წყალი დედამიწის ზედაპირის 70%-ს ფარავს და, როგორც ვიცით, სიცოცხლისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. თუმცა საიდან გაჩნდა ის, მეცნიერებს შორის დიდი ხანია, რაც ცხარე დებატების საგანს წარმოადგენს.

ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში კი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ იმ კოსმოსური ქვების იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც დედამიწაზე წყლის გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები და, მათი აზრით, ჩვენი პლანეტა მისი ფორმირების დროიდან სველია.

კვლევის ავტორმა ლორეტ პიანიმ განაცხადა, რომ ეს მიგნებები იმ გავრცელებულ თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, წყალი მშრალ დედამიწაზე კომეტებმა ან ასტეროიდებმა მოგვიანებით ჩამოიტანეს.

მზის სისტემის ფორმირების ადრინდელი მოდელების მიხედვით, აირებისა და მტვრის დიდი დისკი, რომელიც მზის გარშემო ბრუნავდა და დროთა განმავლობაში შიდა პლანეტებად ფორმირდა, ზედმეტად ცხელი იყო იმისთვის, რომ ყინული შეენარჩუნებინა.

ეს კარგად ხსნიდა მერკურის, ვენერასა და მარსის გარემო-პირობებს, თუმცა არა — ჩვენი ლურჯი პლანეტისას, სადაც ოკეანე, ტენიანი ატმოსფერო და კარგად ჰიდრატირებული გეოლოგია გვაქვს.

ამიტომ მეცნიერებმა თეორია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, წყალი დედამიწაზე მოგვიანებით მოხვდა — კერძოდ, მეტეორიტების მეშვეობით, რომლებსაც carbonaceous chondrites ეწოდებათ და წყლის შემცველი მინერალებით არიან გაჯერებულნი. მაგრამ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ მეტეორიტების ქიმიური შემადგენლობა ჩვენი პლანეტის ქვებისას დიდად არ ემთხვევა. ამასთან, ეს მეტეორიტები მზის სისტემის გარეთ ფორმირდებიან, რაც იმას ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ ისინი დედამიწისკენ დიდი რაოდენობით წამოსულიყვნენ.

აი, მეტეორიტების სხვა ჯგუფს კი, რომელსაც enstatite chondrites ეწოდება, დედამიწის ქიმიურ შემადგენლობასთან გაცილებით მეტი საერთო აქვს. ისინი ჟანგბადის, ტიტანისა და კალციუმის მსგავს იზოტოპებს შეიცავენ. რაც ნიშნავს, რომ ისინი დედამიწის და სხვა შიდა პლანეტების საშენ მასალას წარმოადგენენ. თუმცა იმიტომ, რომ ეს ქვები მზესთან ძალიან ახლოს ფორმირდნენ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ისინი ზედმეტად მშრალები იქნებოდნენ იმისთვის, რომ დედამიწის წყლით უხვ გარემოზე ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები.

იმის გასაგებად, იყო თუ არა ეს სიმართლე, პიანიმ და მისმა კოლეგებმა ტესტირებების ჩატარება გადაწყვიტეს. მათ 13 ენსტატიტურ ხონდრიტში წყალბადის რაოდენობა განსაზღვრეს. ეს ქვები ზოგადად დიდ იშვიათობას წარმოადგენენ, ისეთების მოპოვება კი, რომლებიც ძველ, გაუბინძურებელ მდგომარეობაშია, კიდევ უფრო რთულია.

გუნდმა დაადგინა, რომ ქვები საკმარის წყალბადს შეიცავდნენ იმისთვის, რომ მათ დედამიწაზე წყლის არსებობა უზრუნველეყოთ.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ხონდრიტების წყალბადის იზოტოპების შემადგენლობა დედამიწის მანტიაში არსებული წყლის იზოტოპების მსგავსია", — განაცხადა პიანიმ.

ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ ხონდრიტების აზოტის იზოტოპები დედამიწისას ჰგვანან და დაასკვნეს, რომ ეს ქვები, შესაძლოა, ჩვენს ატმოსფეროში არსებული ყველაზე უხვი კომპონენტის წყაროც იყოს.

მეცნიერების განცხადებით, კვლევა წყლის წარმოქმნის ისტორიის გაგებაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.