირდა.

წაიკითხეთ ვრცლად: ადამიანის ტვინში ზრდასრული ღორის სოლიტერი პირველად დაფიქსირდა და ეს საქართველოში მოხდა

რკინის ხანა ბოლნისში

ქვემო ბოლნისში მდებარე 3 ათასი წლის წინანდელი სადნობი სახელოსნოს ხელახალმა გამოკვლევამ მეცნიერები მნიშვნელოვან დასკვნამდე მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, აქ ნაპოვნი ჰემატიტი (რკინის ოქსიდი) არა რკინის საწარმოებლად, არამედ დნობის პროცესის სტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა.

ჰემატიტი მიკროსკოპის ქვეშ მოათავსეს, რათა ენახათ, როგორ დამუშავდებოდა იგი.

ფოტო: Erb-Satullo & Klymchuk, J. Archaeol. Sci.

ბრიტანელი მეცნიერების, ნათანიელ ერბ-სატულოსისა და ბობი კლიმჩუკის თქმით, ქიმიურმა ანალიზმა და მიკროსკოპიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მინერალი ღუმელში სპილენძის ხარისხის გასაუმჯობესებლად ემატებოდა.

ამ ნაშრომმა გააძლიერა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რკინის ტექნოლოგიის განვითარება, შესაძლოა, სპილენძის სამჭედლოებში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაიწყო და არა დამოუკიდებლად. თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ სახელოსნოში უშუალოდ რკინას ამზადებდნენ, ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ პირველ ეტაპზე ის უბრალოდ დამატებითი კომპონენტი იყო.

რკინის ხანა ტექნოლოგიური გარდატეხის პერიოდი იყო — იარაღი უფრო გამძლე გახდა, სოფლის მეურნეობა კი უფრო პროდუქტიული. ბოლნისის ძეგლის მაგალითი აჩვენებს, რომ ამ გარდამავალ პროცესს სხვადასხვა რეგიონში, შესაძლოა, განსხვავებული მიმართულება ჰქონოდა.

წაიკითხეთ ვრცლად: ახალი აღმოჩენის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში რკინის ხანის დასაწყისი ბოლნისთან არის დაკავშირებული

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.