ეს "გრავიტაციული კოსტუმი" ასტრონავტებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება
კალიფორნიისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა ისეთი კოსმოსური კოსტუმი შექმნეს, რომელსაც მიკროგრავიტაციის შენელება ან არიდება შეეძლება. ამ ფენომენისგან ასტრონავტები ხანგრძლივი ფრენების დროს იტანჯებიან.
დიდი ხნის განმავლობაში უწონადობაში ყოფნამ, შესაძლოა, ასტრონავტების სხეულები მნიშნელოვნად დააზიანოს. დედამიწის გრავიტაციის მიღმა ძვლები მასას საკმაოდ სწრაფად კარგავენ — დაახლოებით, თვეში 1,5%-ს. ამ დროს ასევე მიმდინარეობს კუნთების ატროფიაც. სითხეები ერთ ადგილას გროვდებიან, სისხლის რაოდენობა კი მცირდება. ეს ცვლილებები მხედველობას აუარესებს და გულის კუნთებს ასუსტებს, რაც ჟანგბადის ტვინამდე მიწოდებაში პოტენციური ხელის შემშლელი ფაქტორია.
ასტრონავტები მიკროგრავიტაციის პრობლემებს რეგულარული ვარჯიშის დახმარებით უმკლავდებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. გუნდის მიერ შექმნილი კოსტუმი კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. ის სხეულის ქვედა ნაწილზე უარყოფითი წნევით ზემოქმედებს — კოსტუმს სისხლი სხეულის ქვემოთა ნაწილში გადააქვს და ამით კუნთებსა და ძვლებს სისქის შენარჩუნებაში ეხმარება.
"გრავიტაციული კოსტუმი პატარა და მოსახერხებელია. ეს შარვლის მსგავსი კოსტუმი ასტრონავტებისთვისაა შექმნილი, რათა მათთვის ფრენა უფრო კომფორტული იყოს. აღსანიშნავია, რომ მას წნევის საკუთარი მაკონტროლებელი სისტემა და უსაფრთხოებისთვის საჭირო თვისებები აქვს", — აცხადებენ კოსტუმის შემქმნელები, — "როდესაც კოსმოსური ფრენების კომერციალიზაცია მოხდება, ეს კოსტუმი მოგზაურებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება და, შესაძლოა, რომ მარსზე სამოგზაუროდაც გამოდგეს".
კოსტუმმა ჩატარებული შემოწმებები წარმატებით გაიარა, მის შემქნელებს კი იმედი აქვთ, რომ გრავიტაციული კოსტუმები მალე კოსმოსური ფრენებისთვის აუცილებელი ატრიბუტი გახდება. კვლევა NASA-ს მიერაა დაფინანსებული, შესაბამისად, შესაძლოებელია, რომ ეს კოსტუმები სულ მალე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიხილოთ.
კომენტარები