2050 წლისთვის 1.2 მლრდ ადამიანს, შეიძლება, გადასახლება მოუწიოს — კლიმატის ცვლილების ანგარიში
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ახალი ანგარიშის თანახმად, 1.2 მილიარდი ადამიანი იმ 31 ქვეყანაში ცხოვრობს, რომელიც პროგნოზირებულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან სათანადოდ გამკლავების შესაძლებლობებს არ ფლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში, როცა კლიმატის კრიზისი უფრო გამწვავდება, ამ ადამიანებს, დიდი ალბათობით, საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწევთ. ეს, თავის მხრივ, უდიდეს ზეგავლენას მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე მოახდენს.
ის 19 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საკვების თუ სასმელი წყლის დეფიციტი და დამანგრეველი ბუნებრივი კატაკლიზმები, ამავდროულად მსოფლიოს 40 ყველაზე არამშვიდობიან სახელმწიფოთა სიაშიც შედის.
ასევე, რისკის ქვეშ მყოფ ისეთ ქვეყნებში, როგორებიაა ნიგერია, ანგოლა, ბურკინა-ფასო და უგანდა, მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ზრდაცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს მასობრივი მიგრაციის პრობლემას.
"ამას უდიდესი სოციალური და პოლიტიკური ეფექტი ექნება; თანაც, არამხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, რადგან მასობრივი გადასახლებების შედეგად ლტოლვილთა კიდევ უფრო დიდი ნაკადები დაიძვრება ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისკენ", — აღნიშნავს ინტიტუტის დამაარსებელი, სტივ კილელეა.
"ეკოლოგიური საფრთხეები უდიდესი გამოწვევაა გლობალური მშვიდობისთვისაც", — ურთავს ის, — "თუკი დაუყოვნებლად არ დავიწყებთ გაერთიანებული ძალებით მოქმედებას, მომდევნო 30 წლის განმავლობაში საკვებსა და სასმელ წყალზე წვდომის მაჩვენებელი მხოლოდ შემცირდება. უმოქმედობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი არეულობა, დემონსტრაციები და კონფლიქტებიც გამწვავდება".
კვლევის ფარგლებში გაეროსა და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზდა 157 ქვეყნის მოწყვლადობა ეკოლოგიური საფრთხეების მიმართ და შეფასდა თითოეული მათგანის უნარი, გაუმკლავდეს მსგავს კატაკლიზმებს. შედეგად გამოვლინდა, რომ 2050 წლისთვის 141 ქვეყანა მინიმუმ ერთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე მაინც აღმოჩნდება. ყველაზე მეტი რისკის ქვეშ კი სუბსაჰარული აფრიკის, სამხრეთ აზიის, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონები იმყოფებიან.
ანგარიშის თანახმად, მასობრივი მიგრაცია ყველაზე მწვავედ პაკისტანს შეეხება. მეორე და მესამე ადგილზე ეთიოპია და ირანი იმყოფებიან. ამ ქვეყნებში "მცირემასშტაბიან ეკოლოგიურ საფრთხეებსა და ბუნებრივ კატაკლიზმებსაც კი შეუძლიათ მასშტაბური გადასახლებების გამოწვევა".
მსოფლიოს უფრო მდიდარ რეგიონებს — ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას ნაკლები რაოდენობის ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება და მათთან გამკლავებასაცა უფრო ეფექტიანად შეძლებენ. თუმცა ქვეყნების უმრავლესობაზე გლობალური საფრთხეების ზეგავლენა მაინც აისახება. ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 16 ქვეყანას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. ამ სახელმწიფოთა შორის შვედეთი, ნორვეგია, ირლანდია და ისლანდია არიან.
კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ დღეისთვის მსოფლიოში იმაზე 60%-ით ნაკლები მტკნარი წყალია, ვიდრე 50 წლის წინ იყო.
კომენტარები