როგორ ვირჩევთ, რა დავინახოთ — კვლევა
ჩვენთვის აქამდე ცნობილი იყო, რომ ტვინი მიღებული ინფორმაციიდან პრიორიტეტულის ამორჩევასა და ვიზუალური გამღიზიანებლის დამუშავებაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. ნეირომეცნიერთა ახალი აღმოჩენით ვიგებთ, რომ თავის ტვინის ერთი კონკრეტული რეგიონი, კეფის წილის ქერქი, ჩვენი ყურადღების ვიზუალურ გამღიზიანებელზე ფოკუსირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კვლევა ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა და იგი ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას (TMS) ეფუძნება. ეს უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ტვინის მუშაობის სპეციფიკაში უფრო ღრმად ჩავიხედოთ.
"კეფის წილში TMS-ის დახმარებით ქერქოვანი აღგზნების დროებითი დათრგუნვით, ჩვენ შევძელით, რომ ფარული სივრცული ყურადღების უნებლიე, იგივე ეგზოგენური ეფექტები დაგვეხშო. ამან საშუალება მოგვცა, კეფის წილის ქერქსა და მხედველობას შორის არსებული ფარული კავშირი გამოგვევლინა", — აღნიშნავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კათედრის პროფესორი და სტატიის მთავარი ავტორი, მარისა კარასკო.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ აურაცხელ სენსორულ ინფორმაციას ვიღებთ, განსაკუთრებით — ვიზუალურს. ამ დროს ჩვენ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე შეგვიძლია აღვიქვათ, თუ რას ვხედავთ. ამ სიმარტივის მიღმა კი კომპლექსური ნევროლოგიური მექანიზმი, ერთგვარი "კოგნიტური ტრიაჟი" იმალება. ეს უკანასკნელი მიღებული ინფორმაციის დახარისხებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში გვეხმარება. მეცნიერთათვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება და მისი თანმდევი ნევროლოგიური პროცესები დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. ეს უკანასკნელი კი ამოწურვადი მარაგია და მისი სწორი განკარგვაა აუცილებელი.
ერთ-ერთი გზა, რისი საშუალებითაც ჩვენ აღნიშნულ მიზანს ვაღწევთ, ფარული სივრცითი ყურადღებაა. ეს უკანასკნელი გვეხმარება, შევარჩიოთ გარკვეული ლოკაციები და ვიზუალური სცენები, რომელთა დამუშავებაც და მისი შესატყვისი ქცევის განხორციელებაც ისე შეგვიძლია, რომ ამისათვის თვალების მოძრაობაც კი არ გვჭირდება (სწორედ ამიტომაც უწოდებენ აღნიშნულ მექანიზმს "ფარულს").
ფარული სივრცითი ყურადღება, იქნება იგი ნებითი (ენდოგენური) თუ უნებლიე (ეგზოგენური), კომპრომისული პროცესია — ამ დროს ინფორმაციის დამუშავება არა ფიქსირებულ ლოკაციაზე, არამედ სადღაც სხვაგან ხდება.
ადრეული ნეიროვიზუალური და ელექტროფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებდა, რომ კეფის ქერქში განლაგებული ვიზუალური უბნები ყურადღების კორტიკალური ქსელის ნაწილი იყო. თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ რომელი უბანი გახლდათ ვიზუალური მასალის პრიორიტეტიზაციაზე პასუხისმგებელი.
მხედველობის მკვეთრად გამოკვეთილი როლის გამო, ამერიკელი მკვლევრები კეფის წილის როლზე კონცენტრირდნენ, რათა ფარული სივრცითი ყურადღების უნებლიე მექანიზმი უკეთ გამოეკვლიათ. ამისათვის მათ ექსპერიმენტების სერია მოიფიქრეს.
მეცნიერები კვლევაში ჩართული ადამიანებს სთხოვდნენ, რომ კომპიუტერის ეკრანზე განთავსებული სურათისთვის შეეხედათ და ეთქვათ, გამოსახულება ეკრანის ცენტრიდან მარცხნივ თუ მარჯვნივ იყო გადახრილი. მკვლევარები მონაწილეთა ფარულ ყურადღებაზე მანიპულირებას ეკრანზე მკრთალი ხაზის (ერთგვარი მინიშნების) გამოყენებით ცდილობდნენ. ცდისპირთა ნაწილისთვის მკრთალი ხაზი გამღიზიანებლის ლოკალიზაციაზე მიანიშნებდა. მეორე ჯგუფში პერიფერიული მინიშნება სხვა გამღიზიანებლის ლოკალიცაზაციაზე მიუთითებდა. ხოლო ექსპერიმენტში მონაწილეთა მესამე ჯგუფის ეკრანზე ორივე მინიშნება ჩნდებოდა.
ძირითადი სურათის ჩვენებამდე მკრთალი ხაზის გამოჩენა კვლევაში ჩართული ადამიანების ყურადღებაზე უშუალო გავლენას ახდენდა, რის შემდეგაც, ყურადღების კონცენტრირება მის ლოკალიზაციაზე ავტომატურად გადაერთვებოდა. აღნიშნული მინიშნება ცენტრიდან ზოგჯერ მარცხნივ, ზოგჯერ კი მარჯვნივ გამოისახებოდა, მაშინ, როცა დამკვირვებელთა ყურადღება ცენტრალურ წერტილზე იყო კონცენტრირებული. ამ გამაღიზიანებლების ქერქოვანი რეპრეზენტაცია TMS-ის გამოყენებით ითრგუნებოდა.
"ეს გასაოცარი მიგნებაა, რადგანაც აქამდე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებდა, რომ თავის ტვინის სხვა უბნები, შუბლისა და თხემის წილის ქერქები, ვიზუალური მასალის სელექტიურ დამუშავებაში გვეხმარებოდა. აღნიშული კვლევით კი დგინდება, რომ კეფის წილის ქერქი მთელ ამ პროცესში კრიტიკულად ფუნქციონალურ როლს თამაშობს" , — აღნიშნავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის თანაავტორი, ანტონიო ფერნანდესი.
კომენტარები