ინტერაქციული რუკა, რომელიც გვიჩვენებს, სად მდებარეობდნენ ქალაქები მილიონობით წლის წინ
ბოლო 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწა ძალიან შეიცვალა. შესაბამისად, ის ადგილები, რომელზეც დღეს ჩვენი მშობლიური ქალაქებია განლაგებული, პლანეტის ტექტონიკური ფილების მოძრაობისა და კონტინენტების ერთმანეთისგან დაშორების გამო, ათასწლეულების განმავლობაში დედამიწის ზედაპირის ერთ წერტილში სულაც არ იყვნენ გამაგრებულნი.
კალიფორნიელი პალეონტოლოგის, იან ვებსტერის მიერ შექმნილი რუკა საშუალებას გვაძლევს, ავირჩიოთ ქალაქი და დროის პერიოდი — 750 მილიონი წლიდან დღემდე — რათა ვნახოთ, თუ სად მდებარეობდა ეს ქალაქი აღნიშნულ დროს. ადამიანებმა, რომლებმაც რუკა უკვე გამოსცადეს, აღმოაჩინეს, რომ მათი ქალაქები იქ არ მდებარეობდნენ, სადაც მოელოდნენ.
ტვიტი: "დიახ, აპალაჩის მთები და ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი უძველეს დროს (დაახლოებით, 370 მილიონი წლის წინ) დაკავშირებულნი იყვნენ".
ამ რუკაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მოგზაურობისას შეგიძლია ნახო, თუ როგორ დაუკავშირდნენ ადრეული კონტინენტები ერთმანეთს 335 მილიონი წლის წინ და სუპერკონტინენტი პანგეა წარმოქმნეს — მანამდე, სანამ 175 მილიონი წლის წინ ისევ დაიყოფოდნენ.
ასევე შესაძლებელია, სხვადასხვა პერიოდის მონახულება, მათ შორის ცარცულის, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ; ან იმ პერიოდის, როდესაც ცხოველები მიწაზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. შესაძლოა, აქამდე ეს არ გსმენიათ, მაგრამ დადგენილია, რომ ყვავილობის უნარის მქონე მცენარეები მხოლოდ დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ წარმოიქმნენ. შესაბამისად, მიწის ცხოველები პლანეტაზე 670 მილიონი წლის განმავლობაში ისე დააბიჯებდნენ, რომ ყვავილი არასდროს ჰქონდათ ნანახი.
მაგალითისთვის, სურათზე შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მდებარეობა ცარცულ პერიოდში — 90 მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პაქიცეფალოზავრი და ცერატოპსი გამოჩნდნენ.
რუკა GPlates იყენებს — პროგრამას, რომელიც ტექტონიკური ფილების ვიზუალიზაციაზე და მონაცემების სიზუსტეზეა პასუხისმგებელი. რუკის შემქმნელს იმედი აქვს, რომ მისი გამოყენებით ადამიანები ახალი აღმოჩენების გაკეთებას შეძლებენ. მაგალითად, ერთ დროს ფლორიდა წყლის ქვეშ იყო მოქცეული, აშშ კი ოდესღაც წყალმარჩხი ზღვით იყო გაყოფილი.
"ეს გვიჩვენებს, რომ გარემო დინამიკურია და იცვლება. დედამიწის ისტორია იმაზე გრძელია, ვიდრე ამის აღქმა შეგვიძლია. ტექტონიკური ფილებისა და კონტინენტების ამჟამინდელი განლაგება შემთხვევითია და მომავალში იგი ძალიან განსხვავებული იქნება", — განაცხადა ვებსტერმა.
კომენტარები