სატელიტიდან გადაღებული ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეში — კითხვები და პასუხები
პროგრამისტ უჩა აბაშიძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებული სატელიტის ფოტოები ყალბია. ის ვარაუდობს, რომ ადვოკატს ეს ფოტოები სპეციალურად, დაცვის მხარის დისკრედიტაციის მიზნით მიაწოდეს.
როგორც აბაშიძე ამბობს, პირველი ეჭვი იმან გამოიწვია, რომ დაცვის მხარემ მოახლოებული, ე.წ. დაზუმული ფოტო გაავრცელა. პროგრამისტი აღნიშნავს, რომ სატელიტიდან ამგვარი ფოტოების მოპოვება რთულია, სჭირდება წინასწარ შეკვეთა და ძალიან ძვირი ღირს.
ფოტოს შესწავლის შემდეგ აბაშიძე მივიდა დასკვნამდე, რომ ის Zoom Earth-ის პროგრამიდანაა აღებული, რომელიც ამინდის მონიტორინგისთვის საჭირო ფოტოებს აჩვენებს — ანუ გადაღებულია სატელიტიდან, მაგრამ ამინდის დადგენის მიზნით. პროგრამისტი განმარტავს, რომ მართალია, Zoom Earth-ზე ფოტოები 10-15 წუთში ახლდება (ამინდიდან გამომდინარე), მაგრამ კონკრეტული ადგილმდებარეობის ახალი და ახლო ფოტოს მოპოვება თითქმის შეუძლებელია. მისი თქმით, კონკრეტულ ადგილებს ხშირად რამდენიმე წლის ინტერვალითაც კი იღებენ.
თუკი პროგრამაში 19 ივლისს მოვძებნით, ამინდის პროგნოზი ნამდვილად გამოჩნდება. რაც შეეხება კადრს, ის შორი ხედით ჩანს. მიახლოების მცდელობის შემდეგ, ეკრანის მარცხენა კუთხეში თარიღი იცვლება და პროგრამა აჩვენებს იმ დროს, როცა ფოტო გადაიღეს. უჩა აბაშიძის ექსპერიმენტით, კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ბოლო ფოტო ამ პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ნოემბერსაა გადაღებული. პროგრამისტი ამბობს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ფოტო სწორედ ამ დღისაა და იდენტურია იმ კადრისა, რომელიც მოახლოების შემთხვევაში Zoom Earth-ზე გამოჩნდება. 19 ივლისის ფოტო აქ არ იძებნება. აბაშიძე ამბობს იმასაც, რომ რადგან ეს პროგრამა მხოლოდ ამინდის მონიტორინგისთვისაა, ლოკაციების ფოტოების განახლების აუცილებლობა არც არსებობს.
უჩა აბაშიძის აზრით, ეს არ არის ტექნიკური შეცდომა და ფოტო მიზანმიმართულად გააყალბეს. ამის დასამტკიცებლად მისი ერთ-ერთი არგუმენტია ისიც, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოს იმ ნაწილზე, სადაც თარიღია მითითებული, ფონად არა მიახლოებული ფოტოს კადრი აქვს, არამედ შორიდან გადაღებული. უჩა აბაშიძე ფიქრობს, რომ 19 ივლისის თარიღის აღმნიშვნელი გრაფა დააკოპირეს და მოახლოებულ ფოტოზე დასვეს.
გარდა ამისა, პროგრამისტი საუბრობს განსხვავებებზე ივლისსა და ნოემბერში გადაღებულ ფოტოებს შორის. თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ივლისში, ანუ ზაფხულში იპოვეს. უჩა აბაშიძეს შედარებისთვის მოჰყავს ზუსტად იმავე ადგილის კადრი, რომელიც ზაფხულშია გადაღებული — ფოტო თითქმის მთლიანად მწვანეა, რადგან ზაფხულში ხეებზე ფოთლები ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმ ფოტოს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა წარადგინა, პროგრამისტის თქმით, გარდა იმისა, რომ ფოტო ზუსტად ემთხვევა 2019 წლის ნოემბრის Zoom Earth-ის კადრს, სიმწვანე იქ აღარ არის, რადგან უკვე გვიანი შემოდგომაა.
"ორი სურათი ერთსა და იმავე ადგილას შეუძლებელია გადაიღო ნოემბერში და სხვა დროს და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდეს, მეტიც, ნოემბერშივე რომ გადაიღო ორი სურათი, ეგენიც არ ემგვანება ერთმანეთს. შეუძლებელია, ცნობილ ავტორიტეტიან საიტზე მათი დაკვეთით გადაღებულ სურათი დევს ნოემბრით და შენ მოგაქვს და ამბობ, რომ აი, ეს მე ივლისში გადავიღე", — ამბობს პროგრამისტი.
ერთადერთი განსხვავება, რაც უჩა აბაშიძემ Zoom Earth-ის 2019 წლის ნოემბრის კადრსა და მიხეილ რაიმიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოს შორის აღმოაჩინა, კადრში მანქანებია. ის ამტკიცებს, რომ ეს მანქანები იქ კონკრეტული პროგრამის საშუალებით "ჩასვეს". პროგრამისტმა შეისწავლა 2019 წლის ნოემბერში მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები ფართო ხედით და ამბობს, რომ ერთი მანქანა, რომელსაც დიდი ჩრდილი აქვს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოძრაობდა და რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩაამონტაჟეს. აბაშიძისთვის უცნობია, საიდანაა მეორე მანქანა.
"როგორც კი გაყვებით იმ გზას მარჯვნივ, იპოვით მანქანას, რომელსაც ჩრდილი აქვს ნორმალური, მერე მოდის სატვირთო, რომელსაც დიდი ჩრდილი აქვს", — ამბობს ის.
მისი თქმით, იმას, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტო ივლისში არ არის გადაღებული, ფოტოზე არსებული ჩრდილებიც ადასტურებს. აბაშიძე განმარტავს, რომ ივლისში მზე არ არის ისე დაბლა, რომ ხეებს იმხელა ჩრდილები ჰქონდეს, როგორც იმ ფოტოზე და ჩრდილები ასეთი სწორედ გვიან შემოდგომაზეა.
მისი თქმით, სატელიტები ფოტოს იღებენ მაშინ, როცა ღრუბლები არაა და ცდილობენ, რომ ეს პროცესი მოხდეს შუადღეს, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა დროს ჩრდილები ფარავენ ყველაფერს და გამოსახულება კარგად აღარ ჩანს.
"სურათზე, რომელიც წარმოადგინა ადვოკატმა, სამხრეთი არის ქვემოთ და ჩრდილოეთი ზემოთ, როცა ჩრდილი არის ჩრდილოეთისკენ, ეს ნიშნავს, რომ მზე არის სამხრეთისკენ. მის სურათზე 12 საათია და ამხელა ჩრდილია, რაც ნიშნავს, რომ არ არის ზაფხული", — აცხადებს აბაშიძე.
"ვინც ლაშქრობებს გეგმავს და, ზოგადად, ვინც იცის რუკებზე მუშაობა, ჩრდილები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სატელიტურ სურათებზე, იმიტომ, რომ ეგ გეუბნება დახრას, რომელი მხარეა მთის და ა.შ", — აღნიშნავს ის.
On.ge-სთან ინტერვიუმდე უჩა აბაშიძემ თამარ ბაჩალიაშილის საქმეში ახალი ფოტოს შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ისაუბრა. მან გაავრცელა ვიდეო, სადაც თავის მოსაზრება დეტალურად განმარტა. მისი თქმით, ვიდეო რამდენიმე ადამიანის არგუმენტების შეჯერების შედეგად ჩაიწერა.
მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც აბაშიძემ ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე თუ სხვადასხვა მედიასთან ისაუბრა, Twitter-ზე ანგარიშმა Strabo Intel-მა ბაჩალიაშვილის საქმის დროს გასაჯაროვებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი ყალბია. კომენტარში Zoom earth-ის ოფიციალურმა გვერდმა დააკომენტარა და დაადასტურა, რომ ფოტო ყალბია. მათი განმარტებით, რეალურ დროსთან ახლოს მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები და ღრუბლები, ხოლო შენობების და მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების სიძველის იქნება.
ფოტოზე სხვა დეტალების დადგენის მიზნით, On.ge ადვოკატს დაუკავშირდა. მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
მიხეილ რამიშვილმა ფოტო პირველად ფორმულას ეთერში გაასაჯაროვა და თქვა, რომ ამის მიხედვით, 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში, ანუ იქ, სადაც იგი 23 ივლისს იპოვეს, არ იდგა.
ადვოკატს მაშინ ფოტოს წყარო არ დაუსახელებია არც სატელევიზიო ეთერში და არც პროკურატურაში. ის ამის შესახებ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს. თუმცა ფოტოს გავრცელებიდან მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში თქვეს, რომ სატელიტის ფოტოები ევროკავშირის კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებშია გადაღებული, პროგრამაში ევროკავშირის ოთხი ძირითადი ქვეყანა იყო გაერთიანებული და დამატებით 10 ქვეყნის ინტერესიც შედიოდა.
"ეს იყო გარკვეული სასწავლო პროგრამა და ამ ევროკავშირის კორპორაციული პროგრამის ფარგლებში ხდებოდა ამ ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ეს ფოტოსურათები და გადმოგვცა. ასევე, პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ ეს ფოტოები ნამდვილად იმ თარიღით და იმ ადგილისაა, რაზედაც ბატონმა მიშამ გააკეთა განცხადება", — თქვა ორგანიზაციის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა კი აღნიშნა, რომ კადრებს, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გააცნო საზოგადოებას, ორგანიზაცია სრულად ენდობა.
დამატებითი განმარტებისთვის On.ge ეკა ქობესაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ფოტო მათ მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა და უთხრა, რომ ევროკავშირის ქვეყნების პროექტის ფარგლებში იყო გადაღებული. ქობესაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პროკურატურაშიც გამოიკითხა და მათაც იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჩვენ. მისივე თქმით, პროექტში ადამიანის უფლებათა ცენტრი არ მონაწილეობდა და პრესკონფერენციაზე მიხეილ რამიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააჟღერეს. რაც შეეხება ფოტოს ნამდვილობას, ქობესაშვილი ამბობს, რომ მისი შესწავლა პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს.
განცხადება ამ ფოტოს გასაჯაროვებიდან მალევე გაავრცელა პროკურატურამაც. უწყებაში აღნიშნეს, რომ რამიშვილს არ წარმოუდგენია მტკიცებულებების წარმომავლობის წყარო და არსებობს ეჭვი ავთენტურობის შესახებ.
"რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა", — აცხადებენ უწყებაში.
თავის მხრივ, უჩა აბაშიძე ამბობს, რომ მზადაა, ფოტო მიხეილ რამიშვილთან ერთად განიხილოს. პროგრამისტის თქმით, ვინც ადვოკატს ეს კადრი მისცა, მას ებრძვის.
"ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ეს არის ყალბი, ძალიან სუსტი Fake. ფოტოშოპის მცოდნე ადამიანი მსგავს ფოტოს არც გააკეთებს", — აცხადებს აბაშიძე.
განახლება: დღეს, 18 სექტემბერს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ ტელეკომპანია ფორმულაში გასაჯაროვებული სატელიტის ფოტო ყალბია.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დასტურდება რამდენიმე ვიზუალური მახასიათებლით. მათ შორის იმით, რომ ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება ფოტოს საერთო ფონისგან.
პროკურატურაში ამბობენ იმასაც, რომ ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულებაც მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან.
"ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში", — აცხადებენ პროკურატურაში.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, 24 ივლისს კი კიდევ ერთი კვალიფიკაცია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
კომენტარები