ყველაფერი დექსამეტაზონის შესახებ — მოკლედ
COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის კურსში დექსამეტაზონი გადამწყვეტ როლს თამაშობს — ეს სამეცნიერო დასკვნა პანდემიასთან ბრძოლაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. ამის თქმის საფუძველს დიდ ბრიტნათში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი იძლევა.
რა არის დექსამეტაზონი?
დექსამეტაზონი სტეროიდული მედიკამენტია, რომელიც ანთებითი პროცესის ჩასახშობად გამოიყენება. სამკურნალო საშუალება ამგვარ ეფექტს ორგანიზმის მიერ ანთების საწინააღმდეგოდ წარმოებული ჰორმონის მიბაძვით ახდენს.
როგორ მუშაობს დექსამეტაზონი?
მედიკამენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე დამთრგუნველ ეფექტს ახდენს. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ორგანიზმი მის განსადევნად ანთებით რეაქციას მიმართავს. თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ იმუნური სისტემა ამ ბრძოლაში ზედმეტად აგრესიული ხდება. სწორედ ასეთი იმუნური პასუხი აღმოჩნდება ხოლმე ფატალური — ის, რაც ვირუსის საწინააღმდეგოდ ჩაფიქრებული ოპერაციაა, საბოლოოდ ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას უწყობს ხელს.
დექსამეტაზონი ასეთ გადაჭარბებულ რეაქციას ამსუბუქებს. მედიკამენტი სტაციონარულ მკურნალობასა და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.
პრეპარატს იგივე ეფექტი დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში არ აქვს — ამ დროს იმუნური პასუხის დათრგუნვა სასარგებლო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, დექსამეტაზონის პრევენციული მიღება რეკომენდირებული არ არის!
რამდენად ეფექტიანია დექსამეტაზონი?
კვლევის ავტორთა აზრით, სტეროიდულ პრეპარატს ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყოველი მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფი ყოველი მეხუთე პაციენტის გადარჩენა შეუძლია. მედიკამენტს რაიმე მნიშვნელოვანი სახის თერაპიული ეფექტი არ აქვს მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების მკურნალობაში.
უფრო დეტალურად კვლევის შესახებ
მედიკამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე არსებულ მკურნალობათა ეფექტიანობას შემსწავლელ ყველაზე დიდმასშტაბიანი ტესტირების ფარგლებში გამოსცადეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის თაოსნობით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ჰოსპიტალიზებული 2 100 პაციენტი 6მგ დექსამეტაზონს ყოველდღიურად, 10 დღის განმავლობაში იღებდა. მიღებული შედეგები იმ 4 300 პაციენტის მდგომარეობასთან შეადარეს, რომელთაც ეს მედიკამენტი არ მიუღიათ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დექსამეტაზონს რეალურად უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რამდენად ხელმისაწვდომია დექსამეტაზონი?
მედიკამენტი 1957 წელს შეიქმნა და ხელმისაწვდომი, იაფი სამკურნალო საშუალებაა. ფარმაკოლოგიურ ბაზარზე დექსამეტაზონი დიდი რაოდენობით მოიპოვება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათ 200 ათასი ადამიანის მკურნალობისთვის აუცილებელი დოზა უკვე მომარაგებული აქვთ.
რა რეაქცია მოჰყვა კვლევის შედეგებს?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კვლევის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების სამართავად უფრო ეფექტიანი სამკურნალო საშუალების ძებნა უნდა გაგრძელდეს. კვლევის შედეგები სასიხარულო სიახლე აღმოჩნდა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. აფრიკის ბევრ ქვეყანაში მედიკამენტის ფასი $2-ს არ აღემატება. სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მედიმაკამენტის მძიმე შემთხვევების სამართავად გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო. როგორც WHO-ს სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, COVID-19-მა აფრიკაში 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სხვა რა შემთხვევებში გამოიყენება დექსამეტაზონი?
მედიკამენტი ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ან ზედმეტად მძლავრი იმუნური პასუხის სამართავად გამოიყენება. დექსამეტაზონს წარმატებით იყენებენ ასთმის მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ, როდესაც სასუნთქი გზების ლორწონავი გარსის მწვავე ანთება ვლინდება. პრეპარატს მწვავე ალერგიული რეაქციებისა და მტკივნეული, ანთებითი სახსრების სამკურნალოდაც იყენებენ. დექსამეტაზონი ეფექტიანია ისეთი აუტოიმუნური დაავადებების სამართავად, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა.
რა გვერდითი ეფექტები აქვს დექსამეტაზონს?
ხშირი გვერდითი ეფექტები: შფოთვა, ძილის დარღვევა, წონაში მომატება და ორგანიზმში სითხის შეკავება.
იშვიათი გვერდით ეფექტები: სისხლდენა და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს მედიკამენტის დაბალი დოზა ესაჭიროებათ, რაც გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვლევის ფარგლებში სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა
კომენტარები