პოლიომავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ვირუსოლოგი ირწმუნება, რომ ტრადიციული აცრის ალტერნატიულ მეთოდს მიაგნო. ის, არც მეტი და არც ნაკლები, ლუდის დალევას გულისხმობს, რადგან სათანადო კომპონენტები სწორედ ამ სასმელშია.

კრის ბაკი მერილენდის კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს და 13 ცნობილი პოლიომავირუსიდან 4 სწორედ მან აღმოაჩინა. გარდა ამისა, მეცნიერი ფორმალურად შექმნილი საკუთარი ერთკაციანი კომპანია Gusteau Research Corporation-ის სახელით პოლიომავირუსის დასალევ ვაქცინაზე მუშაობს.

კრის ბაკი სვამს მის მიერ შექმნილ ვაქცინას.

ფოტო: Farivar Hamzeyi

ექსპერიმენტული სასმლის შესაქმნელად ბაკმა საფუარი სოკოს მოდიფიცირებული შტამი გამოიყვანა (ლუდი სწორედ საფუარი სოკოების მეშვეობით მზადდება). ის პოლიომავირუსის მსგავსი ნაწილაკებითაა გაჯერებული, მაგრამ ცოცხალ ვირუსებს არ შეიცავს. 2023 წელს ჟურნალ Vaccine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ინდოეთში მეცნიერებმა ასეთი ნაწილაკებით რეზუს მაკაკებში ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ცოცხალი ვირუსები დასალევი ვაქცინებისთვის არაეფექტიანია, რადგან კუჭის მჟავა მათ სწრაფად ანეიტრალებს. ვირუსოლოგების გუნდმა აჩვენა, რომ თაგვებში ვირუსის მსგავსი ნაწილაკების საფუართან ერთად გამოყენებით ვაქცინამ კუჭის ბარიერის გადალახვა შეძლო. მისი თქმით, ეს მიღწევა პოლიომავირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია.

"ეს ექსპერიმენტი რამდენჯერმე გავიმეორეთ; პირველ შედეგებზე დაკვირვებისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწისძვრა მოხდა", — აღნიშნა ბაკმა ვაქცინების მსოფლიო კონგრესზე.

მეცნიერმა ექსპერიმენტული ლუდი ძმასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გამოცადა — ჯამში ხუთი კათხა. მისი თქმით, მიღების შემდეგ მის ორგანიზმში BK პოლიომავირუსის ორი ქვეტიპის მიმართ ანტისხეულების დონე იმ ზღვარს მიუახლოვა, რომელიც ტრანსპლანტაციის პაციენტებისთვის კლინიკურად უსაფრთხოდ მიიჩნევა.

ბაკის მიდგომამ სამეცნიერო საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევითო ეთიკის კომიტეტებმა საკუთარი თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი დაგმეს, რადგან იგი "ოფიციალური ინსტიტუციური როლის ფარგლებს სცდებოდა". ბაკი თავისი კომპანიის სახელით სწორედ ამიტომ მუშაობს — ეს მას საშუალებას აძლევს, რომ კვლევები კერძო სექტორის სახელით ჩაატაროს.

სპეციალისტების ნაწილი დასალევი ვაქცინების კვლევას პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს, მაგრამ ბევრი სპეციალისტი აცხადებს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ანტივაქსერულ შეხედულებებს აძლიერებს. მათი თქმით, ხალხს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, თითქოს ლუდში ვაქცინების "ჩასხმა" და საზოგადოებისთვის მალულად მიწოდება იგეგმება.

"უმართავმა შიშმა და უნდობლობამ შეიძლება ადვილად დაასამაროს ის, რაც რეალურად სასარგებლო იქნებოდა", — ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, არტურ კაპლანი.

პოლიომავირუსები ზოგიერთ სიმსივნურ დაავადებას უკავშირდება. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში კი ხშირად თირკმლებისა და ტვინის დაზიანებასაც იწვევს.

ფოტო: Dr. Erskine Palmer/CDC

ბაკი კი საკუთარ ბლოგში წერს, რომ კრიტიკას პირადულად არ იღებს და პრობლემას სხვა რამეში ხედავს. იგი აცხადებს, რომ ვაქცინებზე მომუშავე მეცნიერები ანტივაქსერების ხედვებს ვერ ითვალისწინებენ. მას მაგალითად ასეთი სიტუაცია მოაქვს: როცა ბანანის უსაფრთხოებას ზედმეტად კომპლექსური აღჭურვილობით ვამოწმებთ, ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ ბანანი ბირთვულ მასალას უტოლდება. მისი აზრით, ასეთი "უსაფრთხოების თეატრი" ახალ შიშებს აჩენს და ძალაუნებურად ანტივაქსერებში ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.