ხელოვნურ კანს შეუძლია, მიკროფორების გამოყენებით "სამკურნალო ოფლი" გამოყოს
მკვლევარები კანის ჭრილობების მოსავლელად და მედიკამენტების დამიზნებით მისატანად უახლეს ტექნოლოგიებს აქტიურად ამუშავებენ. სწორედ ამის შედეგია ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნოვატორული გამოგონებაც. დენჩინ ლუმ და მისმა კოლეგებმა თხევად-კრისტალური მოლეკულებისგან სპეციალური გარსი, ერთგვარი "ხელოვნური კანი" შექმნეს, რომელსაც რადიოტალღების გამოყენებით მიკროფორებიდან სითხის გამოყოფა შეუძლია. თხევად-კრისტალური მოლეკულები კანიდან გამოყოფილი ოფლის მსგავსად მოძრაობენ, მაგრამ მათი გარეგანი მართვა ელექტრული ველის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ოფლის მსგავსად, სითხე მცირე ზომის ფორებში გროვდება. ეს უკანასკნელი გრძელი, ვერტიკალურად განლაგებული თხევად-კრისტალური მოლეკულებით არის გარშემორტყმული. აღნიშნული საფარველის ფუძე მეტალის ელექტროდების შემცველი მინის ფირფიტა გახლავთ. სწორედ ეს ელექტროდები აგენერირებენ რადიოტალღებს.
რადიოტალღების ჩართვის შემდგომ გრძელი თხევად-კრისტალური მოლეკულები ტალღების მიმათულებით იწყებენ შემოგრეხას. ეს რხევითი მოძრაობა ფორებიდან სითხის გამოყოფას უწყობს ხელს. რაც უფრო ძლიერია რადიოტალღა, მით უფრო აქტიურად გამოიყოფა სითხეც. რადიოტალღების გამორთვის შემდეგ ზედაპირზე დარჩენილი სითხე რამდენიმე წამის განმავლობაში უკანვე შეიწოვება.
ამ ტექნოლოგიურ გამოგონებას დიდი კლინიკური პოტენციალი აქვს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება ჭრილობის გასუფთავება, მასში ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების შეყვანა და ა.შ.
ნიდერლანდელმა მეცნიერებმა თავიანთი გამოგონების შესახებ დეტალური ინფორმაცია აკადემიურ ჟურნალში Matter გამოაქვეყნეს
კომენტარები