კიბორგი კალიები, რომლებმაც, შესაძლოა, ბომბების ამოცნობა შეძლონ
წლევანდელი წელი კარგი ამბებით ნამდვილად არ გამოირჩევა. რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიასა და დედამიწის ყინულის ასწრაფებულად დნობაზე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს საკვების დიდი მარაგები შემოსეულმა კალიების ურდოებმა გაუნადგურეს.
თუმცა ამ კალიებს, ვირუსებისა და კლიმატის ცვლილებებისგან განსხვავებით, ჩვენთვის სარგებლის მოტანის პოტენციალიც შეიძლება ჰქონდეთ. საქმე ისაა, რომ მათ ყნოსვის განსაკუთრებული უნარი აქვთ; იმდენად განსაკუთრებული, რომ ზოგიერთ მკვლევარს ამ უნარის პრაქტიკაში გამოყენება სურს. კერძოდ, ისინი ფიქრობენ, რომ კალიებს — არც მეტი, არც ნაკლები — ადამიანების ერთობ საშიში, აუფეთქებელი ბომბებისგან ხსნა შეუძლიათ.
ჩვენ იმის უნარი არ გვაქვს, რომ მოლეკულების ის პაწაწინა პროპორციები ყნოსვით ამოვიცნოთ, რომლებსაც ასაფეთქებლებამდე მივყავართ, თუმცა სხვა ცხოველებს ეს შეუძლიათ. მაგალითად, არსებობენ გიგანტური "გმირი ვირთხები", რომლებიც საომარ ტერიტორიებზე უსაფრთხო ადგილებს ნიშნავენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ბარანი რამანი ფიქრობს, რომ ამერიკულ გადამფრენ კალიებს იმის პოტენციალი აქვთ, რომ ასაფეთქებელი საშუალებების ბევრად კარგი ამომცნობები გახდნენ.
კვლევაში იგი კალიის ტვინში არსებული მოსასმენი მოწყობილობის სიგნალებს აღწერს, რათა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენისას სპეციფიკური ნეირონების აქტივობა დააფიქსიროს.
თუკი გადამფრენი კალიები ოდესმე ბომბების აღმომჩენები გახდებიან, ისინი ისეთები არ იქნებიან, როგორებიც დღეს არიან. სანაცვლოდ, ხელოვნურად გაძლიერებული კიბორგები უნდა წარმოვიდგინოთ, რომლებსაც ელექტროდები ექნებათ ჩაშენებული.
რამანმა და მისმა კოლეგებმა კალიების უნარების შემოწმება უკვე დაიწყეს და ექსპერიმენტიც ჩაატარეს. როგორც აღმოჩნდა მათი ტვინი ხვდება, თუ რამდენად ძლიერია ესა თუ ის სუნი, რაც სუნის წყაროს მისაგნებად მნიშვნელოვანი ეტაპია.
"შენ ხვდები, როდის ხარ ყავის მაღაზიასთან ახლოს, რადგან ყავის სუნი მაღაზიასთან მიახლოებისას ძლიერდება, ხოლო როცა შენობას შორდები, მისი სუნის ხარისხიც მცირდება. სწორედ ამას ვაკვირდებოდით კალიებში", — განაცხადა რამანმა.
კომენტარები