რუსმა ტროლებმა წინასაარჩევნოდ აშშ-ში ჟურნალისტები დაიქირავეს — Facebook
ფეისბუქის განცხადებით, რუსმა ინტერნეტ ტროლებმა საკუთარ ახალი ამბების ვებსაიტზე სამუშაოდ ამერიკელი ჟურნალისტები დაიქირავეს. ვებგვერდს მართავდნენ ადამიანები, რომლებიც კავშირში არიან ინტერნეტის კვლევით სააგენტოსთან და ეს უკანასკნელი აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას სოციალური მედიის საშუალებით ცდილობდა.
რუსეთის ცნობილმა ინტერნეტ ტროლებმა ახალი ამბების საიტი შექმნეს, რომელზე სამუშაოდაც ამერიკელი ჟურნალისტები და ფრილანსერები დაიქირავეს. ამის შესახებ ფეისბუქის მიერ გავრცელებულ ყოველთვიურ რეპორტში ვკითხულობთ.
საიტს, სახელად Peace Data ჰქვია და ის 2020 წელს გაეშვა. მასზე განთავსებული ინფორმაცია ფოკუსირებულია გარემოზე და კორპორაციულ და პოლიტიკურ კორუფციაზე. FBI-სგან მიღებული დახმარების შემდეგ, ფეისბუქისთვის ცნობილი გახდა, რომ საიტის უკან იდგნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ინტერნეტის კვლევით სააგენტოსთან. ეს უკანასკნელი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ტვიტერიდან და ფეისბუქიდან ცდილობდა.
ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერი ამბობს, რომ ამ ანგარიშების თავდაპირველი მიზანი დიდი რაოდენობის გამომწერების მოგროვება იყო.
"ეს ადასტურებს ჩვენს ეჭვებს, რომ რუსი აქტორები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საზოგადოების განწყობებსა და აზრებს უმიზნებენ, ამასთან ერთად კი ცდილობენ, რომ შემოქმედებითად მიუდგნენ ამ საკითხს.
თუმცა, ასევე აშკარაა, რომ მათი გეგმა არ მუშაობს. საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების მოსახდენად შეუძლიათ დაიწყონ ისეთივე ფართომასშტაბიანი კამპანია, როგორიც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჰქონდათ, მაგრამ მათ მალევე გამოვიჭერთ. შეიძლება უფრო ჭკვიანური და შეუმჩნეველი კამპანია სცადონ, მაგრამ მაინც გამოვიჭერთ", — ამბობს გლეიჩერი.
ფეისბუქის რეპორტს მოჰყვა ტვიტერის განცხადებაც — პლატფორმამ Peace Data-სთან დაკავშირებული ხუთი ანგარიში გააუქმა და მათ "რუსეთის სახელმწიფო აქტორები" უწოდა.
კომპანია Graphika-მ საიტის შესახებ რეპორტი გამოაქვეყნა. მისი დირექტორი, ბენ ნიმო აცხადებს, რომ Peace Data მემარცხნე ჯგუფების კეთილგანწყობის მოპოვებაზე მუშაობდა.
"ოპერაცია დაწყებით სტადიებზე შევაჩერეთ, ასე რომ მას დიდი გავლენა არ ჰქონია. მათ ასევე სურდათ დემოკრატი ამომრჩევლების ორ ნაწილად გაყოფა. მსგავსი სტრატეგია ჰქონდა IRA-ს (ინტერნეტის კვლევითი სააგენტო) 2016 წელს", — დასძენს ნიმო.
ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელმაც Peace Data-ზე რამდენიმე სტატია დაწერა, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ მისი სამსახურის უკან რუსეთი იდგა. მისი თქმით, რთული იყო ანაზღაურებად სამსახურზე უარის თქმა მაშინ, როცა სხვა ჟურნალისტებს მსგავს პოზიციებზე სამუშაოს პოვნა უჭირდათ:
"ისინი ტვიტერზე დამიკავშირდნენ და მკითხეს, მსურდა თუ არა მათთვის სტატიების წერა და თითო მასალაში $200 შემომთავაზეს. პანდემიის დროს სამსახური დავკარგე და ქირის გადასახდელად სამუშაო მჭირდებოდა".
ის ვინაობას არ ამჟღავნებს, რადგან არ სურს, სადეზინფორმაციო კამპანიაში მუშაობის გამო არასასურველი ყურადღება მიიპყროს.
Peace Data-ს ფეისბუქის გვერდს პლატფორმაზე მაღალი ინტერაქცია არ ჰქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე დასაქმებულები მცდელობას აკლებდნენ. საიტის ერთ-ერთი რედაქტორი გამოგონილი პერსონა ალექს ლაკუსტაა, რომელიც სტატიებს მემარცხენეთა ჯგუფებში უხვად პოსტავდა, თუმცა მის პოსტებს ჯამში 200-ზე ნაკლები გაზიარება ჰქონდა.
ფეისბუქის როლი, დაეკავშირებინა ვებგვერდი პუტინის მეგობრის მფლობელობაში არსებულ ინტერნეტის კვლევით ორგანიზაციასთან, აჩვენებს იმ ხერხებს, თუ როგორ ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უცხოური აქტორების მხრიდან გავლენის მოპოვების მცდელობებს ონლაინ.
FBI არ ასაჯაროებს სახელმწიფოს მიერ ონლაინ დასპონსორებულ ოპერაციებს, რომელიც გავლენის მოპოვებას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, აშშ-ს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ, თავის მიგნებებს სოციალურ მედიებს უზიარებს. FBI-მ ფეისბუქს ასევე გადასცა ის მოქმედებების ტიპები, რომელსაც აწ უკვე გაუქმებული ინტერნეტის კვლევის სააგენტო ინსტაგრამის ანგარიშზე და ფეისბუქის ფეიჯებზე ახორციელებდა. FBI აცხადებს, რომ მომავალშიც განაგრძნობს ტექოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობას.
Peace Data ჟურნალისტებს ფრილანსერებისთვის განკუთვნილ საიტზე Guru პოულობდა. განცხადებაში არ იყო ხსენებული მისი კავშირი რუსეთის მთავრობასთან, თუმცა, აღნიშნული იყო თემები, რომლებზეც ჟურნალისტებს უნდა ემუშავათ, ესენია ანტი-საომარ მოქმედებები, კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების უფლებების შეზღუდვა და სხვა.
მართალია საიტის ფრილანსერი ჟურნალისტები რეალურ ცხოვრებაშიც რეპორტიორები იყვნენ, მაგრამ მისი ზოგი რედაქტორი გამოგონილი ადამიანები იყვნენ, ვისი სურათებიც deepfake-ით იყო შექმნილი.
Deepfake-ით ვიღაცამ ყალბი ჟურნალისტი შექმნა და მისი სახელით სტატიები გამოაქვეყნა.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები