ცხოველები, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტში შედიან, მტაცებლების შიშს კარგავენ
ანთროპოგენური ფაქტორების დამანგრეველი გავლენა ბუნებაზე დროის სვლასთან ერთად უფრო აშკარა ხდება. ამის კიდევ ერთი ილუსტრაციაა ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ჩვენ ბეწვიან, ფრთიან და ლაყუჩიან მეგობრებს, შესაძლოა, მაშინაც ვვნებთ, როცა მათ დახმარებას ვცდილობთ.
კვლევის მიხედვით, ველური ცხოველები, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტში შედიან, მტაცებლებისგან თავის არიდების უნარს მალევე კარგავენ.
ახალი კვლევა 173 სხვა კვლევას აერთიანებს, რომელთა ფარგლებშიც 102 სხვადასხვა სახეობის ისეთი ცხოველი შეისწავლეს, რომელთაგან ზოგი მოშინაურებული გახლდათ, ზოგი სპეციალურ სივრცეებში გამოკეტილი, ზოგი კი ურბანულ გარემოში ცხოვრობდა. თითქმის ყველა კვლევა უცნაურ გარემოებაზე მიანიშნებს: სიველურეში მცხოვრები ცხოველები საფრთხესთან გასამკლავებლად კარგად აღჭურვილნი არიან. მრავალ მილიონწლიანმა ევოლუციამ ცხოველები თავდაცვის გასაოცარი უნარებით აღჭურვა. თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ "ადამიანებთან ნებისმიერი ტიპის კონტაქტი ცხოველების ანტიმტაცებლურ ქცევაზე უარყოფითად აისახება".
მტაცებლისგან ეფექტიანი თავდაცვის უნარს ყველაზე სწრაფად და ყველაზე მეტად, ცხადია, მოშინაურებული ცხოველები, კატები და ძაღლები კარგავენ. იმის გამო, რომ ამ ცხოველებს ადამიანები ხშირად იკედლებენ, ბუნებრივ გადარჩევაში მომენტალური ჩარევა ხდება. ანუ შედარებით "სუსტ" ცხოველებს საკვებისთვის ბრძოლა ნაკლებად უწევთ და ხშირად გამრავლების საშუალებაც ეძლევათ.
ურბანულ სივრცეებში, ადამიანების გარემოცვაში მცხოვრებ ცხოველებსაც დაქვეითებული თავდაცვის უნარი აქვთ. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ანტიმტაცებლურ ქცევას ყველაზე სწრაფად და რადიკალურად ბალახისმჭამელი ცხოველები კარგავენ მაშინ, როცა ველურ ბუნებაში მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
კვლევის მიგნებები მნიშვნელოვანია, რადგან ის საჭირბოროტო კითხვებს აჩენს ცხოველთა კონსერვაციის პროგრამებზე, სადაც ცხოველებს უსაფრთხო გარემოში ზრდიან იმ მიზნით, რომ მოგვიანებით ველურ ბუნებას დაუბრუნონ. შესაძლოა, კონსერვაციის პროგრამებში ჩართულ ცხოველებს ველურ ბუნებაში გადარჩენის ბევრად ნაკლები შანსი ჰქონდეთ.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანების დაცვის ქვეშ მცხოვრებ ცხოველებს, რომლებიც ველურ ბუნებაში უნდა დააბრუნონ, ერთგვარი "გადამზადება" შეიძლება მოუწიოთ, რათა ხელახლა გამოიმუშაონ მტაცებლისადმი შიში, რაც ბუნებაში გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები