პრეისტორიული სამარხებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკური უთანასწორობა ქვის ხანაშიც არსებობდა
ევროპის ტერიტორიაზე ადრეულ პრეისტორიულ ხანაშიც კი ადამიანები მდიდრებად და ღარიბებად იყოფოდნენ და ეს უთანასწორობა მათზე სიკვდილის მერეც აისახებოდა.
პოლონეთში ჩატარებულმა ახალმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ნეოლითის ხანის მდიდარ ადამიანებს ყველაზე იშვიათი არტეფაქტების გარემოცვაში ასაფლავებდნენ.
ამ გათხრებს თავდაპირველად სულ სხვა მიზანი ჰქონდა: არქეოლოგებს სურდათ, ოსლონკის დასახლების ტერიტორიაზე აღმოჩენილ 6, 600 წლის წინანდელი სამარხების დახმარებით გაერკვიათ, რა მცენარეულობებს ზრდიდნენ და ჭამდნენ ნეოლითის ხანაში მცხოვრები ფერმერები. კვლევის შედეგად კი გამოაშკარავდა, რომ ყველაზე მრავალფეროვანი დიეტის მქონე ადამიანების საფლავებში ყველაზე ძვირფასი არტეფაქტები იყო ჩატანებული.
როგორც ჩანს, იმ ხანაში საფლავში ჩაყოლებული ნივთები გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან ზრუნვის უბრალო გამოხატულებაზე მეტი იყო და პირდაპირ ასახავდა იმ მატერიალურ სტატუსს, რომელიც ადამიანს სიცოცხლეში ჰქონდა.
"ჩვენ იმის ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას მივაკვლიეთ, რომ პრეისტორიულ ევროპაში სოციალური სტატუსი პირდაპირ იყო მიბმული კვების ხანგრძლივ დიეტასთან", — აღნიშნა არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა, ჩელსი ბადმა, — "როგორც ირკვევა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა იმაზე გაცილებით ადრეულ პრეისტორიულ სოციუმებში არსებობდა, ვიდრე აქამდე გვეგონა".
180 მეტრის ფართობზე განთავსებულ 30 საფლავში აღმოჩენილი ძვლების ანალიზით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ჩონჩხები, რომლებიც მეტ ნახშირბად-13 იზოტოპს შეიცავდა, მეტად მდიდრული, სპილენძის ნივთების გარემოცვაში იყო დამარხული.
ეს იზოტოპები სხვადასხვა საკვებში განსხვავებული ხარისხით არიან დაგროვებულნი, შემდეგ კი ისინი ადამიანის ქსოვილის ნაწილნი ხდებიან. სწორედ ამის გამო მათი დახმარებით იმ დიეტის დადგენაა შესაძლებელი, რომელსაც ინდივიდი ცხოვრების განმავლობაში იცავდა.
კონკრეტულად ნახშირბად-13-ს ნეოლითიური ხანის საკვებზე ლიმიტირებული ინფორმაციის მოცემა შეუძლია. მაგალითად, შესაძლებელია, რომ მისი ადამიანის ძვლებში არსებობა რძის პროდუქტების მიღების შედეგი იყოს ან ეს იმაზე მიანიშნებდეს, რომ ინდივიდს იმ მცენარეებზე და ცხოველებზე ჰქონდა წვდომა, რომლებიც იზოტოპიურად სხვა საკვებისგან განსხვავდებოდნენ.
ამასთან, მსგავსი შემცველობა იმავე ტერიტორიაზე ნაპოვნ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძვლებშიც აღმოაჩინეს. ეს იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ზოგ ადამიანს და ცხოველს გამორჩეულად მზიან და ბარაქიან მდელოებზე წვდომა სხვებზე მეტად ჰქონდათ.
უფრო მეტიც, იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ ეს მიწები ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ, რაც თაობათაშორისი სიმდიდრის არსებობის უადრეს, ჩანასახობრივ ფორმაზე გვიქმნის წარმოდგენას.
ისიც აღსანიშნავია, რომ მდიდრული არტეფაქტები სამარხებში ამ ტერიტორიიდან ასობით კილომეტრის დაშორებული ადგილებიდან მოიტანეს. ეს კი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული საფლავები გამორჩეულად მდიდარ ადამიანებს ეკუთვნოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდედროვე ოსლონკის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებმა ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 4500 წელს დაუდგენელი მიზეზებით მიატოვეს, ჩრდილოეთ ევროპაში სპილენძის ორნამენტები ათასი წლის განმავლობაში აღარ გვხვდება. ეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნეოლითური ხანის დასახლება სავაჭრო ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა და საფლავში ჩატანებული ნივთებიც სწორედ ამ გზით აღმოჩდნენ რეგიონში.
"ამ სისტემამ შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლოვაბაში იარსება, რაც გვეუბნება, რომ იერარქიული სტრუქტურების შექმნის მცდელობანი ყოველთვის წარმატებულნი არ ყოფილან", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ადრეული ბრინჯაოს ხანაში თემების შიგნით ეკონომიკური უთანასწორობის არსებობის საბუთები აქამდეც შეუსწავლიათ, მაგრამ ეს ახალი კვლევა გვეუბნება, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ ეკონომიკურ ნაპრალს, რაც თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ფენომენია, გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.
კომენტარები