მეთაფლია ფუტკრის შხამის მოლეკულამ ლაბორატორიაში კიბოს უჯრედები გაანადგურა
ახალი კვლევის მიხედვით, მეთაფლია ფუტკრების ბასრი იარაღი, შესაძლოა, იმაზე ბევრად სასარგებლო იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. მათ შხამში არსებულ მოლეკულებს კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება შეუძლია.
კვლევა მკერდის კიბოს კონკრეტულ ტიპებზე კონცენტრირდა, მათ შორის TNBC-ზე, რომელიც ძალიან აგრეუსიულია და ის მკურნალობის ერთობ ცოტა მეთოდს ემორჩილება. იგი მკერდის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. უმეტეს შემთხვევებში, მისი უჯრედები უფრო მეტ EGFR მოლეკულას წარმოქმნიან, ვიდრე ეს ნორმალურ უჯრედებში ხდება. აქამდე ბევრჯერ უცდიათ, რომ ისეთი მკურნალობის გზა შეემუშავებინათ, რომელიც სპეციფიკურად ამ მოლეკულას ამოიღებდა მიზანში, თუმცა უშედეგოდ, რადგან ჯანსაღი უჯრედების დაზიანების რიკსი ყოველთვის არსებობდა.
მეთაფლია ფუტკრის შხამმა სამკურნალო პოტენციალი სხვა სამედიცინო თერაპიების დროსაც აჩვენა — მაგალითად, ეგზემას მკურნალობის დროს. ასევე ცნობილია მისი ანტისიმსივნური თვისებებიც. თუმცა როგორ მუშაობს იგი სიმსივნის წინააღმდეგ მოლეკულურ დონეზე, ბოლომდე გაშიფრული არ არის.
ფუტკრები მოლეკულა მელიტინს იყენებენ, რომელიც შხამის შემადგენელი ნაწილია. ისინი ამას მხოლოდ შხამში არ წარმოქმნიან, არამედ სხვა ქსოვილებშიც, სადაც იგი ინფექციების საპასუხოდაა წარმოდგენილი.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში გაზრდილი კიბოს უჯრედებსა და ნორმალურ უჯრედებს ირლანდიიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან მოპოვებული მეთაფლია ფუტკრის შხამი და ბაზის შხამი შეურიეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ბაზის შხამს, რომელიც მელიტინს არ შეიცავს, მაგრამ სხვა უჯრედების მოკვლის პოტენციალი აქვს, მკერდის კიბოს უჯრედებზე მცირე ეფექტი ჰქონდა. ყველა ადგილიდან შეკრებილ მეთაფლია ფუტკრის შხამს კი კიბოს უჯრედებზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა.
"შხამი ძალიან ძლიერი იყო. დავადგინეთ, რომ მელიტინს კიბოს უჯრედების მემბრანის განადგურება 60 წუთში შეუძლიათ", — განაცხადა კვლევის ავტორმა კიარა დაფმა.
როდესაც მელიტინი ანტისხეულების მიერ დაიბლოკა, კიბოს უჯრედები, რომლებიც ფუტკრის შხამის პირისპირ დარჩნენ, გადარჩნენ. რაც ნიშნავს, რომ მელიტინი შხამის ის კომპონენტია, რომელიც კვლევის შედეგებზეა პასუხისმგებელი. ამ ამბის ყველაზე კარგი ნაწილი კი ისაა, რომ მას ნორმალურ უჯრედებზე ძალიან მცირე გავლენა აქვს. მან ასევე კიბოს უჯრედების გამრავლების უნარსაც შეუშალა ხელი.
"ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ აფერხებს მელიტინი მკერდის კიბოს უჯრედებში სიგნალის გადაცემას, რათა უჯრედთა გამრავლება შეამციროს", — განაცხადა პროფესორმა პიტერ კლინკენმა.
მკვლევრებმა ასევე სინთეტური მელიტინიც შექმნეს და მისი გამოცდა სცადეს. მათ დაადგინეს, რომ მელიტინის სინთეტური ვერსიაც კიბოს წინააღმდეგ ეფექტიანი იყო.
რა თქმა უნდა, პეტრის თეფშზე კიბოს უჯრედების მოკვლა ძალიან ბევრ რამეს შეუძლია და მკვლევრების თქმით, ფუტკრების შხამის ადამიანებზე გამოყენებამდე ძალიან დიდი დროა. თუმცა ამ მწერების იარაღი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია იმის, თუ რამდენად გამოსადეგი შეიძლება იყოს ბუნებაში მოპოვებადი ქიმიური ნივთიერებები.
კვლევა ჟურნალ Nature Precision Oncology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები