ეგვიპტეში 2 500 წლის წინანდელი, სრულიად ხელშეუხებელი 13 სარკოფაგი იპოვეს
ეგვიპტეში, საქარას ნეკროპოლში 2,500 წლის წინანდელი, ხისგან დამზადებული 13 სარკოფაგი იპოვეს. ამ აღმოჩენაში უჩვეულო ისაა, რომ კუბოებმა ჩვენამდე ხელშეუხებლად მოაღწიეს, რაც ქვეყნის ამ ნაწილში განთავსებულ სამარეთა კომპლექსის გათხრებისას იშვიათობას წარმოაგდენს.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრის თანახმად, კუბოები 11 მეტრის სიღრმეში არსებულ აკლდამაში აღმოაჩინეს: ისინი ერთმანეთზე იყვნენ დაწყობილები. ისინი იმდენად კარგადაა შემორჩენილი, რომ ხეზე შესრულებული ნახატების ფერთა გარჩევაა შესაძლებელი. თავდაპირველი ანალიზის თანახმად, კუბოებისთვის თავი მათი დამარხვის მერე არავის აუხდია.
აკლდამაში სამი დახუფული ნიშაც აღმოაჩინეს. მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ ტერიტორიაზე სხვა საერკოფაგებიცაა დამარხული.
მიჩნეულია, რომ საქარა ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის, მემფისის ნეკროპოლი იყო: 3 ათასი წლის განმავლობაში ეგვიპტელები თავიანთ მკვდრებს სწორედ ამ ტერიტორიაზე მარხავდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საქარა არქეოლოგებისთვის ინტერესის განსაკუთრებულ წყაროს წარმოაგდენს.
აქ არა მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენლებს ასაფლავებდნენ მდიდრულად მოკაზმულ სარკოფაგებში, თავიანთი მონაგარისა და მუმიფიცირებული ცხოველების გვერდით, არამედ — საშუალო და მუშათა კლასის წარმომადგენლებსაც. თუმცა დღეს მდიდართა განსასვენებლების პოვნა უფრო მარტივია, რადგან მათ მეტად კომპლექსურ სამარეებში მარხავდნენ.
ასობით წლის მანძილზე ამ სამარხებს ხშირად ძარცვავდნენ. თუმცა, ხელუხლებელ სარკოფაგებში უძველესი ნივთები და რელიკვიები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ინახება.
იმის გამო, რომ კუბოები ხისგან არის გაკეთებული და მათი დამარხვის ადგილიც საკმაოდ მშრალია, სარკოფაგების შიგთავსი ალბათ სითხეს არ შეიცავს და შიგთავსი კარგად არის შენახული.
იმის მიხედვით, თუ რა ნივთები ინახება სარკოფაგებში, დამარხული ადამიანების წარმომავლობის და სტატუსის გაგებაც შეგვიძლია. ახალი აღმოჩენა, სავარაუდოდ, ეგვიპტურ კულტურაზე და მის დაკრძალვის რიტუალებზეც უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის.
1 სექტემბერს ეგვიპტის მთავრობამ ქვეყანაში კულტურული ტურიზმი აღადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტებს მუზეუმების და არქეოლოგიური გათხრების მონახულება შეუძლიათ. მომდევნო დღეებში ეგვიპტის მთავრობა ახალი აღმოჩენის შესახებ დამატებით ვიდეოებს გამოაქვეყნებს, რაც, სავარაუდოდ, კულტურული ტურიზმის აღდგენის პროცესს ხელს შეუწყობს.
კომენტარები