რას ფიქრობენ პარტიები ოკუპაციაზე და როგორ წარმოუდგენიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

ვიდეოთვალთვალი საოკუპაციო ხაზთან, 20%-ით უფრო მაღალი ხელფასები ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებს, ახალი პლატფორმები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის, ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის ამოქმედება — ასე ხედავენ პოლიტიკური პარტიები ოკუპაციისა და მოსახლეობას შორის არსებული დისკომუნიკაციის პრობლემების მოგვარებას. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პროგრამებისა, ოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მათი ხედვები თითქმის მსგავსია, მცირედი განსხვავებებით.

გთავაზობთ 6 პოლიტიკური პარტიის: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩის, მოქალაქეების, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის ხედვებს, რომლებიც Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქართული ოცნება

პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. მმართველ გუნდის ხედვები გამოქვეყნებული არ არის, რადგან კითხვარი, რომელიც პლატფორმის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, არ შეუვსიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებული ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მცოცავი ოკუპაციის დასამარცხებლად უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ხაზთან.

"უზრუნველვყოფთ საერთაშორისო საზოგადოების მეტ ჩართულობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში", — აცხადებენ ენმ-ში.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მათი განცხადებით, მიმართავენ ძალის არგამოყენებისა და მშვიდობიან პოლიტიკას, აქტიური დიპლომატიის გზით.

"ჩვენ 2009 წელს ცალმხრივად გამოცხადებული ძალის არგამოყენების პრინციპის ერთგულები ვრჩებით. ამავე დროს, განვაახლებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის პროგრამებს", — აცხადებენ პარტიაში.

ევროპული საქართველო

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ მათი ამოცანაა, არ გაგრძელდეს მცოცავი ოკუპაცია, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა, უსაფრთხოებისა და ღირსების შელახვა. მათი აზრით, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს — საგუშაგოების განთავსებით და მთელ პერიმეტრზე პატრულირების აღდგენით.

"ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააფართოოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იმ პირთა ჩართვით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჩვენს თანამოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და მკვლელობებზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ სიის ფიგურანტთა მოხვედრა ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო სანქციების სიაში. მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით", — აცხადებენ ევროპულ საქართველოში.

მათივე თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა.

ევროპული საქართველო აცხადებს, რომ შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს) და მეთაურის (ცხინვალის რეგიონის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) პერიოდულ და პირდაპირი გზით არჩევნებს.

"მიღებულ იქნება კანონი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ. დევნილებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო უფლება საკუთარ წარმომადგენლობით ორგანოში. დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის — ოკუპაცია — შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და, მეორე მხრივ, აღიაროს ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტები".

პარტიაში ფიქრობენ, რომ დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტი აქტიურობა რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

"რათა მან იკისროს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს.

დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები", – აცხადებენ პარტიაში.

გირჩი

პარტიაში აცხადებენ, რომ უფრო ხმამაღლა იყვირებენ და უფრო მეტ ადგილას ისაუბრებებენ ამ პრობლემაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, "ქვეყანა უნდა გახდეს უკეთესი და მიმზიდველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის".

"და უფრო მეტ დისკომფორტს შევუქმნით ოკუპანტს, პარალელურად კი ვეცდებით, საქართველო იყოს მიმზიდველი და საინვესტიციო ქვეყანა სხვებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში უკეთ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას მათი დახმარებით", — წერს გირჩი.

მათი აზრით, ქვეყანა თუ უკეთესი არ გახდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის "შანსი არ არსებობს". მათივე თქმით, სანამ ამას იზამენ, მანამდე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, რადგან "ერთმანეთთან საუბარი თავიდან გვაქვს სასწავლი".

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები

ელისაშვილის პარტიაშიც ფიქრობენ, რომ ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა ქვეყანა მიმზიდველი, წელგამართული და განათლებული გახდეს. მათივე განცხადებით, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულმა დანაყოფებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ ფრონტისპირა სექტორის მთელი პერიმეტრი. მათი თქმით, ამისთვის საჭიროა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფების, რეორგანიზაცია და მათი გაძლიერება როგორც პირადი შემადგენლობით, ისე მომზადების დონის ამაღლებითა და შეიარაღება-აღჭურვილობის კუთხით.

"თუ დასახულ ამოცანას თავს გავართმევთ, გარანტირებულად შეწყდება ადამიანების გატაცება და მიწების თავხედური მიტაცება", — აცახდებენ პარტიაში.

მათივე თქმით, საჭიროა რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბება, რომელიც დასავლურ სისტემაშია ინტეგრირებული და ძლიერი უსაფრთხოების სისტემები აქვს რადგან ეს შექმნის წინაპირობას საქართველოს ინტერესების დასაცავად დროებით ოკუპირებულ რეგიონებში.

"ამ მიზნით საჭიროა ურთიერთობების ეტაპობრივი გაღრმავება ადამიანებს შორის, მათთვის რუსეთზე უკეთესი პირობებისა და უსაფრთხო გარემოს შეთავაზება ერთიანი, ძლიერი და საცხოვრებლად მიმზიდველი სახელმწიფოს ფარგლებში, სადაც დაცული იქნება ყველას ინტერესი გონივრული ურთიერთდათმობის საფუძველზე", — აცხადებენ ისინი.

ლელო საქართველოსთვის

პარტიაში აპირებენ, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგისთვის სპეციალურ ფორმატებს შექმნიან და 2020-2024 წლებში მათი მთავარი მიზანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება. ამავდროულად, პარტიას სურს, პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი ტელევიზია შექმნას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეს დაფარავს.

"ლელო შექმნის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი დიალოგის იმგვარ სტატუს-ნეიტრალურ ფორმატებს, რომლებიც უზრუნველყოფს საჭიროებებზე ორიენტირებულ საუბარს ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე. საქართველოზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და რუსული პროპაგანდის განეიტრალების მიზნით შეიქმნება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი. კერძოდ:

  • რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც, გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად პოსტსაბჭოთა რუსულენოვან სივრცეს დაფარავს;
  • განსაკუთრებულ პირობებში შრომის გათვალისწინებით — გალისა და ახალგორის რაიონების პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალს, დანარჩენ საქართველოში მომუშავე კოლეგებთან შედარებით, 20 პროცენტით მაღალი ხელფასი დაენიშნებათ;
  • გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა ჯგუფები, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ;
  • გაძლიერდება ზრუნვა მეორე სახელმწიფო ენაზე — აფხაზურზე;
  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟდება ვიდეოთვალთვალის სისტემა.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ლელოში ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება არა ეროვნული ან რეგიონული, არამედ გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილების პირობებში.

"ეს ცვლილება არის ცივილიზაციის მორიგი კანონზომიერება და იგი გახსნის გზას გამთლიანებისკენ. ჩვენი ამოცანაა, ამ ცვლილების მომწიფებასა და გზის გახსნას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ, რათა გამთლიანების ობიექტურად რთულ პოლიტიკურ, ადამიანურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სტრუქტურულ ასპექტებს წარმატებით გავუმკლავდეთ".

მათივე თქმით, პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწა, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა და სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა; დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება; საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრება და სტერეოტიპების დაძლევა, ურომლისოდაც მომავალი შერიგება შეუძლებელი იქნება.

პარტიაში ფიქრობენ იმასაც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან დაკავშირებული მასშტაბური პროექტების განახლება უმნიშვნელოვანესი პლატფორმა გახდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში "გარღვევის მოსახდენად".

"აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმაც, რაშიც ხელს ვერანაირი ოკუპანტი ვერ შეგვიშლის და რაც გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის ურყევობის მკაფიო დემონსტრირება იქნება. ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია სახელმწიფოებრივი ზრუნვა საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაზე — აფხაზურზე. მაგალითად, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოებს დაევალებათ მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის აფხაზურ ენაზე გავრცელება. ხელი შეეწყობა ლიტერატურული ნაწარმოებების აფხაზურ ენაზე თარგმნას".

სტრატეგია აღმაშენებელი

გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის ბლოკში, სტრატეგია აღმაშენებელში აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ დღემდე არ შექმნილა შესაბამისი ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგია, არ ამოქმედებულა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და არასასურველ დონეზეა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გააქტიურება. ამიტომ, მათი თქმით, მცოცავი ოკუპაციისგან ქვეყნის უკეთ დასაცავად შემდეგი ნაბიჯების ინიციირებას გეგმავენ:

  • ანტისაოკუპაციო და ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება, სადაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება ფართო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ამ გზით შეიქმნება ზოგადი კონსენსუსი მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო ნაბიჯების შესახებ;
  • გაააქტიურებენ საერთაშორისო ძალისხმევას ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური ფორმატის გამოყენებით;
  • ავამუშავებენ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას;
  • საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი შეზღუდული უფლებების აღდგენის მიზნით შეიმუშავებენ ინიციატივას, რათა გაიზარდოს შსს-ს მანდატი და ეფექტიანობა, რაც გულისხმობს ოკუპაციის ხაზის მონიტორინგის გახშირებას, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებასა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ანტისაოკუპაციო სტრატეგიასთან;
  • ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მედეგობის გასაძლიერებლად, შეიმუშავებენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობაზე ორიენტირებულ და გამიზნულ საგანგებო პოლიტიკას — სპეციალური სოციალური პროექტების, სპეციალური ფონდის და/ან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების განვითარების კანონის შექმნის სახით (ან შესაბამისი ცვლილებებით კანონში ოკუპაციის შესახებ) — რომელიც მიმართული იქნება ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე;
  • ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შესაბამისად შეიმუშავებენ სტრატეგიულ კომუნიკაციას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის;
  • გაააქტიურებენ ძალისხმევას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრული ამოქმედებისთვის.

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კი მათ შემდეგი გეგმა აქვთ:

  • შეიმუშავებენ დეოკუპაციის გრძელვადიან პოლიტიკას და სტრატეგიას;
  • შეიმუშავებენ რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე საპასუხო ქმედით სტრატეგიას, ისევე როგორც პარტნიორების მხარდაჭერით დაიწყებენ ეროვნული მედეგობის ამაღლებისკენ კონკრეტული ზომების გატარებას;
  • გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას;
  • პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გაზრდიან ჟენევის ფორმატის ეფექტიანობას;
  • ხელს შეუწყობენ ნდობის აღდგენას და სახალხო დიპლომატიას;
  • გააძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკას, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;
  • უპირობოდ შესთავაზებენ წარმატებულ კონკრეტულ პროექტებს ოკუპირებულ რეგიონებს.

Partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ