მამრი პავიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, თუ მათ მდედრი მეგობარი ჰყავთ
ახალი კვლევის მიხედვით, მამრი პავიანები, რომლებიც თავისი ასაკის მდედრებთან კავშირს ამყარებენ — თანაც, არა აუცილებლად სექსუალურს — უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ხოლო მდედრები სარგებელს ორივე სქესთან მეგობრობით ნახულობენ.
მკვლევრებს აინტერესებდათ, იყო თუ არა შესაძლებელი პრიმატებში მდედრისა და მამრის მეგობრობა სექსის გარეშე, ამიტომ მათ დაკვირვებები დაიწყეს. როგორც აქამდე მიიჩნეოდა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მამრები მდედრების გასუფთავებას, ე.წ. "გრუმინგს" იწყებენ, ისაა, რომ მათ იმედი აქვთ, ისინი პირველები იქნებიან რიგში, როდესაც შეჯვარების დრო მოვა. თუმცა ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ შეიძლება ეს ასე არ იყოს.
სხვა პრიმატების მსგავსად, პავიანები ერთმანეთის გრუმინგს დიდ დროს უთმობენ. ეს მათ არა მხოლოდ პარაზიტების მოშორებაში, არამედ სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაშიც ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ მამრები, რომლებიც მდედრებთან გრუმინგისთვის დიდ დროს არ ხარჯავენ, სოციალურად იზოლირებულები არიან. როგორც დადგინდა, მამრებს, რომლებსაც მინიმუმ ერთ მდედრთან მაინც აქვთ ძლიერი სოციალური კავშირი, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მათი გადარჩენის შანსი 28%-ით იზრდება.
ჩვენ ვიცით, რომ მეგობრობა ადამიანის სიცოცხლესაც ახანგრძლივებს. როგორც გაირკვა, მდედრი დელფინები, მაიმუნები და ცხენები მეგობრობისგან ასევე ბევრ სარგებელს იღებენ. მამრების მეგობრობა ცხოველებში ნაკლებადაა შესწავლილი, ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიცაა, რომ ბევრ სახეობაში მამრები ჯგუფებს შორის მოძრაობენ და რთული დასაფიქსირებლები არიან. თუმცა ვიცით, რომ მამრი ვეშაპები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, თუ ძლიერი სოციალური კავშირები აქვთ.
ამ შემთხვევაში კი მდედრებთან მეგობრობა მამრ პავიანებს ნამდვილად ეხმარებათ: ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ისინი მათ ყველა პარაზიტს აცლიან და მტაცებლის შესახებ უკეთ აფრთხილებენ. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მსგავს ურთიერთობებს სხვა, ძნელად შესამჩნევი სარგებელიც ჰქონდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კვლევა უარყოფს იმ იდეას, რომ მამრი პავიანები მდედრების გასუფთავებას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც მათ სექსი უნდათ.
კვლევა ჟურნალ Philosophical Transactions of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები