მავრიკის სანაპიროზე 17 მკვდარი დელფინი იპოვეს
მავრიკის სანაპიროზე გამორიყული მინიმუმ 17 მკვდარი დელფინი იპოვეს, რამაც დებატები გამოწვია იმის შესახებ, არის თუ არა ამაში დამნაშავე ივლისში მომხდარი ინციდენტი, როცა მიმდებარე წყლებში მყოფი გემიდან ნავთობმა გაჟონა.
გარემოს დამცველების თქმით, დელფინების სიკვდილი ან იაპონური გემიდან ნავთობის გაჟონვამ გამოიწვია, ან იმ ფაქტმა, რომ მავრიკის ოფიციალური პირების ბრძანებით, გემის ქიმი ძალით ჩაძირეს. თუმცა მინისტრის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით სიკვდილი გაჟონვასთან დაკავშირებული არ არის და მინიმუმ 2 დელფინს ზვიგენის ნაკბენები ჰქონდა.
ამდენი დელფინის ერთდროულად სიკვდილი ძალიან იშვიათია. მაგალითად, ორი დაღუპული დელფინი ერთდროულად ბოლოს 2019 წლის მაისში იპოვეს.
გემის ჩაძირვიდან მოყოლებული ეს პირველი შემთხევაა, როცა დელფინების სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი. იქამდე მხოლოდ გამორიყული თევზებისა და კიბორჩხალების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. დელფინების დაღუპვამ მოსახლეობაში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. "სანაპიროზე ამდენი მკვდარი დელფინის ნახვა კოშმარზე უარესიც კი იყო", — განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნიტინ ჯიიჰამ.
მკვდარ ცხოველებთან ერთად სანაპიროზე ბევრი დასუსტებული და მომაკვდავი დელფინიც იპოვეს. ოკეანოგრაფ ვასენ კაუპაუმოტოს თქმით, დელფინებს საწვავის სუნი ჰქონდათ. "ჩემი აზრით, სიტუაცია დროთა განმავლობაში გაუარესდება", — აღნიშნა მან.
გარემოს დამცველმა სუნილ დოვარკასინგმა განაცხადა, რომ დელფინების სიკვდილი ზემოთ აღნიშნულმა ორივე მიზეზმა გამოწვია. "გემის ხელოვნურად ჩაძირვამ დელფინების ბუნებრივი გარემოს სიმყუდროვე დაარღვია. რა თქმა უნდა, ამას შედეგებიც მოჰყვება, ეს მხოლოდ დასაწყისია", — თქვა მან.
ოკეანის წყლების დაბინძურების გამო ათასობით სახეობას ემუქრება საფრთხე, რაც, თავის მხრივ, მავრიკის ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე და საკვებზეც იქონიებს გავლენას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, დელფინებზე ჩატარებულმა ტესტირებებმა საწვავსა და მათ სიკვდილს შორის ვერანაირი კავშირი ვერ იპოვა.
კომენტარები