ასტრონომებმა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი პლანეტა პირველად აღმოაჩინეს
ჩვენ, შესაძლოა, იმის პირდაპირი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რომ პლანეტებს უვნებლად გადარჩენა საკუთარი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ. ასტრონომებმა გიგანტური მთელი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც თეთრი ჯუჯის გარშემო ბრუნავს.
თეთრი ჯუჯა, რომელსაც WD 1856 ეწოდება, სამვარსკვლავიანი სისტემის ნაწილია, რომელიც დედამიწიდან 80 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ახლახან აღმოჩენილი იუპიტერის ზომის ეგზოპლანეტობის კანდიდატი WD 1856 b თეთრ ჯუჯაზე შვიდჯერ დიდია და მის გარშმეო ერთ სრულ ბრუნს 34 საათში ასრულებს.
"თეთრი ჯუჯის შექმნის პროცესი ახლომდებარე პლანეტებს ანადგურებს და მოგვიანებითაც, ნებისმიერი რამ, რაც მას მიუახლოვდება, ვარსკვლავის უზარმაზარი გრავიტაციის გამო შუაზე იხლიჩება. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა WD 1856 b-მ გადარჩენა", — განაცხადა კვლევის ავტორმა ენდრიუ ვანდერბურგმა.
პლანეტის აღმოჩენა NASA-ს TESS-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, ხოლო მის შესასწავლად კოსმოსური ტელესკოპი სპიცერი გამოიყენეს. სპიცერის მონაცემებმა აჩვენა, რომ WD 1856 b ინფრაწითელ გამოსხივებას არ გამოჰყოფს, რაც მიგვანიშნებს, რომ ობიექტი პლანეტაა და არა მცირე მასის მქონე ვარსკვლავი ან ყავისფერი ჯუჯა.
როდესაც მზის მსგავსი ვარსკვლავებს წყალბადის საწვავი უთავდებათ, ისინი წითელ გიგანტებად გადაიქცევიან, რომლებიც ახლომდებარე ობიექტებს შთანთქავენ და ნაცრად აქცევენ. მაგალითად, როდესაც ჩვენი მზე წითელი გიგანტი გახდება, იგი მერკურის, ვენერას და შესაძლებელია, რომ დედამიწასაც გაანადგურებს, თუმცა ეს დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. წითელი გიგანტები დროთა განმავლობაში თეთრ ჯუჯებად გარდაიქმნებიან.
სავარაუდოდ, WD 1856 b მის ამჟამინდელ ადგილმდებარეობაზე არ შექმნილა, რადგან იგი ვარსკვლავის წითელი გიგანტის ფაზას ვერასდროს გადაურჩებოდა. ასტრონომების გამოთვლების მხიედვით, პლანეტა მისი ამჟამინდელ ლოკაციაზე 50-ჯერ შორს დაიბადა და შემდეგ გადაადგილდა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ თეთრი ჯუჯების დაბადების შემდეგ, შორეული პატარა ობიექტები, როგორიც ასტეროიდები და კომეტებია, შესაძლოა, ამ ვარსკვლავებთან ახლოს განთავსდნენ. ეს აღმოჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქამდე მხოლოდ მინიშნებები თუ გვქონდა იმის შესახებ, რომ თეთრ ჯუჯებთან განთავსება პლანეტებსაც შეეძლოთ", — განაცხადა კვლების ერთ-ერთმა ავტორმა სიი შუმ.
გუნდის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ WD 1856 სისტემაში სხვა პლანეტების არსებობა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იქ არ არიან.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები