COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში სტეროიდული მედიკამენტები სიცოცხლის გადამრჩენია — კვლევა
კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებულთა მკურნალობაში სტეროიდულ მედიკამენტებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, უახლოეს ხანში სამკურნალო გაიდლაინებში ცვლილებები შევა.
ივნისში ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისის (NHS) პროვაიდერ კლინიკებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ყოველი 8-დან 1 სიცოცხლის გადარჩენა დექსამეტაზონის დამსახურება გახლდათ.
ამჟამად, 6 დამოუკიდებელი სამეცნიერო ნაშრომიც მსგავს შედეგებს იუწყება. დექსამეტაზონის გარდა სიცოცხლის გადამრჩენელის სტატუსი იაფ და ფართოდ გავრცელებულ სტეროიდულ მედიკამენტს, ჰიდროკორტიზონს ერგო.
როგორც გამოქვეყნებული კვლევების მეტა-ანალიზი აჩვენებს, აღნიშნული მედიკამენტები მძიმე პაციენტების სიკვდილიანობის რისკს 20%-მდე ამცირებენ. ამ დასკვნამდე მეცნიერები 1 703 ავადმყოფის მკურნალობის მენეჯმენტის გაანალიზების შემდგომ მივიდნენ. მათ თავიანთი ნაშრომი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში, JAMA გამოაქვეყნეს. აქვე გამოქვეყნდა 3 სხვა, დამოუკიდებელი კვლევაც.
"სტეროიდები იაფი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებია. ჩვენი ანალიზი ამტკიცებს, რომ ისინი COVID-19-ის ყველაზე მძიმე შემთხვევების მართვაში ეფექტიანები არიან და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებენ", — აღნიშნა მეტა-ანალიზის მთავარმა ავტორმა, ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონათან სტერნმა.
აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი აქამდე არსებულ მოსაზრებას კიდევ უფრო სანდოს ხდის, რადგანაც იგი რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და პაციენტთა ფართო ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.
"ჩვენ ყველა კვლევიდან ცალსახა შედეგი მივიღეთ: ჰიდროკორტიზონი დექსამეტაზონის მსგავსად ეფექტიანია", — აღნიშნა პროფესორმა სტერნმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მარტინ ლენდრეი მიიჩნევს, რომ ექიმებმა სტეროიდების გამოყენება უკვე იმ მომენტიდან უნდა დაიწყონ, როცა პაციენტს ოქსიგენოთერაპიის (ჟანგბადის მიწოდების) საჭიროება უჩნდება და ამისათვის ისინი დაინტუბირებას (ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას) არ უნდა დაელოდონ.
სტეროიდულ მედიკამენტებს COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ უკვე აქტიურად იყენებენ. თუკი მაისის დასაწყისში დექსამეტაზონს ინფიცირებულთა 7-8%-ის მენეჯმენტში ნიშნავდნენ, ივნისის ბოლოს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 55%-ს მიაღწია.
დიდ ბრიტანეთში ჰიდროკორტიზონის კვლევების ხელმძღვანელი ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორი, ენტონი გორდონი გახლდათ. პაციენტები კვლევაში 88 ჰოსპიტალიდან ჩაერთვნენ და მათ ჰიდროკორტიზონის მიღება დაიწყეს. აღნიშნულ მედიკამენტს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ჰიდროკორტიზონის კვლევისთვს გარდამტეხი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დექსამეტაზონის კვლევის შედეგების გამოქვეყნება გახდა. ამ დროს გორდონის ჯგუფმა თავიანთი შედეგები დექსამეტაზონის ეფექტიანობას შეადარა და აღმოაჩინა, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსი იყო.
პროფესორმა ჯონათან სტერნმა აღნიშნა, რომ მეცნიერებაში ძალიან იშვიათად ხდება, როცა ორი ცალ-ცალკე მომუშავე გუნდი თავიანთ შედეგებს დამოუკიდებლად გამოქვეყნების ნაცვლად მსგავსი ფორმით აერთიანებს. ამის მიზეზი პანდემიასთან ბრძოლის საერთო მიზანი გახლავთ.
არის მოლოდინი, რომ მწვავე პაციენტების სამკურნალოდ დექსამეტაზონსა და ჰიდროკორტიზონს ექიმები სულ უფრო აქტიურად გამოიყენებენ.
კომენტარები