დედამიწის ბირთვი იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე გვეგონა — კვლევა
მილიარდი წელი ადამიანებისთვის ცოტა დრო ნამდვილად არ არის, თუმცა პლანეტებისთვის დროის სულ სხვა მასშტაბები არსებობს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დედამიწის ბირთვი სავარაუდოდ 1-1,3 მილიარდი წლისაა, რაც ბირთვის ასაკის წინა გამოთვლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რიცხვია.
ტეხასის უნივერსიტეტში მკვლევრებმა ლაბორატორიაში დედამიწის ბირთვის მსგავსი გარემოს სიმულაცია შექმნეს, რაც მათ ბირთვის ასაკის უკეთ გაგებაში დაეხმარათ. საბოლოო შედეგების მისაღებად მკვლევრებს დაახლოებით ორი წელი დასჭირდათ. მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ბირთვი, რეალურის მსგავსად, გავარვარებული რკინისგან შედგებოდა და ის ორი ალმასის გრდემლს შორის იყო მოთავსებული.
ამ უნიკალური ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის ბირთვი სავარაუდოდ 1-1,3 მილიარდი წლისაა (ერთი გამოთვლით ეს მონაცემი 565 მილიონ წელსაც კი შეადგენს). მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ბირთვი 1,3-4,5 მილიარდი წლის იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტმა მკვლევრებს დედამიწის გეოთერმული დინამიკის ანალიზის საშუალებაც მისცა. კვლევა ჩვენი პლანეტის წიაღის და მაგნიტური ველის მოქმედების უკეთ აღქმაში გვეხმარება.
დედამიწის ბირთვის შიგთავსი მყარი, ხოლო ზედაპირი თხევანდი რკინისგან შედგება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ დედამიწის გულში მდებარე რკინის თბოგამტარობა ბირთვის მოქმედების და მისი ასაკის საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია.
თავის დროზე დედამიწის ბირთვი მთლიანად თხევადი იყო, დროთა განმავლობაში კი მან კრისტალიზაცია დაიწყო. იმის დადგენა, თუ როდის იწყებს თხევადი რკინა გამყარებას ისეთ ექსტრემალურ გარემოში როგორიც დედამიწის გულია, მკვლევრებს ჩვენი პლანეტის ბირთვის მიახლოებითი ასაკის გაგებაში დაეხმარა.
ამასთანავე, მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ ბირთვის შიგთავსის გამყარებამ ეფექტიანი მაგნიტური ველის წარმოქმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
კომენტარები