რამდენი გრძნობა გვაქვს სინამდვილეში და რატომ არაა პასუხი 5 — რას ამბობს მეცნიერება
ფოტო: istock
დღესდღეობით ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რამდენად მდიდარია ჩვენი სენსორული გამოცდილება. როგორც წესი, ყურადღებას მხოლოდ მხედველობასა და სმენას ვაქცევთ, თუმცა სხეული სამყაროს სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით აღიქვამს. ანტიკურ ხანაში არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ადამიანს მხოლოდ ხუთი გრძნობა აქვს, მაგრამ მეცნიერებმა ეს შეხედულება უარყვეს.
თანამედროვე მეცნიერება სულ სხვა რამეზე მიანიშნებს — ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ადამიანს 22-იდან 33-ამდე განსხვავებული შეგრძნებაც კი შეიძლება ჰქონდეს. როგორც წესი, ჩვენი გამოცდილება მრავალსენსორულია; გარემოს ცალკეულ მონაკვეთებად თითქმის არასდროს აღვიქვამთ. სხვადასხვა გრძნობა ერთდროულად მუშაობს და საერთო სურათს ქმნის.
ოქსფორდის ლაბორატორიის პროფესორის, ჩარლზ სპენსის, თქმით, ნეირომეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანს მართლაც მრავალი გრძნობა აქვს. მათი ნაწილი ჩვენთვის კარგად ნაცნობია და დეტალურადაა შესწავლილი. მაგალითად, არსებობს პროპრიოცეფცია, რომელიც ჩვენივე კიდურების მდებარეობისა და წონასწორობის შეგრძნების საშუალებას გვაძლევს. ასევე არსებობს ინტეროცეფციაც — შინაგანი სიგნალების, მაგალითად გულისცემისა და შიმშილის, აღქმის უნარი.
საინტერესოა, რომ ზოგ პაციენტს ინსულტის შემდეგ ქმედითუნარიანობის შეგრძნება სრულად უქრება. შეხების შეგრძნების შენარჩუნების მიუხედავად, ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ საკუთარი კიდურები უცხოდ ეჩვენება, თითქოს მას სხვა ამოძრავებსო.
"ტრადიციული" გრძნობები რეალურად მთელს სპექტრს მოიცავს. მაგალითად, გემოს აღქმა სინამდვილეში სამი სისტემის თანამშრომლობის შედეგია. ენაზე არსებული რეცეპტორები მარილიანის, ტკბილის, მჟავის, მწარისა და უმამის გარჩევის საშუალებას გვაძლევს. ამის მიუხედავად, ჟოლოს გემო ამ ცალკეული ელემენტებით ან მათი კომბინაციით ვერ აიხსნება — გემოს სრულად შესაგრძნობად სუნიც უნდა შევიგრძნოთ.
დაგემოვნებისას არომატს გადამწყვეტი როლი სწორედ ამიტომ აქვს. ღეჭვისას არომატული მოლეკულები პირიდან ცხვირისკენ ადის და ერთიან განცდას ქმნის. ამ პროცესის ემოციურ კონტექსტს საბოლოოდ ტექსტურა აყალიბებს.
მხედველობაც ასეთივე რთული სისტემაა. თვითმფრინავის აფრენისას შეიძლება იგრძნოთ, რომ სალონის წინა ნაწილი მაღლა იწევს, მაგრამ რეალურად თვალი ამას ვერ ხედავს. ეს შეგრძნება ვესტიბულური აპარატისა და მხედველობის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ცნობისთვის, 2013 წელს ლონდონის უნივერსიტეტის გრძნობათა შესწავლის ცენტრმა "გრძნობების გადააზრების პროექტი" წამოიწყო. კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარი ნაბიჯების ხმის ცვლილება სხეულის სიმსუბუქის ან სიმძიმის განცდას ცვლის. ასევე გაირკვა, რომ თვითმფრინავის ხმაური სიტკბოს, სიმლაშისა და სიმჟავის აღქმას ამცირებს, მაგრამ უმამი იგივე რჩება. მეცნიერების თქმით, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პომიდვრის წვენი ფრენისას განსაკუთრებულად გემრიელი გვეჩვენება.
საკუთარ აღქმებზე დაკვირვებით შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად რთული და დახვეწილია გრძნობების კოორდინაცია. შემდეგ ჯერზე, როცა ქუჩაში გაისეირნებთ ან კერძს მიირთმევთ, საკუთარ შეგრძნებებს "მოუსმინეთ" — შეიძლება ეს საკუთარი ქცევების ახსნაშიც დაგეხმაროთ.


კომენტარები